Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში და კამათი მიუნხენის აქცენტებზე


3 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე მსჯელობდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორშაბათს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს ”მინიშნებების” მოლოდინით შეუდგა, თუმცა ჯერ არ განელებულა კამათი, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დასმულმა აქცენტებმა გამოიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტის პირველი შეხვედრა შედგა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულესთან. საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ”მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს” და ასევე ”აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად გატარებულ რეფორმებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ჭეშმარიტი მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის საკითხში.” ამავე წყაროს ცნობით, ”ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს აღებული ვალდებულებები, დააჩქაროს რეფორმები და უზრუნველყოს ევროპულ ნორმებსა და სტრატეგიებთან ჰარმონიზაცია”.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებთან მიმართებით, რასაც ურთიერთობათა გაღრმავების იმედით უყურებს როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი. გავიხსენოთ, რომ, ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება ვილნიუსის სამიტზე პარაფირებულ შეთანხმებას შემოდგომამდე მოაწეროს ხელი.

შეთანხმების ხელმოწერა ზაფხულის ბოლოსკენ რომ არის მოსალოდნელი, ეს აღნიშნულია შტეფან ფიულესა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც. აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს სამუშაო, რომელიც უნდა შესრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე დარჩენილ დროში და რომ ევროკავშირი ყოველმხრივ დაეხმარება საქართველოს როგორც ხელმოწერის მომზადების პროცესში, ასევე იმპლემენტაციის ეტაპზე.

შტეფან ფიულემ ასევე ურჩია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, კვლავაც განაგრძოს და ყურადღება მიაქციოს პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების დაცვას საქართველოში. ”ეს არის ჯანსაღი დემოკრატიის ინდიკატორი და იმ ფასეულობების ანარეკლი, რომელსაც ემყარება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები”, - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამ კონტექსტში ევროკომისარმა შტეფან ფიულემ ასევე აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობა.

მე ველოდები რეალურ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებს, რეალურ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად დაჩქარებულად წავა ეს პროცესი, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია საქართველოსი...
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 3-5 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილია სხვა არაერთი შეხვედრა, მათ შორის: ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, ევროკომისართან საშინაო პოლიტიკის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან. ვიზიტის ბოლო დღეს, 5 თებერვალს, ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონთან.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რამდენად დაკმაყოფილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლოდინი. საქმე ის არის, რომ, ვიდრე ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს დაიწყებდა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი კომენტარით ერთგვარი ინტრიგა გააჩინა:

”მე ველოდები რეალურ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებს, რეალურ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად დაჩქარებულად წავა ეს პროცესი, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია საქართველოსი”.

მან არ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მან არ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია იმაზე, რამდენად პრობლემატურია ის ვითარება, რაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ზოგადად რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით...
გიგა ბოკერია
ვიდრე პრემიერ-მინისტრი ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდოდა, უკვე დაწყებული იყო და ჯერ ისევ აქტიურად გრძელდება კამათი, რომელიც მოჰყვა მის გამოსვლას მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. კერძოდ, ლაპარაკია სესიაზე - "გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური უსაფრთხოება".

ექპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისარი ფიულე უძღვებოდა და რომლის აუდიტორიასაც ევროკავშირისა თუ ნატოს ლიდერები წარმოადგენდნენ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელიდან გაუშვა შანსი მიეზიდა საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ყურადღება საქართველოსკენ, რომლის პრობლემებიც, მოსკოვის ზეწოლის ჭრილში, არაფრით არ ჩამოუვარდება დღეს უკრაინის წინაშე მდგარ პრობლემებს. იყო პრეტენზია ასევე, რომ ღარიბაშვილი მოერიდა რუსეთის გაღიზიანებას და რუსეთისგან მომავალი ხიფათის ფაქტორიც სწორედ ამიტომ მიაფუჩეჩა. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას განსაკუთრებით ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. მაგალითად, მისი გამოსვლის შინაარსს საქართველოს ეროვნული ინტერესების ჭრილში ”სრულ კატასტროფად” აღიქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია:

”მან არ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მან არ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია იმაზე, რამდენად პრობლემატურია ის ვითარება, რაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ზოგადად რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ კმაყოფილება გამოთქვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად”.

ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მყარად დააფიქსირა ახალი მთავრობის პოზიცია - ჩვენ უარს ვამბობთ აგრესიულ რიტორიკაზე, პოლიტიკურ დემარშებზე...
კახა კალაძე
საქართველოს საზიანოდ რუსეთის ინტერესების შესაბამისი აქცენტების არსებობას ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში კატეგორიულად უარყოფენ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში.” მაგალითად, როგორც ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოს ახალი მთავრობისა და საზოგადოების ”ურყევი სურვილი - ავაშენოთ მშვიდობიან და კონსტრუქციულ პოლიტიკაზე ორიენტირებული ქართული სახელმწიფო, რომლის ძირითადი პრიორიტეტი შიდა ეკონომიკური განვითარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში თანმიმდევრული ინტეგრაცია და მეზობლებთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებაა”.

”ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მყარად დააფიქსირა ახალი მთავრობის პოზიცია - ჩვენ უარს ვამბობთ აგრესიულ რიტორიკაზე, პოლიტიკურ დემარშებზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ მეზობელთან ასეთი მიდგომა დააზიანებს არა მხოლოდ ჩვენს ინტერესებს, არამედ, მთლიანობაში, სიტუაციას რეგიონში და იწვევს ასევე შეშფოთებას საერთაშორისო არენაზე. ჩვენი განწყობაა დიალოგი და ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის მხრიდანაც განწყობა იქნება ადეკვატური”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე დადებითად შეაფასა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. მეტიც,’რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებული გამოსვლა მიულოცა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG