Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 მარტი, 2012


დღევანდელი პრესის დიდი ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილის საანგარიშო მოხსენებას ეძღვნება. მართალია, პარლამენტში მისი გამოსვლიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ გუშინ ამის გაშუქება გაზეთებმა ადეკვატურად ვერ შეძლეს, დღეისთვის კი პარლამენტში მომხდარს ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კომენტარებიც დაუმატეს. ყველაზე მეტი დაიწერა პრეზიდენტის მიერ დარბაზის მცირე ხნით დატოვებაზე და მის მიერ ჯონდი ბაღათურიას მისამართით ნათქვამზე. ჩვენ ”რეზონანსით” დავიწყოთ, რომელიც წერს, ”პრეზიდენტი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყოო". გაზეთი გაესაუბრა ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრია. რამდენიმე წლის წინ ის მიხეილ სააკაშვილთანაც მუშაობდა სწორედ ფსიქოლოგიური მომზადების კუთხით და, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს პირადად იცნობს, კომენტარი ვთხოვეთო, წერს გაზეთი. „პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში ძალიან საპასუხისმგებლოა, რასაც ძალიან სერიოზული პოლიტიკური გარემო ემატება, რაც პრეზიდენტისთვის დამატებით დაძაბულობასა და სტრესოგენულ ფაქტორებს წარმოადგენს. ეს ნათლად გამოჩნდა მის სიტყვებსა და საქციელშიო”, - ამბობს ზურაბ ბიგვავა და დასძენს: ”ამ დაძაბულობამ მოახდინა მისი მხრიდან ბევრი წამოცდენისა და შეცდომის დაშვება. გულუბრყვილობა იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ ის სპეციალურად არ მომზადებულა ამ გამოსვლისთვის, მაგრამ, ამ მომზადების მიუხედავად, კონკრეტულ მომენტებში მაინც ვერ გაუძლოო".

”კარგად ვიყავი მომზადებულიო“, - უთხრა ”ალიას” პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ. ”ჩვენი პარტიის ექსპერტებმა მოამზადეს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია და სააკაშვილს ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალა და ეცლია, ჩემი გამოსვლა შინაარსობრივად უკეთესი იქნებოდაო”. ჯონდი ბაღათურიამ „ალიას“ ასევე უთხრა: „სააკაშვილის მიერ დარბაზის დატოვება იყო მისი გაუწონასწორებლობის მაჩვენებელი. მე იქვე შევამჩნიე, რომ სააკაშვილს დაცვა დაედევნა. როგორც შემდეგ მითხრეს, სააკაშვილს კატეგორიულად არ უნდოდა დარბაზში დაბრუნება, იყო ძალიან გაღიზიანებული, თუმცა დაარწმუნეს, დააშოშმინეს და მის გადარწმუნებაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ დარბაზში ჯერ კიდევ იჯდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ამას ყველაფერს ხედავდაო”.

ამ ინციდენტზე კომენტარს ”24 საათთან” საუბრისას ექსპერტი გია ნოდია აკეთებს. პრეზიდენტისთვის მომგებიანი არ არის, თუ იარსებებს აღქმა, რომ ის რაღაცის გაგონებას ვერ იტანს და დარბაზიდან გადისო. ნოდია ასკვნის: ამ ტიპის დებატები დემოკრატიისათვის საკმარისი არ არის, მაგრამ მის გარკვეულ ფონს ქმნის და ის, რომ დებატები ასე მწვავე გამოვიდა, დემოკრატიის თვალსაზრისით უფრო პოზიტივიაო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG