Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 სექტემბერი, 2011


დღევანდელ ქართულ პრესაში რამდენიმეგან წაიკითხავთ პუბლიკაციებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახე. თუმცა სხვადასხვა გაზეთები აქცენტს სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებენ. ”რეზონანსი” წერს, მას შემდეგ, რაც ცვლილებების პროექტი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, იქ რამდენიმე სიურპრიზი აღმოჩნდაო - მათ შორის, მარკირების და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების გაუქმების საკითხი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გასაიდუმლოება, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გაზრდა და ასე შემდეგო. გაზეთი ერთ ასპექტზე ამახვილებს განსაკუთრებით ყურადღებას, პუბლიკაციის სათაურადაც სწორედ ესაა გამოტანილი, რომ კომპანიებს, სადაც სახელმწიფოს წილი აქვს, პარტიების დაფინანსების უფლებას აძლევენ. ”24 საათი” კი, რომელიც ასევე ამ თემაზე წერს, სხვა რამეს მიიჩნევს უფრო მნიშვნელოვნად. მათი მოწინავე სტატიის სათაურია: ”არჩევნები თვალთვალის გარეშე”.

დანარჩენს რაც შეეხება, ქართულ პრესაში დღეს,ისევე როგორც ყოველთვის, არაერთ ინტერვიუს ნახავთ. ”ახალი თაობა” გაესაუბრა ლეიბორისტების ლიდერს. შალვა ნათელაშვილი ამბობს: "თუ ჩვენ არ გამოვალთ და ხმამაღლა არ დავაფიქსირებთ ჩვენს დაუმორჩილებლობას და ბრძოლისუნარიანობას, ვერანაირი სარკოზი და ვერანაირი ევროპა ვერ გვიშველის. მე გარწმუნებთ, ევროპაც და ამერიკაც - მათ შორის, საფრანგეთი - დიდხანს ძმაკაცობდა იმპერატორ ბოკასასთან, რომელიც კაციჭამია აღმოჩნდა და ოპოზიციის კატლეტებს ჭამდაო”, - ამბობს ნათელაშვილი, თუმცა ქართველების საბრძოლო მზადყოფნასაც იმედიანად აფასებს: "თქვენ მალე ნახავთ, რომ საზოგადოებას ხელი არ ჩაუქნევია. ჩემი პირადი სურვილი, რომელიც ემთხვევა ერის უმრავლესობის სურვილს, არის ის, რომ ნაციონალებმა რაც შეიძლება მალე გადაჭამონ ერთმანეთი და ყველანაირად წავაქეზებ ამ პროცესს. ძალიან კარგია, თუ ეს ბანდა შიგნიდან აფეთქდება. წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, აქვთ - აბა, ამხელა ქვეყანა აქვთ შესაჭმელი. ღორებს რომ დინგი უდევთ გეჯაში, საჭმელი ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც ფეხებს დგამენ, რომ მეზობელმა არ შეთქვლიფოსო”.

ლეიბორისტ ნესტან კირთაძესთან ინტერვიუს კი დღეს „ვერსიაში“ წაიკითხავთ, თუმცა გაზეთი მას პოლიტოლოგად მოიხსენიებს, შეიძლება იმიტომაც, რომ ნესტან კირთაძე ზოგადად პოლიტიკოსებს აკრიტიკებს: სახლებში წადით, ხელი სხვა საქმეს მოჰკიდეთ, არაა თვენი საქმე საქართველოს გადარჩენაო”, - ასე მიმართავს მათ. "ახალგაზრდები მიდიან იქ, სადაც ლაღი იდეის და მომავლის ემოციაა. ჯერ ისინი ამ ჭაობში, ფსკერზე არ არიან. ეს ქართული პოლიტიკური ჭაობი კი ყველას უხმობს, მოდით, ნახირ-ნახირ სიარულში შემოგვეშველეთ, ჩვენი პარტიული რიგები დავათვალიეროთო. წლებია, შემოდგომა-გაზაფხული ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ გაუგებარი მიზნით, რომ ხვალ ვიღაცას ვუთხრათ - მე რეიტინგული ვარ! საკუთარი თავიდან ვიწყებ და ყველას ვეუბნები: დაშლილ, დაცოტავებულ საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება რეიტინგული”, - ამბობს ნესტან კირთაძე „ვერსიასთან“ საუბარში.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG