Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 ივლისი, 2011


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს შეკითხვებს სვამს საქართველოს პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ”საქართველოს პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 230 ათასი ლარის შოვნა მოახერხა. არადა, მისი სახელმწიფო შემოსავალი წლიურად 60 ათას ლარს არ აღემატება, მისი მეუღლის შემოსავალი კი ორივე წელს, მთლიანად, 1000 ევროს შეადგენდა”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”საინტერესოა, საიდან გაჩნდა სააკაშვილის სახელზე ამდენი ქონება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის გაგება შეუძლებელი ხდება. პრეზიდენტს ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარი ქონების ჩამოთვლა არ უჭირს, მაგრამ ამ ქონების წარმომავლობის გრაფები ცარიელია. მისი პრესსამსახური ტელეფონსაც არ პასუხობსო”. ”რეზონანსი” დასძენს: "ქონებრივი დეკლარაცია აჩვენებს, რომ მას, ერთი მხრივ, დეკლარაცია არასწორად აქვს შევსებული და, როგორც იურისტები აცხადებენ, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო პასუხისმგებლობა მასაც ისევე უნდა დაეკისროს, როგორც ყველა საჯარო მოსამსახურეს. მეორე მხრივ კი, იკვეთება უკვე მეორე დანაშაული, რასაც უკანონო შემოსავლების კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს და ცალკე დანაშაულს კვეთსო...”

”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან. ”არ მაინტერესებს, რას იტყვის ჩემზე ირაკლი ოქრუაშვილი. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ასეთი ფრაზებით იგი მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხყოფს“, - უთხრა გაზეთს ნინო ბურჯანაძემ და დასძინა: ”თუ ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა გეგმა, რომელიც წარმატებით დაასრულებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ რაღას გვიყურებდა? თუ ეს გეგმა რუსულ ტანკებთან იყო დაკავშირებული, კიდევ კარგი, რომ ჩვენ ხელი შევუშალეთ." - თავის მეუღლესთან დაკავშირებით კი ნინო ბურჯანაძემ ასეთი რამ თქვა: "არ არის გამორიცხული, ბადრი ბიწაძემ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს - ქვეყნებს ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ. საქართველოში დღეს სამართალს ვერ იპოვი და, შესაბამისად, ვერც ბადრი ბიწაძე დაამტკიცებს თავის სიმართლეს.”

”ახალი თაობა” ფოტორეპორტიორების საქმეს უბრუნდება და აქვეყნებს ინტერვიუს უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან. ”ეს არის პირველი საპროცესო შეთანხმება, რომელიც კი მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფული არ გადახდილა და ისე უშვებენ, თანაც ასეთ დანაშაულზე, ე.წ. "დამნაშავეებსო", - უთხრა ნანა კაკაბაძემ ”ახალ თაობას.”

დაბოლოს, ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ერთ პუბლიკაციასაც გაგაცნობთ - ის ქვეყნდება რუბრიკით „ვაი ჩვენს პატრონს“. „მიშამ სასწაული ქვეყანა აგვიშენა“ - ასეთია სტატიის სათაური, რომელსაც ქვესათაური მოჰყვება: „მაგრამ ჩვენ რატომ ვერა ვხედავთ?.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG