Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები თუ ფარსი?


სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დრომდე ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნების გახსნაზე უარს ამბობს. კომისიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანას არავინ ჩქარობს. დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. ცენტრალურ კომისიას ბოლოს „პრეზიდენტობის“ 9 კანდიდატმა მიმართა რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. ვლადიკავკაზში ამჟამად ხმის უფლების მქონე 19 000 სამხრეთელი ოსი ამომრჩეველი ცხოვრობს. ეს კი მთლიანი ამომრჩევლების თითქმის ნახევარია. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატების აზრით, თუ ვლადიკავკაზში მცხოვრებ ამომრჩევლებს ხმის უფლება წაერთვათ, არჩევნების კანონიერება და ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება. თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, სოფელ ზემო როკში დამატებით 2 საარჩევნო უბანი იხსნება, რომლითაც ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ამომრჩევლები ისარგებლებენ.

წინა "საპარლამენტო არჩევნებზე" ვლადიკავკაზში რამდენიმე საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და ხმის მიცემა იქ მიმდინარეობდა. ზემო როკში გახსნილ უბნებში კი შეუძლებელი იქნება ყველა ამომრჩეველმა ხმა მისცეს. ექსპერტების აზრით, სასაზღვრო პუნქტი ვერანაირად ვერ გაატარებს დღეში 19 ათას ადამიანს. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. საზღვარზე დღეში მაქსიმუმ 4000 ადამიანის გადაადგილებაა შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვადიმ ცხოვრებოვი, ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ხელისუფლება კენჭისყრისთვის შესაბამის პირობებს არ შექმნის და ვლადიკავკაზელ ამომრჩევლებს ხმის უფლების გარეშე დატოვებს, არჩევნები უკნონოდ და არალეგიტიმურად ჩაითვლება.

სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს საარჩევნო პროცესის მიღმა ტოვებს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ის ადამიანები გავიდნენ, ვინც ცხინვალში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიური მდგომარეობით უკმაყოფილოები იყვნენ, ასეთ ადამიანებზე კი ოპოზიციის გავლენა დიდია. წინააღმდეგობების მიუხედავად, ცხოვრებოვის აზრით, ხელისუფლება ოპოზიციის ელექტორატს არჩევნებს მაინც ჩამოაცილებს და ამას ბოლოს ყველა შეურიგდება, რადგან იფიქრებენ, რომ ეს ხელს აძლევდა მოსკოვს.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვითარება ცხინვალში დაძაბულია. ოპოზიციური ინტერნეტგამოცემა „უასამონგა“, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ცხინვალში სასტიკად სცემეს ჯამბოლათ თედეევის მომხრე ალბერტ გაბარაევს, წაართვეს მანქანა და ფული, ფეხში დაჭრეს და თვალი დაუზიანეს. ამჟამად გაბარაევი ვლადიკავკაზში მკურნალობს.
XS
SM
MD
LG