აგვისტოს ომიდან 3 წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” და ტელეკომპანიებს Russia Today-სა და ”პირველ საინფორმაციო კავკასიურს,” რომელიც თბილისიდნ მაუწყებლობს. დმიტრი მედვედევის განცხადებით აგვისტოს კონფლიქტის აღკვეთა სასარგებლო იქნებოდა ყველასთვის, პირველ ყოვლისა, საქართველოსთვის და ეს რომ არ მოხდა, დიდი ტრაგედიაა. მის ერთადერთ პასუხისმგებლად პრეზიდენტი მედვედევი პრეზიდენტ სააკაშვილს მიიჩნევს. ამავე ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს აპატიებს რუსეთის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ დანაშაულს და შესაბამისად არც მასთან ურთიერთობას აპირებს. მედვედევის განცხადებით, სააკაშვილი მას უნდა უმადლოდეს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რაღაც მომენტში ჯარი რომ არ შეეჩერებინა და ის თბილისში შესულიყო, საქართველოს დიდი ალბათობით ამჟამად სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა. ამასთან, შეკითხვას რატომ გააჩერა ჯარი, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ოპერაციის მიზანი იყო არა თბილისის, ან რომელიმე ქალაქის ხელში ჩაგდება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული აგრესიის შეჩერება. ჩემს გეგმაში არც მაშინ შედიოდა სააკაშვილის ძალით დამხობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივად გასაკეთებელი იყო, - განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნების, ან რაიმე სხვა საშუალებით. ამავე ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა პრობლემას ვერ ხედავს სხვებთან ნებისმიერ თემაზე ურთიერთობაში, მაგრამ ფარგლებში იმ საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსისა, რომელიც რეგიონში შეიქმნა. მედვედევმა სწორი უწოდა მის გადაწყვეტილებებს 2008 წლის აგვისტოში ძალის გამოყენების და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, რისიც მისივე თქმით, არათუ რცხვენია, არამედ მართლზომიერ, გონივრულ და აუცილებლ გადაწყვეტილებებად მიიჩნევს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1