Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 დეკემბერი, 2011


„რეზონანსში“ საკმაოდ საინტერესო სტატია ქვეყნდება, სადაც მკითხველი შედარებით ვრცლად მიიღებს ინფორმაციას ტყის ახალი კოდექსის შესახებ. რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფ. ტყის კოდექსში ექსპერტები ერთ ფუნდამენტურ საფრთხეს ხედავენ: სახელმწიფო იცილებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე ეს საჭიროა, არ ატარებს ინდივიდუალურ ინვენტარიზაციას, რამაც ტყის ფართობის მართვის პროცესში შესაძლოა კერძო ბიზნესინტერესების სასარგებლოდ ტყის რესურსის დაზარალება გამოიწვიოს. მაგალითს მოვიყვან სტატიიდან:

სახელმწიფო ყიდის ”სატყეო ფართობს”, რაც, ბუნებისდამცველთა თქმით, მოიცავს გაცილებით მეტს, ვიდრე თავად ტყის რესურსია. მაგალითად, ”მესაკუთრეს, რომელიც იჯარით იღებს ტყის მონაკვეთს, შეუძლია გაყიდოს ნიადაგის ნაყოფიერი ფენაც, რომელსაც ჭრიან და არაბულ ქვეყნებში სარფიანადაც ყიდიან”. სატყეო ფართობში, სტატიის მიხედვით, ხვდება ყველაფერი, რაც იმ ფართობზეა: წყალში - თევზი და მიწაში - მინერალი… მეორე ფაქტორი, რომელზეც ყურადღებაა გამახვილებული, არის ის, რომ ტყეების ’იჯარიზაციის’ პროცესში მოსახლეობის წვდომა სატყეო რესურსებზე შემცირდება. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამან შესაძლოა კრიზისი გამოიწვიოს, მაგალითად, მესაქონლეობის განვითარებაში…

იმავე „რეზონანსს“ ციხეებში პატიმართა გარდაცვალების ფუნდამენტურ მიზეზებზე აქვს სტატია. სახალხო დამცველის მონიტორინგზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ ციხეების მთავარი პრობლემა არასათანადო ჯანდაცვის სისტემაა, რომელიც ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა თუ დაავადებებს, რაც ქართულ ციხეებშია.

„24 საათი“ პოლიტიკური სივრცის გაანალიზებას ცდილობს სტატიაში, სახელწოდებით ”მიუმხრობელთა ადგილი ახალ რეალობაში”. სათაურიდანვე ხვდებით: საუბარია ორპოლუსიანი რეალობისა და იმ პარტიების შესახებ, რომლებიც ჯერჯერობით ამ ორ პოლუსზე, ასე ვთქვათ, არ ნაწილდებიან. საინტერესოა სტატია იმ გაგებით, რომ ისმება კითხვა, თუ ზოგადად რამდენად სასარგებლოა პოლიტიკური სივრცისთვის ორპოლუსიანობა და რამდენად მრავალპარტიული შეიძლება იყოს პოლიტიკური სივრცე საქართველოში.

გაზეთი „ვერსია“ ინტერვიუს გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობის მდივან ზურაბ მელიქიშვილთან, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ინტერესებისათვის მხარდაჭერის აუცილებლობას: ”სამწუხაროდ, რესურსებში შეზღუდულები ვართ. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია, ერთი მხრივ, გადასახადების შემცირება მოითხოვო, მეორე მხრივ - ვალების ჩამოწერა, მესამე მხრივ - ათასი შეღავათი ბიზნესისთვის და, ამავდროულად, პენსიების გასამმაგება და სოციალური ხარჯების გაოთხმაგება გინდოდეს.” ზურაბ მელიქიშვილი მსგავს მიდგომას საკითხისადმი პოპულისტურად აფასებს და აღნიშნავს, რომ მთავრობა ამ კურსით არ მიდის და ჰპირდება და აკეთებს იმას, რაც რეალურია. ”არ გვინდა პოპულისტური ნაბიჯები გადავდგათ ორ-სამ დღეში, იმდენი მილიონერი გაჩნდეს ქვეყანაში, რამდენიც კუპონის დროს იყო. ცხადია, კიდევ ბევრ რამეს მოვისმენთ, რადგან 2012 წელი დგება და ეს საარჩევნო წელია. შესაბამისად, ადამიანების გულების მოსაგებად უამრავი წინადადება და შემოთავაზება გაჩნდება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რას მოიგებს ქვეყანა”…

”განათლების სისტემის 2012 წლის სიახლეები” - იმავე გაზეთ „ვერსიაში“. სტატია, უფრო კი გეგმების მომცველი ტექსტი, საკმაოდ ვრცელია. რამდენიმე ნახსენები ფაქტორი: 2012 წელი - იქმნება გადამზადების ცენტრები ქვეყნის 15 ქალაქში (საუბარია ინგლისურისა და კომპიუტერის ლეგენდარულ კურსებზე); შენდება 20 ახალი სკოლა; სხვადასხვა ახალი ელექტრონული სტრატეგიები და ელექტრონული სასკოლო ოთახები; მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასები კვალიფიკაციის შესაბამისად; აშენდება მასწავლებლების სახლები (ეს რას ნიშნავს და რას მოიცავს, სტატიაში ახსნილი არ არის); დაინერგება მოკლე და გრძელვადიანი ტრეინინგები… ეს ყველაფერი - ზურაბ მელიქიშვილის მიერ ხსენებულ საარჩევნო 2012 წელს განათლების რეფორმის ფარგლებში…

ერთ საინტერესო საკითხზეა აქცენტი სტატიაში - საბუნებისმეტყველო საგნები. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აქცენტი საბუნებისმეტყველო საგნებზე გაძლიერდება. “მომავალ წელს სკოლებში ახალი საგანი - ”საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები” დაინერგება. სახელმძღვანელო ფიზიკას, ქიმიას და ბიოლოგიას გააერთიანებს და მისი სწავლება მეშვიდე კლასიდან დაიწყება.”
XS
SM
MD
LG