Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხის 2013 წლის ბიუჯეტი მზადების პროცესშია


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
კახეთში, თვითმმართველობის ორგანოებში, აქტიურად მიმდინარეობს 2013 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესი, თუმცა მთავარი საფინანსო დოკუმენტი ჯერ არც ერთ რაიონში დამტკიცებული არ არის. ვარაუდობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, ყველა რაიონში გაიზრდება, რადგან საჯარო მოსამსახურეებს ხელფასები მოემატათ და ცენტრალური ბიუჯეტიდან მეტ ფინანსებს ელიან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეცა. ბიუჯეტი 5 640 800 ლარით განისაზღვრა.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი მანგოშვილმა განაცხადა, რომ დამტკიცებამდე პროექტი შესაძლებელია კიდევ ჩასწორდეს:

„საკრებულოს ყველა ვადების დაცვით წარედგინა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. საკრებულომ გამოთქვა თავისი შენიშვნები. ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინებით, წარდგენილი იქნება საკრებულოში კორექტირებული ბიუჯეტი“.

გამგეობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს აპარატმა უკვე მიიღო. რა იქნება 2013 წლის ბიუჯეტის მთავარი პრორიტეტი და როგორ გადანაწილდება თანხები ბიუჯეტის მხარჯველ ორგანიზაციებზე? ამ საკითხებზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გურამ ტურაშვილი გვესაუბრა:

„საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რა თანხები იქნება ან რას გამოგვიყოფს ცენტრალური ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ბიუჯეტი, რომლითაც დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობა, აიპ-ები. ეს იქნება სახანძრო-სამაშველო სამსახური და ა.შ. - ის სამსახურები, რომლებიც ფუნქციონირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში“.
უნდა იცოდეს ხალხმა, რა კეთდება. ჯერ ერთი, ის, რომ წყალი არ არის მთელი ზამთრის და ზაფხულის სეზონზე. ხან წყალი არ არის, ხან გაზი და ხან შუქი ...

რამდენად სწორად იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული პრობლემები და რამდენად კანონმდებლობის დაცვით მომზადდა პროექტი, ამის გარკვევას ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“. ორგანიზაციის ეკონომისტის მამუკა ისკანდარაშვილის განცხადებით, ბევრ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელოვნურად არის გაზრდილი თანამშრომელთა რაოდენობა და, შესაბამისად, ისინი მეტ დაფინანსებას იღებენ:

„ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვერთვებით და დაახლოებით კვირა-ნახევარში უკვე ძირითადი დასკვნები გვექნება საბიუჯეტო დოკუმენტაციებთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, არაერთხელ გაგვიხმოვანებია და გაგვიჟღერებია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში გაბერილია შტატები და ამასთან ერთად ხარჯებიც. ის შედეგები, რომლებიც ამ ფინანსების ხარჯვის შემდეგ დგება, არის საკმაოდ არაადეკვატური და ამას თვითონ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც ადასტურებს“.

არის თუ არა ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოება და ითვალისწინებს თუ არა თვითმმართველი ორგანო მოსახლეობის მოთხოვნებს? ჩვენ მიერ ლაგოდეხში გამოკითხულთა მოსაზრებები თითქმის იდენტურია:

„უნდა იცოდეს ხალხმა, რა კეთდება. ჯერ ერთი, ის, რომ წყალი არ არის მთელი ზამთრის და ზაფხულის სეზონზე. ხან წყალი არ არის, ხან გაზი და ხან შუქი. აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს. მე ვფიქრობ, მარტო საკუთარ თავებს უყურებენ და იმას ფიქრობენ, რომ მხოლოდ რბილ სკამებზე თბილად ისხდნენ“.

„აუცილებლად უნდა განიხილებოდეს ხალხის თვალწინ. აბა, სააკაშვილის თვალწინ ხომ არ უნა იხილებოდეს ბიუჯეტი? ხალხმა უნდა იცოდეს რამდენი თანხაა და რაზე უნდა დაიხარჯოს“.

„აუცილებლად უნდა იყოს საჯარო და ძალიან მაინტერესებს, თუ რაში იხარჯება ჩემზე გამოყოფილი თანხები“.

კანონმდებლობის მიხედვით, ბიუჯეტის საჯარო განხილვა, სადაც მოსახლეობას საკუთარი პრობლემების დასმის შესაძლებლობა მიეცემა, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ბიუჯეტს ლაგოდეხში, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG