Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 მარტი, 2012


დღევანდელი პრესის მიმოხილვას, ისვე როგორც ხშირად ამ ბოლო დროს, თითქმის მთლიანად მივუძღვნით მსჯელობას საქართველოს მომავალზე, ანუ იმაზე, მოხდება თუ არა ქვეყანაში რევოლუცია, უნდა მოხდეს თუ არა რევოლუცია და რა მოხდება, თუ რევოლუცია მოხდა. მართალია, ვინც პრესის მიმოხილვას რეგულარულად ადევნებთ თვალს, შეიძლება ეს ცოტა ერთფეროვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართული გაზეთების პირველ გვერდებზე დღესაც სწორედ ამ თემებს ნახავთ და, ალბათ, არ იქნება სწორი, ჩვენ რომ მას გვერდი ავუაროთ.
დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერთან - სოზარ სუბართან - ინტერვიუს აქვეყნებს. ”ყველა გზა აქციებამდე მიდის” - ასეთია სტატიის სათაური. ”მე არ ვითხოვ სისხლისღვრას, მაგრამ ”ქართული პარტია” მზადაა ნებისმიერი რადიკალური ქმედებებისათვის. აქ იგულისხმება აქციები, თუ საჭირო გახდა, ბოლო ნაბიჯის გადადგმაც” - სოზარ სუბარის ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ. "...ბუნებრივია, თუ „რვიანის“ ფორმატში რამეს მიაღწევენ, ეს დადებითი მოვლენა იქნება, მაგრამ არ ნიშნავს სამართლიან საარჩევნო გარემოს - კუდი- და სოდი არჩევნებზე აქტიურობას არ შეწყვეტენ, თუ ძალა არ დავანახვეთ. ეს ძალა იქნება მუშტი, აქციები, ხალხის რისხვა, რომელიც დამოკლეს მახვილივით დაეკიდება ხელისუფლების თავზე. „ქართული პარტია“ მზადაა ნებისმიერი რადიკალური ქმედებისთვის. ძალის დემონსტრირება ზოგჯერ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ხდება", - უთხრა სოზარ სუბარმა ”რეზონანსს”.

”ხალხს უნდა რევოლუცია, მაგრამ ტელევიზორში. სურს ამ ყველაფერს ეგვიპტის ამბებივით ეკრანიდან უყუროსო”, - უთხრა „ქართული აკადემიის” წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ ”ვერსიას”. მანვე თქვა: ”რა თქმა უნდა, პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ძველი სახეები, ვინც ერთხელ უკვე იყო ხელისუფლებაში და ასე გვაზარალა, ისევ სათავეში აღარ უნდა მოვიდნენო.” ნუკრი ქანთარია „შეფიცულების“ შესახებ ასეთ რამეს ამბობს: ”ამ ჯგუფს უფრო უწყინარ სახელს დავარქმევდი, ვთქვათ, „წნევის გაზომვის ცენტრს“ ან „პენსიონერების ქომაგს“. მიტინგებს მსგავსი ჯგუფი მართლა სჭირდება, მაგრამ ტელევიზიით ისეთი ხნიერი ხალხი გამოდის, ეგენი აქეთ უნდა დაიცვას ვინმემო”.

”ახალი თაობა” რევოლუციის შესაძლებლობაზე ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს დაელაპარაკა. მან თქვა, "დღეისთვის, სამწუხაროდ, საზოგადოების მზაობიდან გამომდინარე, არც რევოლუციისთვის ჩანს პირობები და არც რევოლუციური არჩევნებისთვისო”, და უფრო ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე გააკეთა აქცენტი, კერძოდ, გიგა ბოკერიას შესაძლო გააქტიურებაზე და იმაზე, რომ შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივანს მხარი შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭიროს. ბოკერია მთელი თავით მაღლა დგას დანარჩენ იმ ე.წ. პოლიტიკოსებზე, რომლებიც დღეს მმართველ გუნდში არიან. დღეს გიგა ბოკერია რეალურად ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს ამ გუნდის პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მას რომ პირველობა უნდოდეს, სულ არ გამიკვირდება, - უთხრა გელა ნიკოლაიშვილმა ”ახალ თაობას”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG