Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმის საფრთხე საქართველოში


ისრაელი დარწმუნებულია, რომ 13 თებერვალს ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლები ირანის მიერ დაგეგმილი ტერაქტის სამიზნეები იყვნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმების დაგეგმვაში ირანს პირდაპირ დასდო ბრალი. საქართველოში ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ხვდება თუ არა საქართველო, 13 თებერვლის ფაქტის დასტურად, მსოფლიო ტერორისტულ ველში და რა დასკვნები გამოიტანეს ექსპერტებმა მომხდარიდან?

დღეს, 14 თებერვალს, საქართველოში ისრაელის პოლიციის გამომძიებელ-კრიმინალისტთა ჯგუფი ჩადის. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 13 თებერვალს ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მიმართ არშემდგარი ტერაქტის გამოძიებაში - პირველ რიგში, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემადგენლობას გამოიკვლევენ. ამ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის საინფორმაციო სააგენტო ”იზრუსი”. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები საქართველოში არ ჩამოსულან, თუმცა, მისივე სიტყვებით, ქართული მხარე ისრაელის ხელისუფლებასთან ამ საქმის გამოსაძიებლად სიამოვნებით ითანამშრომლებს.
თუ პროცესები დაიძაბა და, ღმერთმა არ ქნას, საქმე აშკარა დაპირისპირებამდე მივიდა, არ არის გამორიცხული საქართველოც გახდეს მათი დაპირისპირების ასპარეზი ...
ბესიკ ალადაშვილი

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ისრაელის საელჩოსთან თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, ინდოეთში კი, დელიში, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ისრაელსა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმების დაგეგმვაში ირანს პირდაპირ დასდო ბრალი. ირანის ხელისუფლებამ ნეთანიაჰუს სიტყვებს ”სრული სიცრუე” უწოდა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა კი ისრაელის ბრალდება თბილისსა და დელიში ისრაელის საელჩოებზე თავდასხმების ორგანიზებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყო და განაცხადა, "ეს თავად ისრაელის სპეცსამსახურების ნახელავია, ახლა კი მოჩვენებებზე ნადირობა დაიწყება, ყველაფერში დამნაშავე ირანი და ისლამისტები იქნებიანო". შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმები - მათ „ლაჩრული“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის დახმარება აღმოუჩინოს გამოძიების პროცესს.
ისედაც გართულებული გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, ქართველი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, მეორე მხრივ კი, უწონებენ საქციელს - აქამდე რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან იმის მეტი არაფერი თქმულა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. როცა არ გაქვს სამხილები, ძნელია რომელიმე ქვეყანა დაადანაშაულო, ამბობს ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი. მისი სიტყვებით, კავკასიაში რეალობა იცვლება, რაც დაკავშირებულია ირანის ატომურ პროექტთან. ამ ვითარებაში მთავარი აქცენტი სპეცსამსახურების გამართულ მუშაობაზე გადადის. ქვეყნის ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. ბესიკ ალადაშვილი ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხავს, რომ ირანმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტი ან მსგავსი ტიპის ღონისძიებები დაგეგმოს, თუმცა, მისივე სიტყვებით, არ არის გამორიცხული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც მოიძებნოს კონკრეტული სამიზნეები.

ჩვენ, როგორც ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, ისედაც ვართ ტერორისტების და, თანაც, საერთაშორისო ტერორისტების მიზანში ...
ბადრი ნაჭყებია
”მე ამას არ გამოვრიცხავ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი ღია სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ ირანის წინააღმდეგ. მაშინ არ არის გამორიცხული და ამას აცხადებს კიდევაც ირანის ხელისუფლება, მთელ მხოფლიოს ადეკვატური პასუხი გასცეს. ასე რომ, თუ პროცესები დაიძაბა და, ღმერთმა არ ქნას, საქმე აშკარა დაპირისპირებამდე მივიდა, არ არის გამორიცხული საქართველოც გახდეს მათი დაპირისპირების ასპარეზი და აქაც გადმოინაცვლოს გარკვეულმა ტერაქტებმა”, - ამბობს ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი.

საქართველო აქამდე არასდროს გამხდარა სხვა ქვეყნების ტერორისტული თავდასხმის ობიექტი, მაგრამ მომავალში ამის გამორიცხვა უჭირს ”ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის” დირექტორს ბადრი ნაჭყებიას. მისი სიტყვებით, საქართველოზე ტერორისტული აქტების განხორციელების შესაძლებლობას ზრდის ისიც, რომ საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია:

”ჩვენ, როგორც ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, ისედაც ვართ ტერორისტების და, თანაც, საერთაშორისო ტერორისტების მიზანში და ამიტომ ამისთვის ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ საქართველოში ტერორისტული აქტები განხორციელდება სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ.”

ამასთან, ბადრი ნაჭყებიას სიტყვებით, საქართველომ მოახერხა ის, რომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან და, ამავდროულად, რბილ პოლიტიკას ახორციელებს ირანთან, რაც, მისი შეფასებით, დიპლომატიურ დონეზე ერთგვარ ფარს ქმნის ქვეყნისთვის. ბადრი ნაჭყებია, ისრაელის ხელისუფლების მიერ ირანის დადანაშაულებას ტერაქტიდან რამდენიმე საათში მკაცრ დიპლომატიურ ჟესტად აფასებს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ არ არის გამორიცხული 13 თებერვალს დელიში განხორციელებული და თბილისში არშემდგარი ტერაქტი სულ სხვა ძალის მიერ იყოს ორგანიზებული, თუმცა ამ ეტაპზე მის დასახელებას თავს არიდებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ დღეს, 14 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია - ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ის საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა. როგორც სააგენტო civil.ge-ს განუცხადა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, ჩაშლილი ტერორისტული აქტის სამიზნე ზუგდიდის ბაზარი იყო და ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობასთან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG