Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 10 აგვისტო


მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”მმართველ პარტიაზე მორგებული საარჩევნო კოდექსი”. ”თვითონ სისტემა, ბარიერი და საარჩევნო კოდექსი აწყობილია მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის მიზნებზე. ანუ ის, რაც შევარდნაძის დროს ხდებოდა: ძალით ჩაყრები, უბნებზე შევარდნა და ა.შ., ეს ყველაფერი დღეს დახვეწილად მიმდინარეობს”, - უთხრა გაზეთს „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა და განაგრძო: ”შედეგების დათვლის ფორმულა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავები, ხმების დათვლის პროცედურები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თავიდან ბოლომდე კანონით რეგულირდება ისე, რომ, ფაქტობრივად, მმართველ პარტიას შანსი აქვს მიიღოს უმრავლესობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მმართველმა პარტიამ არაფრით არ დათმო მაჟორიტარული ოლქები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამარჯვების შანსი აქვთ 30%-იანი ბარიერის პირობებში, მთელი სისტემა, თავისი საარჩევნო კოდექსით, მუშაობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ”.

”ახალი თაობა” აქვეყნებს დღეს სტატიას, სათაურით ”თიანეთის გამგებელს პრეტენზიით თუ მიაკითხავ, ხელში იარაღს ატრიალებს". გაზეთი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ეყრდნობა და წერს, „თიანეთის გამგებელს კაბინეტში მაგიდაზე იარაღი უდევს. პრეტენზიით თუ მიაკითხავ, ხელში იარაღს ატრიალებს. ამით ანიშნებს, რომ პრეტენზიებით თავი არ უნდა მოაბეზრონო".

ზესტაფონის თვითმმართველობაზე კი დღეს ”ვერსია“ წერს. გაზეთს ”ახალი მემარჯვენეების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა შავგულიძე ელაპარაკა და თქვა, „ზესტაფონის თვითმმართველობა ყოველთვის ბუტაფორია იყო, მაგრამ ამჯერად ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენო”. კახა შავგულიძე ჰყვება, რომ „წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანოების ყველა სტრუქტურა საარჩევნო შტაბშია გადატანილი, ბიუჯეტის პარამეტრებში შეაქვთ ცვლილებები და თანხებს საარჩევნო პიარისთვის იყენებენ, თვის დასაწყისში კი საკრებულოს წევრების მოუწვევლად დანიშნა სხდომა, სადაც რა ხდებოდა, არავინ იცისო”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG