Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 თებერვალი, 2012


დღევანდელი ქართული პრესის პირველ გვერდებზე ყველგან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენის შესახებ პუბლიკაციას ნახავდით. ”ახალი პოლიტიკური გუნდი, გაცვეთილი სახეებით - ასე დაასათურა სტატია „24 საათმა“. ”ივანიშვილის პარტიის 18 სახე” - ეს კი ”რეზონანსის” სათაურია.

სხვას რაც შეეხება - ”რეზონანსი” დღეს წერს, წონაში ელექტროსასწორებითაც იტყუებიან 5-15 პროცენტითო. მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ გაზეთს უთხრა, წონაში მოტყუების პრობლემა არსებობს მაღაზიებშიც და ბაზრებშიც, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ პრობლემა არ გადაჭრილაო. ”რეზონანსი” წერს, დაზარალებულს საკუთარი უფლების დაცვა იმ მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ კნონმდებლობა ასეთ ”მცირე დარღვევებზე” არ ვრცელდებაო.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ, რომ, ჩატარებული კვლევის მიხედვით, რკინის გადასასვლელ ხიდებს თბილისელებს შორის პოპულარობა ვერ მოუპოვებია. ფეხით მოსიარულეთა უმეტესობას ხიდზე ასვლა ეზარება, ნაწილისთვის კი მთავარი ხელისშემშლელი ფიზიკური მდგომარეობააო, აცხადებენ კვლევის ავტორები.

”ალია” წერს, ”თუ ახლობელი ექიმი შინაურულად გაგსინჯავთ, 1000 ლარით დააჯარიმებენო”. ოფიციალური ინფორმაციით, უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის მიმართ მიდგომა იცვლება და წესდება ჯარიმების ზედა ზღვარი, - წერს „ალია“, მაგრამ, სინამდვილეში, ამის უკან უფრო მზაკვრული განზრახვა იმალებაო: ექიმმა, რომელსაც მხოლოდ კარდიოლოგიაში აქვს სერტიფიკატი და ზოგად თერაპიაში სახელმწიფო სერტიფიკატი არ აუღია, ფილტვების ანთების წამალი რომ გამომიწეროს და სასუნთქი გზები ახლობლობით შემიმოწმოს და ეს გაუგონ, ჯერ 1000 ლარი უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს, შემდგომ კი, რეფორმატორების ხუშტურებიდან გამომდინარე, რამდენსაც ისინი მოისურვებენო. გაზეთი ასკვნის: ანუ ადამიანებს, რომლებსაც ფული არა აქვთ, ახლობლურად ექიმი ხელს ვერ გაუწვდის და ამ შანსსაც მოსახლეობას საბოლოოდ ისე უსპობენ, ალტერნატივასა და გამოსავალს არ უტოვებენ - აი, სინამდვილეში რა არის მიშას რეფორმები ჯანდაცვაშიო”, - წერს „ალია“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG