Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქციები გრძელდება


ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ამჯერად ჟურნალისტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორი ”ალია-ჰოლდინგი” გახლდათ. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილი მედიისა და საზოგადოების მცირე ნაწილი კვლავ ითხოვს ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძის საქმის საჯაროობას და მათ გათავისუფლებას.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჟურნალისტები საკუთარი სასტვენებით მივიდნენ. აქციის დაწყებამდე „ალია-ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს თეთრი მაისურები დაურიგეს, რომლებზეც ფოტოგადაღების ამკრძალავი ნიშანია გამოსახული. ეს ნიშანი და მაისურები, შეიძლება ითქვას, ფოტორეპორტიორებისადმი სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქციის დღევანდელი სლოგანი იყო: „არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ“. ჟურნალისტები თვალებსა და ყურებზე ხელაფარებულები იდგნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას მათი არ ესმის და, ამასთანავე, ტყუის.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართული აქცია ჟურნალისტებისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის გუშინდელი შეხვედრის გაგრძელებაა, რადგან შეხვედრა უშედეგო და არადამაჯერებელი აღმოჩნდა:

”ძალიან კარგი იყო გუშინდელი შეხვედრა: დავრწმუნდით, რომ საპროტესტო აქციები უნდა განვაგრძოთ. მე პირადად კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ის ხალხი არაფერ შუაშია და არიან უდანაშაულოები. ამიტომაც დღეს საპროტესტო აქციაზე ვარ. კარგია, რომ პირველწყაროდან გავიგეთ, რომ მათ არაფერი აქვთ, რაღაც სატელეფონო ამონაბეჭდების გარდა. ამიტომ ან დადონ მტკიცებულება, ან გამოუშვან. აქედან - ერთ-ერთი.”

აქციაზე მისულმა „ალია-ჰოლდინგის“ პასუხისმგებელმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ საზოგადოებას მოუწოდა ხელი მოაწერონ დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლების მოთხოვნაზე. მსურველები თითოეული ფოტოკორესპონდენტის თავდებობაზე ცალ-ცალკე მოაწერენ ხელს, თუმცა ხელმომწერს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, სამივე ფოტოკორესპონდენტის თავდებობას მოაწეროს ხელი.

ჟურნალისტების გარდა, მოთხოვნას აქციაზე მისული რიგითი მოქალაქეებიც აწერდნენ ხელს. ერთ-ერთმა ქალბატონმა ფოტოკორესპონდენტების დაკავების შესახებ ტელევიზით შეიტყო და დღევანდელ აქციასაც ესწრებოდა:

”იმ ინფორმაციის მიხედვით, მე, როგორც მოქალაქე, ვერ ვრწმუნდები, რომ ისინი არიან ბრალეულები. ამიტომ მე ვითხოვ ჯერ საჯაროობას და მერე ვითხოვ მათ გათავისუფლებას, იმიტომ რომ იმ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, მე მათ დამნაშავედ არ ვთვლი.”

ხელმოწერები „ალია-ჰოლდინგში“ გაგრძელდება, დღეს კი აქციაზე 60-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოხერხდა და სამივე ფოტოგრაფმა თითქმის ერთნაირი რაოდენობის ხელმოწერა მიიღო.

აქციების გაგრძელებას რაც შეეხება, ჟურნალისტები აუცილებლად მიიჩნევენ აქციების პერმანენტულობას. როგორც მედიაჰოლდინგ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ამბობს, აქციების მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. მერაბ მეტრეველი ფიქრობს, რომ მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრთან უშედეგო შეხვედრისა, თავად შეხვედრის შესაძლებლობა სწორედ აქციებმა განაპირობა:

”ალბათ, ამ აქციების და აქტიურობის შედეგი იყო ის, რომ ვანო მერაბიშვილი შეხვედრაზე დათანხმდა, მაგრამ, როგორც ნახეთ, ამ შეხვედრიდან განსაკუთრებული შედეგი არ ყოფილა, თუმცა შეხვედრა მაინც ღირდა, რადგან იქნებ მაინც რამე გამოსულიყო და ასეთ შემთხვევაში შეხვედრაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, სწორი არ იქნებოდა.”

ჟურნალისტების განცხადებით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG