Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა მესტიის საგანძურის გარშემო


სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების დროებით დაცვა-შენახვასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა არ ცხრება. საქმე ისაა, რომ მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის გამო ექსპონატები ოთხი თვის წინ მუზეუმის ეზოში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერებში გადაიტანეს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მესტიაში დაცული საქართველოს საგანძურის უსაფრთხოდ დაბინავებას არ ჩქარობენ, რის გამოც საფრთხე ექმნება IX-X საუკუნით დათარიღებულ ქართულ ხელნაწერებსა და უნიკალურ არქეოლოგიურ მასალას. საინტერესოა, რა პირობებში ინახება სვანეთში დაცული საქართველოს საგანძური და როგორ უპასუხებენ ოპონენტთა ბრალდებებს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები?..
მან თქვა, რომ მესტიაში მზადდება ახალი შენობა, სადაც გადააბრძანებენ ეროვნულ საგანძურს. ეს შენობა მზად უნდა იყოს 24 ნოემბერს...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობის წინ პროტესტის გამოსახატად რამდენიმე ათეული ადამიანი 21 ნოემბერს პირველ საათზე შეიკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამინისტროს ხელმძღვანელობას მოუწოდეს მიეღოთ საპატრიარქოს საგანგებო კომისიის შეთავაზება და მუზეუმის ექსპონატები დაუყოვნებლივ გადაეტანათ მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

მიტინგის წამყვანის ხმა: „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ საერთო-სახალხო მოძრაობის ორგანიზებას, რომლის შედეგებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება...“

თუმცა სულ მალე გაირკვა, რომ საერთო-სახალხო მოძრაობის ორგანიზების საჭიროება აღარ არსებობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ცხადაძემ მიიღო. შეხვედრის შედეგად, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მხარეები ოთხპუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ:
თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

„პირველი: მან თქვა, რომ მესტიაში მზადდება ახალი შენობა, სადაც გადააბრძანებენ ეროვნულ საგანძურს. ეს შენობა მზად უნდა იყოს 24 ნოემბერს. მინისტრის მოადგილე დაგვეთანხმა, რომ ჩვენი საზოგადოება, საპატრიარქო, ექსპერტები და კომისიის წარმომადგენლები ჩავალთ და შევაფასებთ ამ შენობის ხარისხს.“

შეთანხმების მეორე პუნქტის მიხედვით, დროებით შენობაში განთავსების წინ ჩატარდება საგანძურის ინვენტარიზაცია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საგანძურის არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა. მესამე და მეოთხე პუნქტები კი მუზეუმის ახალი შენობის პროექტის საჯარო განხილვასა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა დავუბრუნდეთ შეთანხმების პირველ პუნქტს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები არა ეკლესიაში, არამედ მუსიკალურ და სამხატვრო სკოლის შენობაში განთავსდება. ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული კოლექციების და ფონდების ერთიანობისა და განუყოფლობის პრინციპით, არჩევანი გააკეთა მუსიკალურ და სამხატვრო სკოლის შენობაზე, სადაც შესაძლებელია კოლექციის სრულად დაბინავება და მუზეუმის თანამშრომლების მიერ სამუზეუმო საქმიანობის განხორციელება. შენობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს ფართობის, უსაფრთხოების დაცვის და სტაბილურიკლიმატის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ყველაზე მარტივად ადაპტირებადია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობის კეთილმოწყობა და ადაპტაცია (კლიმატკონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობა, გისოსების დამონტაჟება და სხვ.) დაევალა ადგილობრივ გამგეობას და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები.“
ზამთრის ყინვებს ვერ გაუძლებს ეს სიწმინდეები! -20-30 გრადუსამდეა ყინვები. ახლა ეძებენ შენობას? უკვე დაგვიანებულია...

თუმცა საპატრიარქოში ბოლო დრომდე იმედოვნებდნენ, რომ მეზეუმის ექსპონატებს, რომელთა შორისაა მე-9 საუკუნის "ადიშის ოთხთავი" , მე-10 საუკუნის "იერუსალიმის განჩინება" და გოლგოთის ჯვრის ნაწილჩატანებული სილიხანის ხატი, ტაძარში გადაიტანდნენ. აი, რა განაცხადა ამ ორიოდე დღის წინ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ:

„ეკლესია სთავაზობს ასეთ გამოსავალს: საგანძური დროებით მოთავსდეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, რომელიც მესტიაში მდებარეობს, მაგრამ თუკი უკეთესი პირობები მოინახება, ეკლესია თანახმა იქნება ამაზე, ოღონდ აუცილებელია, რომ ეს საპატრიარქოში შექმნილი კომისიის ყურადღების ქვეშ მოხდეს.“

ექსპონატები მესტიის მუზეუმიდან ზაფხულში გამოიტანეს და იქვე, ეზოში, სპეციალურ კონტეინერებში გაანაწილეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის განმარტებით, საგანძურის მუზეუმის ეზოდან გატანის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ზემო სვანეთის მოსახლეობა. მაგრამ ეს იყო ზაფხულში, როცა კარგი დარი იდგა, ახლა კი მესტიაში ცივა და თოვს. მესტიის მკვიდრის, ივანე ხვიბლიანის თქმით, ღია ცის ქვეშ გატარებული ყოველი დღე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს:
ყოველნაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ სვანეთის საგანძური შეიძლება დაზიანდეს, არის უსინდისო ტყუილი...

„ზამთრის ყინვებს ვერ გაუძლებს ეს სიწმინდეები! -20-30 გრადუსამდეა ყინვები. ახლა ეძებენ შენობას? უკვე დაგვიანებულია.“

თუმცა კულტურის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საფრთხე გაზვიადებულია, რადგანაც საგანძურის დაცვისთვის განკუთვნილი კონტეინერი აღჭურვილია კლიმატკონტროლის ეფექტიანი სისტემით და, შესაბამისად, თუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ რურუას დავუჯერებთ, მუზეუმის ექსპონატებს არაფერი ემუქრება.

„ყოველნაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ სვანეთის საგანძური შეიძლება დაზიანდეს, არის უსინდისო ტყუილი. არაფერი მოხდება. ამას ადასტურებს ეროვნული მუზეუმისა და ადგილობრივი მუზეუმის ხელმძღვანელობა და ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი ხელით შეფუთეს ექსპონატები და შეიტანეს კონტეინერში“, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG