Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 14 მაისი, 2012


ქართული პრესა დღეს ყველაზე მეტ ადგილს, ბუნებრივია, სტიქიისა და წყლის მოვარდნის შედეგად დაღუპულების თემას უთმობს. ”ალია” წერს, ”ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლი უფრო მეტია და ისინი პატიმრები არიანო.” გაზეთი ”მოარულ ხმებს” ეყრდნობა. ამასვე წერენ ”რეზონანსი” და „ახალი თაობა”. ”რეზონანსი“ ამბობს, თვითმხილველები ეჭვობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთზე მეტიაო, ”ახალი თაობაც” ამასვე წერს, თუმცა როგორც ჭორზე. ყველა გაზეთს მოჰყავს ხათუნა კალმახელიძის უწყების პასუხიც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სტაბილურია და სრულ კონტროლს ექვემდებარებაო.

”ტაბულა” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან, რომელსაც ჟურნალის რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ესაუბრა. პუბლიკაციის სათაურად ბერეზოვსკის ასეთი ფრაზაა გამოტანილი: ”ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს”. თავად ინტერვიუში ბიზნესმენი რუსეთზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს საქართველოზეც და თავის ყოფილ პარტნიორ ბადრი პატარკაციშვილზეც. ბადრის უყვარდა საქართველო და საქართველოსთვის ბევრი რამე გააკეთაო, ამბობს ის, მაგრამ ის სააკაშვილსაც აქებს - ”მე, როგორც რუსეთში არსებული რეჟიმის აბსოლუტური მტერი, იმავე მხარეს ვდგავარ, სადაც სააკაშვილი დგას და მიმაჩნია, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება მხოლოდ ისეა შესაძლებელი, როგორც სააკაშვილი აკეთებს რუსეთთან მიმართებაშიო”. ივანიშვილზე ბერეზოვსკი ასე ლაპარაკობს: ”ივანიშვილს რუსეთში პრობლემები არა აქვს, რაც ყოველთვის იმის ზუსტი კრიტერიუმია, რომ ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობსო”. ბერეზოვსკი ამატებს, ”ივანიშვილი საქართველოს განვითარების დამოუკიდებელ ვექტორს ვერ შეინარჩუნებსო“, და დასძენს, „არ ვამბობ, რომ ის რუსეთის ხელისუფლებასთანაა შკრული, მაგრამ ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავო”.

ივანიშვილს რაც შეეხება, ის რამდენიმე ქართული გაზეთის პირველ გვერდზე ფიგურირებს, ”რეზონანსისაზე” - ორჯერ. გაზეთი წერს მის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგზე” და ამბობს, ”ქართული ოცნება” პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს თვეში 1500-დან 5000 ლარამდე გადაუხდისო. იურისტ არჩილ კბილაშვილს უთქვამს გაზეთისთვის, ”ხელისუფლებას ”ქომაგის” საქმიანობის ხელისშემშლელი არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია და თუ მაინც შეზღუდავს ფონდის საქმიანობას, ეს თვითნებობა იქნებაო”.

”კვირის პალიტრას” მთავარ ამბად დავით გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარება აქვს. ”გვართმევენ გარეჯს” - ასეთია მოწინავე სტატიის სათაური. ეს ფრაზა მამა კირიონს ეკუთვნის, რომელიც არქიმანდრიტ ილარიონთან ერთად ჰყვება, თუ როგორ დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორია და მომლოცველებს გადაადგილებაში ხელი შეუშალეს. ”საზღვრის საკითხი მტკივნეული პრობლემაა და თუ ჯერჯერობით საზოგადოების აქტიურობა არ იგრძნობა, არა იმიტომ, რომ პრობლემა დაავიწყდა მორწმუნე მრევლს და საზოგადოებას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეს საკითხი სრულიად არ აწუხებსო”, - უთხრა არქიმანდრიტმა ილარიონმა ”კვირის პალიტრას”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG