Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ახალ პარლამენტს ირჩევს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში 35 მანდატისთვის 148 კანდიდატი იბრძოდა. 10 მარტს, დღის განმავლობაში, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტიურობა, 49,88%-იანი მაჩვენებლით, ტყვარჩელის რაიონში დაფიქსირდა. ოთხი საარჩევნო უბანი გაიხსნა გალის რაიონშიც, სადაც, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის განცხადებით, ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ დაბალი იყო. საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

10 მარტი. ენგურის ხიდი. გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოსული მოქალაქეების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ პასპორტების უქონლობის გამო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს. როგორც მათ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობა არ შეზღუდულა:
”თითქმის არ გამოცხადებულა მოსახლეობა, კანტიკუნტად მოდიან... ადმინისტრაცია კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა გამოიყვანოს ...

”არჩევნებია, მონაწილეობაც მივიღე. იქ რომ ცხოვრობ, უნდა მისცე ხმა, აბა, რა უნდა ქნა.. კარგად ვერ ვხედავ, სათვალეც არ მაქვს. მივედი, გადავუსვი ხაზი ერთს, მეორეს. სულ ქვედა ვინც ეწერა, ის დავტოვე..”
”თავისუფლად გადმოვედით, ჩვენ ”პროპუსკები” გვაქვს და დავდივართ ასე...”
”არ მიმიღია მონაწილეობა, პასპორტი არ მაქვს იქაური...”

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გალის რაიონში გახსნილ ოთხ საარჩევნო უბანზე (ოტობაიაში, ჭუბურხინჯში, გალსა და საბერიოში) ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ დაბალი იყო:

”თითქმის არ გამოცხადებულა მოსახლეობა, კანტიკუნტად მოდიან... ადმინისტრაცია კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა გამოიყვანოს და აჩვენოს რა აქტიურია ყველა, მაგრამ ამას ვერ აღწევს. გალში რამდენიმე კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის - ქიშმარია, ჭკადუა და კვეკვესკირი. თუმცა მოსახლეობის ინტერესებს არც ერთი კანდიდატი არ იცავს და ეს ხალხმა იცის. მათ ისიც იციან, რომ ეს არჩევნები კი არა, ფარსია.”

გალში რუსლან ქიშმარიას ეთნიკურად ქართველი ორი კანდიდატიც უპირისპირდებოდა - ნატო ბუთბაია და ბეჟან უბირია. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, ”ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში ნატო ბუთბაია აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ენგურზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაადგილების გამარტივებას შეეცდება, უბირია კი, რომელიც გამარჯვებაში ასევე დარწმუნებულია, პასპორტიზაციის პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
ეს არის არალეგიტიმური არჩევნები, რადგან 300 000 ქართველი გამოძევებულია ამ ტერიტორიიდან, ხოლო აფხაზეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ოკუპირებულ ტერიტორიად ...
პაატა დავითაია

”აფსნი პრესის” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დილიდან 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საპარლამენტო არჩევნებში 148 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომლებიც დე ფაქტო პარლამენტის 35 მანდატისთვის იბრძოლებენ. მმართველმა პარტიამ ”ერთიანმა აფხაზეთმა” და ოპოზიციურმა ”აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმმა”, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, 11-11 კანდიდატი წარადგინეს, ეკონომიკური განვითარების პარტიამ კი, ბესლან ბუთბას ხელმძღვანელობით, - ექვსი. ასევე ექვსი კანდიდატი ჰყავს კომუნისტურ პარტიას. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, კანდიდატებს შორის ორი ეთნიკური ქართველია, 125 - ეთნიკური აფხაზი, ცხრა - სომეხი, რვა - რუსი, ორი - ბერძენი, ერთი - ოსი და ერთიც - ყაბარდოელი. ამომრჩეველთა რაოდენობა 149 622-ია, საუბნო საარჩევნო კომისიებში კი 1500 ადამიანი იმუშავებს. აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტს 5 წლის ვადით აირჩევენ.

აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს თბილისიც გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ, 10 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტი არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა:

”ეს არის არალეგიტიმური არჩევნები, რადგან 300 000 ქართველი გამოძევებულია ამ ტერიტორიიდან, ხოლო აფხაზეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ოკუპირებულ ტერიტორიად. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაგმონ ეს არჩევნები და ასევე მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას, მოეგოს გონს და აღიაროს, რომ ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენას ისინი მხოლოდ საქართველოსთან თანაცხოვრების შემთხვევაში შეძლებენ.”

”იმას, რაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, არ შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ”, - განაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამაც.

პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი კი გვეუბნება, რომ რაიმე ექსცესებს და მით უმეტეს, მოულოდნელ შედეგებს ამ არჩევნებიდან არ უნდა ველოდოთ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ აღნიშნა, რომ არჩევნების მიმდინარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგი არ დარღვეულა. მისივე სიტყვებით, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე რაიონებში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG