Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 დეკემბერი, 2011


რამდენიმე საინტერესო სტატიაზე შევჩერდები. სანამ სტატიებზე გადავალ, აღვნიშნავ, რომ დღეს გამოსული ყველა გაზეთის წინა გვერდზე, გარდა ’24 საათისა’, ვკითხულობთ: ”პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას“, იქვე ინგლისურად: ”President Saakashvili Don’t Kill Press!”. ამ მოწოდების მიუხედავად, ცოტა არის გაზეთებში ინფორმაცია პრესის ჯიხურების საკითხთან დაკავშირებით, ანუ იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებენ გაზეთები ფეხი აუწყონ მერიის გადაწყვეტილებას პრესის ჯიხურები ვიზუალურად მოაწესრიგოს და ერთმანეთს დაამსგავსოს. მთავარი არგუმენტი, შეიძლება ითქვას, არის ის, რომ პრესას და მისი დისტრიბუციის სისტემას ამ ეტაპზე ახალი ჯიხურებისათვის თანხები არა აქვთ, რის გამოც აუქციონზე გამოტანილი ჯიხურების უმეტესობა გაუყიდველი რჩება. ის ტერიტორიები, რომლებზეც ლოტები არ გაყიდულა,როგორც იკვეთება, ქალაქის გარეუბნებს მოიცავს, სადაც პრესის დისტრიბუტორები ეკონომიკური მოგების შესაძლებლობას ვერ ხედავენ და, შესაბამისად, ინვესტირებას ერიდებიან.

”…ამ წარმატებების მიუხედავად, ვახერხებთ რომ გვქონდეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია”,- ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკულ საზოგადოებრივ ტელეარხზე, ჟურნალისტ ჩარლი როუზთან ინტერვიუში 11 მარტს, 2011 წელს. ეს ინტერვიუ „რეზონანსმა“ წამოსწია წინა პლანზე, თუმცა სულ სხვა კონტექსტში. გაზეთი ცდილობს დააკვირდეს იმ განსხვავებულ რიტორიკას, რომლითაც ხელისუფლება საუბრობს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება პასუხი მარტივ შეკითხვაზე, აპირებს მიხეილ სააკაშვილი თუ არა ძალაუფლებაში დარჩენას. მოკლედ, გაზეთი ვარაუდობს, რომ დასავლურ პრესაში პრეზიდენტი სააკაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ამას გამორიცხავენ, რადგან იციან, რომ დასავლურ სამყაროს მათგან სწორედ იმის მოსმენა სურს, რომ სააკაშვილი ძალაუფლებაში დარჩენას არ აპირებს (თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩარლი როუზთან ინტერვიუში პრეზიდენტი სააკაშვილი გადაჭრით არაფერს ამბობს. ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს ინსტიტუციები უფრო ძლიერდება, ვიდრე ინდივიდები და სახელები…)

”სტატისტიკური ზღაპრები უმუშევრობაზე”- სტატია „რეზონანსში“. ვინ არის უმუშევარი და რას ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება? ამ შეკითხვებზე ცდილობს პასუხის მოძიებას გაზეთი. შეკითხვაზე, იკლებს თუ არა უმუშევრობა, სტატიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია: პირიქით, უმუშევრობა იზრდება. პირველ შეკითხვაზე კი, რას ნიშნავს „უმუშევარი“, სტატიაში საინტერესო და მოკლე განმარტებას იძლევა პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ უმუშევრობის სტატისტიკა დაუზუსტებელია, ”დასაქმებულების 25 %ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვს”. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ადამიანები, მიზერული, არსებობისთვის არასაკმარისი შემოსავლით, მთავრობის რიტორიკის მიღმა რჩებიან, რაც რეალური პრობლემის დანახვას ართულებს.

„რეზონანსი“ ეკონომისტ ნოდარ ხადურთან სახელმწიფო ბიუჯეტის თაობაზე საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც გაზეთმა სააგენტო „ინტერპრეს ნიუსისგან“ აიღო. ხადური ცდილობს ქვეყნის ეკონომიკური სურათი დახატოს, საუბრობს წარმატებებზე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიუჯეტს ჯერ კიდევ პოლიტიკურ მიზნებს უსადაგებენ. სხვაგვარად რომ ითქვას, ბიუჯეტში იწერება პროგრამები, რომლებიც, ხადურის აზრით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რიტორიკას გააძლიერებს:”რატომღაც ხელისუფლებამ სოციალური პრობლემების მოგვარება შემოდგომისთვის, ზუსტად საარჩევნო პერიოდისთვის გადაიტანა.”

გაზეთები აქვეყნებენ აშშ-ის სენატის განცხადებას, - „რეზონანსის“ მიხედვით, არაოფიციალურ თარგმანს, - სადაც ნათქვამია, მხარი უნდა დაეჭიროსო საქართველოს შეიარაღების სისტემას.

იმავე „რეზონანსში“ ქვეყნდება პენ-კლუბის განცხადება, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში ახალი ოცდაათი ჰიდროელექტროსადგურის აშენების თაობაზე. პენ-კლუბის განცხადების თანახმად, ეს ქვეყანაში ბუნების მდგომარეობას სერიოზულად დააზარალებს.
XS
SM
MD
LG