Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდალაძის ჩვენება შეკითხვებს აჩენს


დაკავებულ ფოტორეპორტიორთა მხარდამჭერი საპროტესტო აქცია. თბილისი, 2011 წლის 14 ივლისი
დაკავებულ ფოტორეპორტიორთა მხარდამჭერი საპროტესტო აქცია. თბილისი, 2011 წლის 14 ივლისი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გლდანის #მე-8 საპყრობილიდან გამოვიდნენ დაკავებული გიორგი აბდალაძის ადვოკატები და ეკა ბესელია, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”. რაც შეხება მეორე დაკავებულ ფოტორეპორტიორს, ზურაბ ქურციკიძეს, მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, საქმის და ზურაბ ქურციკიძის ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებს.

გიორგი აბდალაძის ადვოკატებისთვის, მათი განცხადებით, მოულოდნელი აღმოჩნდა მათი დაცვის ქვეშ მყოფის აღიარებითი ჩვენება, თუმცა, როგორც ეკა ბესელია, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ამბობს, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს მოულოდნელი არ იყო გამოძიებისთვის:

”გუშინ, როდესაც მე ვნახე გიორგი აბდალაძე, ის ამბობდა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ და არ აპირებს აღიარებითი ჩვენების მიცემას. გუშინ, გვიან ღამით, გადაწყდა, რომ პროკურორს და გამომძიებელს შეხვდებოდა მხოლოდ ჩვენთან ერთად, როცა მობილიზებული იყო უკვე გამოძიება. როგორც ჩანს, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ის ჩვენების მიცემას აპირებდა. სამი კამერა მუშაობდა ამ ჩვენების მიცემის დროს, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.”

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი აბდალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ ჩვენების მიცემისას კითხვების დასმის აუცილებლობა გახდა საჭირო:

”კითხვვების დასმის აუცილებლობა გახდა საჭირო, რაზედაც მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ დაღლილი იყო. ეს მისი უფლებაა, არ უპასუხოს იკთხვებს, თუმცა უცნაურია, როცა საკუთარი დამცველის კითხვებს არ პასუხობ.”

ადვოკატები, გამოძიების ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეც , რომ საქმე გრიფით „საიდუმლოა“, ვერ აკონკრეტებენ ჩვენების დეტალებს, თუმცა ეკა ბესელია, მისი სიტყვებით, შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავ რამდენიმე დეტალს მაინც აზუსტებს, რომელსაც გამოძიება ედავება გიორგი აბდალაძეს:

”პრეზიდენტის, მთავრობის წევრების და რომელიმე უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სტენოგრამებს გიორგი აბდალაძე აკეთებდა - ვინმეს ასეთი რამ სჯერა? - და თურმე ის ესწრებოდა პრეზიდენტის და ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას და ის ამ შეხვედრის სტენოგრამას აკეთებდა, ფოტოკორესპონდენტი. მე მაპატიეთ, მაგრამ ვიტოვებ იმის უფლებას, რომ არ მჯეროდეს ასეთი სისულელეები. ”

რაც შეეხება იმავე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ მეორე ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის, ჩვენებას, მისი ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომენტარისგან თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ზურაბ ქურციკიძემაც მისცა აღიარებითი ჩვენება.

”საქმისთვის ასეა საჭირო და კომენტარს ვერ გავაკეთებ - ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ მაგ ფაქტს.”

ასეთია ზურაბ ქურციკიძის ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის განცხადება.
აქვე გეტყვით, რომ დღეს რამდენიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანია - მათ შორის, „კავკასია“, „მაესტრო“, „თრიალეთი", "25-ე არხი", ინტერნეტტელევიზიები - "პალიტრა-ტვ", "ობიექტივი", რადიოები - "პალიტრა", "უცნობი", "მაესტრო" და "ობიექტივი" საკუთარ ერთსაათიან ეთერს 19-დან 20 საათამდე, დაკავებული ფოტოგრაფებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ერთგვარ აქცია-მარათონს დაუთმობენ, ტელე და რადიო კომპანიების საეთერო სტუდიები ერთმანეთთან ონლაინკავშირში იქნებიან. ამ მაუწყებლების ხელმძღვანელები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ გიორგი აბდალაძის ჩვენება მათ დამოკიდებულას არ ცვლის, რადგან მათ ჩვენების გულწრფელობის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ის სხვადასხვაგვარი ზეწოლის შედეგადაა მიღებული.

”ეს აღიარებითი ჩვენება ჩვენთვის არ შეცვლის პროტესტის საგანს მანამ, სანამ საგამოძიებო ან სასამართლო დოკუმენტებით არ დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ჯაშუშები არიან ან არ არიან ”, აცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი.

დღესევე გორში ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ აქცია გაიმართა. ჟურნალისტები კვლავ მოითხოვდნენ დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებას და საქმის საჯაროობას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG