Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მტკიცებით, გამოვლინდა პუტინზე თავდასხმის გეგმა


რუსეთისა და უკრაინის უშიშროების სამსახურები აცხადებენ, რომ გამოავლინეს შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმას. მისი ორგანიზატორები, ცნობის ავტორების თანახმად, პუტინის მოკვლას არჩევნებამდე - ოთხ მარტამდე - გეგმავდნენ.

მთავარი საინფორმაციო წყარო რუსეთის პრემიერზე თავდასხმის მზადებისა და მისი გამოვლენის თაობაზე რუსეთის მედიაა. პირველმა არხმა ორი სხვადასხვა ვიდეოჩანაწერი აჩვენა. ორივეზე ნახავთ პირებს, რომლებიც აღიარებენ, რომ ჩეჩენმა საველე მეთაურმა, დოკუ უმაროვმა, დაავალა მათ პუტინის მოკვლა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყებოდა, რუსეთის უშიშროების ინკოგნიტო თანამშრომელზე, ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ შეთქმულება გამოვლინდა მას მერე, რაც უკრაინის დაზვერვის სამსახურმა უკრაინის სანავსადგურო ქალაქ ოდესაში დააკავა ორი პირი, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იანვარში ქალაქში შეთხვევით მომხდარ აფეთქებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. პირველი არხის მიერ გადაცემულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის მომზადებულია, ვინმე ილია პიანზინი - ასე უწოდებს მას მედია - ჰყვება, რომ უკრაინაში ჩავიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. უკრაინაში, მისივე ნაამბობით, ის ჩავიდა რუსეთის მოქალაქესთან ერთად, რომელიც იმ შემთხვევითი აფეთქების დროს დაიღუპა. თვითონ პიანზინი 28 წლისაა და ყაზახეთის მოქალაქედ ასაღებს თავს. მათი ამოცანა იყო დაკავშირებოდნენ მესამე თანამოსაქმეს, ადამ ოსმაევს და დაეწყოთ პუტინის მოკვლის დაგეგმვა, ამბობს პიანზინი:

„მათ დაგვავალეს, ჯერ ჩავსულიყავით ოდესაში, გვესწავლა ბომბების დამზადება და შემდეგ მოსკოვში თავდასხმები განგვეხორციელებინა - თავიდან ეკონომიკურ ობიექტებზე, მოგვიანებით კი პუტინზე.“
გარდაცვლილი რუსლან მადაევი მზად იყო თვითმკვლელური ამოცანა შეესრულებინა ...
ადამ ოსმაევი

ოსმაევი, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტთა მწვრთნელი უნდა იყოს, 2007 წლის შემდეგ იძებნებოდა. უკრაინის სპეცსამსახურმა მისი დაკავება შეძლო. არც ოსმაევი და არც პიანზინი - ყოველ შემთხვევაში, ნაჩვენებ ვიდეოჩანაწერებზე - არ ამბობს, რომ მათ დავალება დოკუ უმაროვმა მისცა, რაზეც პირველი არხი იუწყებოდა, აღიარეს ეჭვმიტანილებმაო. უმაროვს რუსეთის უშიშროების სამსახური დაეძებს, ის პირველია ტერორიზმში ბრალდებული პირების, ძებნილთა სიაში. მასზეა ეჭვი, რომ დაკავშირებული იყო მოსკოვში - დომოდედოვოს აეროპორტში - შარშან მოწყობილ და მანამდე, 2010 წელს, მოსკოვის მეტროში ორგანიზებულ აფეთქებებთან. უმაროვმა თებერვალში გაავრცელა განცხადება, რომ ის უარს ამბობს მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაზე, მაგრამ რუსეთის მთავრობა და სამხედრო მეთაურები კვლავაც რჩებიან მისი სამიზნე. ვიდეოჩანაწერზე ოსმაევი, ეთნიკური ჩეჩენი, ამბობს, რომ მას დაევალა ამ ორი პირის მომზადება, რათა თავდასხმა მოეწყოთ მოსკოვში. პირველ არხს მოჰყავს მისივე სიტყვები, რომ თავდასხმა უნდა მომზადებულიყო ანტისატანკო ნაღმების მეშვეობით. უშიშროების ფედერალური სამსახურის ინკოგნიტო თანამშრომლის თანახმად კი, ოსმაევის კომპიუტერში პუტინის ავტოკოლონის შესახებ ვიდეოფირსაც მიაგნეს. ოსმაევი იძლევა ჩვენებას ვიდეოფირზე, რომ მისი მოკლული თანამოსაქმე, რუსლან მადაევი, ემზადებოდა თვითმკვლელური თავდასხმისთვის, თუ ანტისატანკო ნაღმებით თავდასხმა ჩაიფუშებოდა:
მე ვფიქრობ, რომ უშიშროების სამსახური და პუტინის გარემოცვა პუტინისთვის პროპაგანდისტული დახმარების გაწევას ცდილობენ ...
ახმედ ზაკაევი

„მე ნამდვილად ვერ ვიქნებოდი თვითმკვლელი თავდამსხმელი, მაგრამ გარდაცვლილი რუსლან მადაევი მზად იყო თვითმკვლელური ამოცანა შეესრულებინა.“

მოელიან, რომ პუტინი გაიმარჯვებს არჩევნებში. როცა ის პრეზიდენტი გახდა, მისი მმართველობის პირველ წლებში გახშირდა ტერორისტული აქტები, რომლებიც მიეწერებოდა ჩრდილოკავკასიელ ისლამისტ მეომრებს. ამ ახლად გამოვლენილი სავარაუდო შეთქმულების შესახებ კომენტარი გააკეთა ჩვენს რადიოსთან საუბარში ჩეჩენმა სეპარატისტულმა ლიდერმა, ახმედ ზაკაევმა:

„გვახსოვს, როგორ მოვიდა პუტინი პოლიტიკაში: თავდასხმები მოსკოვის ბინებში, ტერორი უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევა. ახლა მას პრეზიდენტობა სურს მეორე ვადით, 12 წლით. მე ვფიქრობ, რომ უშიშროების სამსახური და პუტინის გარემოცვა პუტინისთვის პროპაგანდისტული დახმარების გაწევას ცდილობენ. საფრთხეს დოკუ უმაროვი და მისი მიმდევრები კი არა, პუტინი და უშიშროების სამსახური წარმოადგენენ. პუტინის სიცოცხლეს არავინ ემუქრება და არც არავინ აპირებს მის მოკვლას.“

„იტარ-ტასის“ ერთი ცნობის თანახმად, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა პრემიერზე თავდასხმის შეთქმულების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არ დაუზუსტებია დეტალები.

პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა აზრით, ეს სავარაუდო თავდასხმა ახლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ, პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მისდამი სიმპათია გაიზარდოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG