Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 აპრილი, 2012


დღევანდელი ქართული პრესაც ყველაზე მეტს, ალბათ, ”ენ-დი-აის” კვლევის შედეგებსა და ამ შედეგების სანდოობაზე წერს - აი, უკვე მთელი ერთი კვირაა, ეს არის ქართული გაზეთების მთავარი თემა. ”მთელი კვირა” პირველ გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორ მარინე ჩიტაშვილთან, რომელიც ამბობს, ”ენ-დი-აის” სანდოობის ასამაღლებლად მონაცემები სრულად უნდა გამოექვეყნებინაო, თუმცა იმასაც ამატებს, „არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოქვეყნებულ კვლევას აზრი არა აქვს, პოლიტიკური რეიტინგები შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს და ეს აჟიოტაჟი, რომელიც კვლევას მოჰყვა, უფრო იმაში მარწმუნებს, რომ რაღაც სხვა დგას ამის უკანო”.

ამ თემაზე ელაპარაკა ”კვირის პალიტრას” სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ამბობს, ”საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკურ თემაზე არასოდეს ყოფილა ისეთი რთული, როგორიც ამ ბოლო წლებშია. ამის მიზეზია არაგულწრფელი რესპონდენტების რიცხვის ზრდა, რასაც, თავის მხრივ, ოპოზიციური განწყობის გამოხატვის შიში განაპირობებსო.“ იაგო კაჭკაჭიშვილი ასკვნის: ”ფაქტია, რომ „ენ-დი-აის“ კვლევამ ვერ მოახერხა ოპოზიციურად განწყობილი რესპონდენტების განწყობის ადეკვატურად წარმოჩენა. და რას ვიღებთ? - რეალობის შეუსაბამო სურათს. რაც მთავარია, საზოგადოება აქცენტს პოლიტიკური არჩევანის დამმალველ დიდ ჯგუფზე კი არ აკეთებს, არამედ იმ 10%-ზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას მმართველი პარტიისაგან დიდი დისტანციით აშორებს.” ამ ინტერვიუს ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ.

დღეს ასევე ბევრს წერენ არაფორმალურ შეიარაღებულ ჯგუფებზე, რომლის არსებობის შესახებაც ირაკლი ალასანია აცხადებს. თავად ალასანიასთან ინტერვიუს ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ. ის ამბობს: ” ჩემი განცხადება ეფუძნება საქართველოს პატრიოტებისაგან მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც თვეების განმავლობაში მოწმდებოდა. ერთადერთი მიზანი მქონდა, პრევენცია გამეკეთებინა შესაძლო დიდი დაპირისპირებისა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ ჯგუფების პოლიტიკაში ჩართვამო”. ალასანია ამატებს: ”საზოგადოება დააინტერესა ამ ინფორმაციამ როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ახლა სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ან ყველაფრის ლეგალიზება მოუწევს ან ამ ჯგუფების დაშლაო”.

”ქრონიკას” კი ამ ჯგუფებზე ყოფილი სამხედრო, გვარდიის მაიორი მალხაზ თოფურია ელაპარაკა. "ამ ჯგუფებს დავარქმევდი "პარტიულ გვარდიას", რომლის ლეგალიზაციასაც ცდილობენო”, - უთხრა მან ”ქრონიკას” და დასძინა: „მიმაჩნია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ქართველი პატრიოტია და ვეჭვობ, ისინი ხელისუფლების საჭიროებას გამოადგნენ და არა თავად ქვეყანასო”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG