Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 იანვარი, 2012


ქართული პრესის პირველ გვერდებზე დღეს ყველგან ობამასა და სააკაშვილის ფოტოებს ნახავთ. იმის გასაგებად, თუ როგორ შეაფასეს გაზეთებმა ეს შეხვედრა, სათაურებს გადავხედოთ: ”ყველაზე კონკრეტული შეხვედრა ოვალურ კაბინეტში” - ასე ასათაურებს სტატიას ”24 საათი”, ”დიდი იმედების შეხვედრა” - ეს ”რეზონანსის” სათაურია, ”ახალი თაობა” კითხულობს - ”რა მოსთხოვა ობამამ სააკაშვილს”, ”ალია” კი ობამა-სააკაშვილის გაუხმაურებელ დეტალებს გვპირდება და კითხულობს, „რამდენი გადაიხადეს ნაციონალებმა ამ შეხვედრის ჩაწყობაშიო”. ამ შეკითხვაზე პასუხს რაც შეეხება, გიორგი ფოფხაძემ საფრანგეთიდან უთხრა ”ალიას”, დაახლოებით ვიცი, რომ საუბარია 50 მილიონ დოლარზეო.

სხვა თემებს რაც შეეხება, ბარემ, რახან ”ალია” ვახსენეთ, აქედან განვაგრძოთ. გაზეთში წაიკითხავთ, ხელისუფლებამ მოსწავლეების "დავერბოვკებაც" დაიწყოო. ეს ნათქვამია ინტერვიუში განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის - "ერთობის" - იურიდიული სამსახურის უფროს დავით წიქარიშვილთან. ის ამბობს: სკოლებში მანდატურების შეყვანამ სკოლა ციხედ აქცია, საიდანაც ინფორმაციის გამოტანა მალე ძალიან გაჭირდება. რეგიონებში მანდატურებმა უკვე ღიად დაიწყეს ბავშვების დამუშავება, რომ მათმა მშობლებმა ხმა მისცენ ნაციონალებს. მიდის სერიოზული მუშაობა ახალგაზრდების "დასავერბოვკებლად", რაც ჯერ კიდევ პატრიოტულ ბანაკებში მოსინჯეს. ბანაკები ძვირი დაუჯდათ და ამიტომ "ვერბოვკის" მექანიზმმა სკოლებსა და უნივერსიტეტებში გადაინაცვლაო”.

”რეზონანსი” წერს, კომერციული ბანკები უშიშროების აგენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგნენ და ამის გამო ბანკების ავტორიტეტი თანდათან დაეცემა, თანაც არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, არამედ მთლიანად მოსახლეობაშიო. ”რეზონანსის” თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებული ხდებიან გამოარკვიონ, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. თუ კლიენტი და ან მისი ბენეფიციარი პოლიტიკურად აქტიური პირია, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. ეს, „რეზონანსის“ თქმით, მათი ნდობის ხარისხზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება. არათუ პოლიტიკოსი, არამედ არც ერთი მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ ესა და ეს ბანკი მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და უშიშროებას აწვდის, არ ენდობა მასო, - წერს ”რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG