Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 17 სექტემბერი


დღეს ერთბაშად ორ ქართულ გამოცემაში წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს პროფესორ ლინკოლნ მიტჩელთან, რომელიც 2002-2004 წლებში „ენ დი აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი იყო. ერთი გამოცემა ჟურნალი ”ლიბერალია”, მეორე კი ”კვირის პალიტრა”. ”ლიბერალს” მიტჩელმა ამერიკის განწყობაზე საქართველოსთან მიმართებაში ასეთი რამ უთხრა: ”ჩემი ღრმა რწმენით, ამერიკას არ აწყობს ასიათასობით დემონსტრანტი საქართველოს ქუჩებში, ხელს არ აძლევს ფართო მასშტაბით გაყალბებული არჩევნები, დანარჩენი ყველაფერი კი მისაღები იქნებაო”. ”კვირის პალიტრას” კი ლინკოლნ მიტჩელი „ენ დი აის“ გამოკითხვებზე ელაპარაკა და უთხრა: ”ეს კვლევები დამაბნეველია - ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია, მაგრამ კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა 40%-ზე მეტმა არ იცის, არჩევნებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სად არის აქ პოლარიზაცია? შეუძლებელია, ამომრჩეველთა ამ რაოდენობას გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდეს და პოლიტიკური გარემო პოლარიზებული იყოსო”.

კიდევ ერთი უცხოელი ესაუბრა ქართულ გამოცემას „ენ დი აის“ კვლევებზე - „ლიბერალი“ აქვეყნებს ამერიკული კვლევითი ფირმის აღმასრულებელი დირექტორის, ჯორჯ უელტონის მოსაზრებას. ის ამ კვლევის გაანალიზებას და დასკვნების გაკეთებას ცდილობს. მისი საბოლოო დასკვნა კი არა თავად კვლევას, არამედ პოლიტიკური პარტიების სტრატეგიას ეხება. ის წერს: ”ოპოზიცია გამოკითხვებს მეტ ყურადღებას რომ აქცევდეს, უფრო წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება მიეცემოდა და შესაძლოა მოყოყმანე ამომრჩევლის მიმხრობაც კი მოეხერხებინა. გამოკითხვების იგნორირება მხოლოდ იმის გამო, რომ მათი შედეგები არ მოგწონს, საქმეს ალბათ ვერ უშველისო”, - ასკვნის ის.

”რეზონანსი” მოწინავე სტატიად აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ”გადასატანი ყუთი და 100 ათასზე მეტი გარანტირებული ხმა”. გაზეთი წერს, ჩვენი ცნობით, ყველა საუბნო კომისიას არაოფიციალური დავალება აქვს მიღებული, რომ უნდა შეაგროვონ თითო უბანზე 30-35 ამომრჩეველი, რომელთაც გადასატან ყუთს შინ მიუტანენ და ხმის მიცემისას დაეხმარებიან, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზონო. ”რეზონანსი“ განაგრძობს: ”თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობა შეუძლია უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის მაქსიმუმ 3%-ს, მარტივი გათვლებით გამოდის, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება, დაახლოებით, 100 ათასი ხმის მოპოვებას ცდილობსო”.

”ტაბულა” კი დღეს რამდენიმე სტატიას აქვეყნებს, სადაც არჩევნებში მონაწილე რამდენიმე სუბიექტის ეკონომიკური პროგრამაა გაკრიტიკებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისა“. ძირითად პრობლემას ჟურნალი, აი, რაში ხედავს: ”პროგრამა მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და არ ითვალისწინებს უფრო გრძელვადიან შედეგებს. სწორი ეკონომიკური გათვლა მდგომარეობს იმაში, რომ გაუმჯობესდეს პირობები არა ერთი რომელიმე ჯგუფისთვის, ვთქვათ, უმუშევრებისთვის, არამედ ყველასათვის, და არა მხოლოდ მოკლე ვადით, არამედ ხანგრძლივადო“. - ეს ციტატა მმართველ პარტიას ეხება, თუმცა ”ტაბულა” იმავე პრეტენზიას სხვა პარტიებსაც უყენებს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG