Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიგმარ პოლკეს გამოფენა დაიხურა


ზიგმარ პოლკე
ზიგმარ პოლკე
16 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში დაიხურა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გერმანული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ზიგმარ პოლკეს გამოფენა, სახელწოდებით ”გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა”.

ზიგმარ პოლკეს ეს კოლექცია უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტს, ”იფას” ეკუთვნის, ორგანიზაციას, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორია, და, როგორც გოეთეს ინსტიტუტის კოორდინატორმა ნათია მიქელაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, გოეთეს ინსტიტუტმა კარგა ხანია უკვე ”იფას” ეს გამოფენა შეუკვეთა:

” ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ “იფას” საუკეთესო გამოფენა ვაჩვენოთ. ზიგმარ პოლკეს გამოფენა კი ერთ-ერთი ყველაზე კარგია, რაც ”იფას” აქვს. არ არის მარტივი ჩაჯდე ”იფას” კალენდარში. ამიტომ ეს გამოფენა 4-5 წლის წინ შევუკვეთეთ. ”

გოეთეს ინსტიტუტის ძალისხმევა და სურვილი, თბილისში ენახათ დიდი გერმანელი მხატვრის ეს ნამუშევრები, გასაგებიცაა: გერმანული კულტურის ცენტრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში არა მარტო გაეცნონ დიდ მხატვარს, არამედ გაეცნონ ზიგმარ პოლკეს ორიგინალურ კონცეფციას, რომელიც, პირველ რიგში, ომის შემგომი გერმანიის კულტურის კონტექსტში უნდა განვიხილოთ - ერთია იმ პროცესებთან ”ერთობა”, რომელიც გაიარა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სახვითმა ხელოვნებამ - სხვადასხვა ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება მხატვრობაში, პოპულარული კულტურის, მასკულტურის მიმართ ტოლერანტობა და მისი ნიმუშების ჩართვა ციტატების სახით, და მეორეა განსკუთრებული მიდრეკილება იმპროვიზაციისკენ, სახვით ხელოვნებაში დამკვიდრებული ნორმებისა და კანონების პრინციპული უარყოფა: იმ 40 ნამუშევარში, რომელიც თბილისში იყო წარმოდგენილი, ზიგმარ პოლკე ”თამაშობს” დაღვრილი და დაწვეთებული გუაშის ეფექტებით. უფრო მეტიც, წარწერებსაც რთავს ნამუშევრებში - წარწერას, რომელსაც ხშირად არა აქვს პირდაპირი კავშირი სურათის შინაარსთან და უფრო იმ განწყობილებას გამოხატავს, რომელიც ჰქონდა მხატვარს ნამუშევრის შესრულების დროს. როგორც ნათია მიქელაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ”იფა” დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს პოლკესთან... ბოლოს, 1996 წელს, მხატვარმა სპეციალურად ამ ორგანიზაციისთვის დაასრულა კოლექცია, რომელიც 40 სურათისგან შედგება.

პოლკეს სურათებს ასე თუ ისე კარგად იცნობენ ქართველი ხელოვნების მოყვარულები, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ზიგმარ პოლკე კინოსაც იღებდა. მისი ექსპერიმენტული ფილმები გაქირავების ქსელში ვერ მოხვდა. საერთოდ, ერთი პერიოდი ელიტურ მხატვრად ითვლებოდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ, იუმორმა, რომლითაც მდიდარია მისი წარწერები, კლასიკური ოფორტის თავისუფალმა და ორიგინალურმა ინტერპრეტაციამ პოპულარობა მოუტანა. 1986 წელს ვენეციის ბიენალეზე პოლკემ წარმოადგინა აბსტრაქტული კომპოზიცია, რომელიც იცვლიდა ფერს განათების, ამინდის მიხედვით, უფრო მეტიც - იმის მიხედვით, თუ რამდენი დამთვალიერებელი იყო საექსპოზიციო დარბაზში. ამ კომპოზიციით, რომელსაც ”ალქიმიკოსის საქვაბე” უწოდეს, ზიგმარ პოლკემ მთლიანად დაარღვია საზღვარი მხატვრულ ნაწარმოებსა და რეალურ ცხოვრებას შორის, ხელოვნების ნაწარმოები რეალური ცხოვრების ნაწილად წარმოგვიდგინა, უფრო მეტიც, დასვა კითხვა: ”რომელია ამ ორ მოვლენას შორის ნამდვილი არტეფაქტი - შექმნილი, აბსტრაქტული კომპოზიცია თუ რეალური ცხოვრება?”

ხელოვნების ასეთი კონცეფციის გაცნობა ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ბოლო დროს თბილისში არაერთი საინტერესო მხატვარი გაიცნეს, თუმცა ზიგმარ პოლკე მაინც განსაკუთრებული მოვლენაა - მხატვარს, რომელიც შარშან 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების კლასიკოსი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG