Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

I Will Always Love You - ამერიკა ემშვიდობება უიტნი ჰიუსტონს


უიტნი ჰიუსტონი
უიტნი ჰიუსტონი
ლოს-ანჯელესში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი, რომელიც, მუსიკის კრიტიკოსების აზრით, პოპულარული მუსიკის სამყაროში დახვეწილი სასიმღერო ტექნიკითა და ძლიერი ხმით გამოირჩეოდა.

მუსიკოსი განსაკუთრებით პოპულარული იყო 1980-იან და 1990-იან წლებში. იმ პერიოდში მისი ალბომების გაყიდვის მაჩვენებელმა 170 მილიონს გადააჭარბა. 1992 წელს გამოვიდა კინოფილმი „პირადი მცველი“, რომელშიც ჰიუსტონმა ერთ-ერთი მთავარი როლი და რამდენიმე სიმღერა შეასრულა. სწორედ ამ ფილმში შესრულებული სიმღერა - I Will Always Love You - ითვლება მომღერლის კარიერის მწვერვალად. თუმცა შემდგომ მის კარიერას და ხმას მძიმე დაღი დაასვა ნარკოტიკების მოხმარებამ. ჰიუსტონის შესახებ გავრცელებული ცნობები ბოლო პერიოდში ძირითადად მის პირად პრობლემებს ეხებოდა.

მომღერალი სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა პოლიციამ გამოაცხადა, რომ „კრიმინალის აშკარა ნიშნები არ იკვეთება“.

როგორც ვარაუდობენ, ჰიუსტონის სიკვდილი მნიშვნელოვნად შეცვლის განწყობას დღეს საღამოსთვის დანიშნული „გრემის“ პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს ღონისძიება ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიისთვის წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

ჰიუსტონის მუსიკალური ფესვები გოსპელისა და სოულის ჟანრებს უკავშირდებოდა. ის ნიუ-ჯერსიში გაიზარდა და სიმღერა საეკლესიო გუნდში დაიწყო. შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
XS
SM
MD
LG