Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიუზან ლეიტონი: იმპერიული რუსეთის ლიტერატურაში “ქართველი მამაკაცი” სუსტია


სიუზან ლეიტონის წიგნის გარეკანის ფრაგმენტი
სიუზან ლეიტონის წიგნის გარეკანის ფრაგმენტი

დღეს „მეათე სტუდიის“ სტუმარია ავტორი, რომელსაც ეკუთვნის პირველი ღრმა გამოკვლევა მე-19 საუკუნის, ანუ იმპერიული გაფართოების პერიოდის რუსულ ლიტერატურაში კავკასიის იერსახეების შესახებ. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი სიუზენ ლეიტონი - რომელიც ამჟამად პარიზის რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური ევროპის საერთაშორისო კვლევით ცენტრში მუშაობს - ავტორია კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნისა სახელწოდებით „რუსული ლიტერატურა და იმპერია: კავკასიის დაპყრობა პუშკინიდან ტოლსტოიმდე“. სულ ახლახან, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მკითხველს ლეიტონის წიგნის ელექტრონული ვერსიაც შესთავაზა. საკუთრივ ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, ლეიტონი რუსი მოგზაურების, ეთნოგრაფებისა და საჯარო მოხელეების ტექსტებს თუ განცხადებებსაც შეისწავლის და, შედეგად, გვთავაზობს უაღრესად საინტერესო წიგნს იმის შესახებ, თუ როგორი ასახვა ჰპოვა რუსეთის იმპერიულმა პროექტმა ლიტერატურისა და კულტურის სფეროში; რა კონტრასტები გამოვლინდა ერთი მხრივ ჩრდილოეთ კავკასიის, მეორე მხრივ კი საქართველოს აღწერასა და სტერეოტიპებში. სიუზან ლეიტონს სალომე ასათიანმა დაურეკა პარიზში.


რადიო თავისუფლება: დავიწყოთ ძალიან ზოგადი შეკითხვით: რა როლი შეასრულა კავკასიის დაპყრობამ საკუთრივ რუსეთის იდენტობის ფორმირებაში?

სიუზან ლეიტონი: რუსეთის ეროვნულმა ცნობიერებამ მე-18 საუკუნეში დაიწყო ფორმირება და ამაში დიდი როლი შეასრულა უცხოელებთან, თუ „უცხოებთან“ კონტაქტმა. პეტრე პირველის დროიდან, ამ პროცესებში - „რუსობის“ დეფინიციის მოძებნაში - ცენტრალურ როლს ასრულებდა დასავლეთ ევროპის ფაქტორი. თუმცა, რუსეთის ეროვნული - ისევე, როგორ იმპერიული - ცნობიერების ფორმირებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა საკუთრივ რუსეთის იმპერიის აზიურ საზღვრებს იქით მდებარე ტერიტორიებმაც.

მე-18 საუკუნიდან გახშირდა ეთნოგრაფიული ექსპედიციები კავკასიაში, ყირიმში, ციმბირში და ასე შემდეგ - რასაც ზღვა მასალის დამუშავება მოჰყვა. ამ მასალებს მკითხველის შეზღუდული წრე ჰყავდა, მაგრამ ის მაინც წარმოადგენდა მზარდი იმპერიული ცნობიერების გამოხატულებას. რუსეთის ელიტა იწყებდა თავისი მულტიეროვნული იმპერიის - ბევრი ხალხის, კულტურის თუ სხვადასხვა მიწის ამ უზარმაზარი და მრავალფეროვანი ნაერთის - მენტალური რუკის შექმნას. ამ რუსულ მენტალურ რუკაზე კი განსაკუთრებული ადგილი მიეჩინა კავკასიას - როგორც „ორიენტის“ რუსულ ვარიანტს.

სიუზან ლეიტონი


მაინც, როგორ მოხდა ეს? ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის სამხედრო გზით დაპყრობა - რაც სრული მასშტაბით დაახლოებით 1818 წელს დაიწყო, გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით - დროში დაემთხვა რუსული რომანტიზმის აღმასვლას - კულტურული ფენომენის, რომელიც დასავლეთ ევროპის მხრიდან ისლამური აღმოსავლეთით მონუსხულობის იმიტაციას მიმართავდა. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ისეთი კლასიკური ნაწარმოებები, როგორიცაა, მაგალითად, მოცარტის ოპერა „მოტაცება სერალიდან“, ბაირონის „აღმოსავლური პოემები“ და ბევრი სხვა. ამ დამთხვევის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან კავკასიაში მანამდე უპრეცედენტო რაოდენობით დაიწყეს ჩასვლა რუსებმა - საჯარო მოხელეებმა, მოგზაურებმა, სამხედროებმა თუ მალვაში მყოფმა პირებმა. ამ ახალი და გახშირებული კონტაქტების დროს, რუსებს საკმაოდ გაუადვილდათ კავკასიის წარმოდგენა თავიანთ „ორიენტად“ - მით უფრო, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია დასავლური ორიენტალიზმისა და აზიაში ევროპული იმპერიული ქცევის შესახებ. მათ კავკასია, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ათვლის წერტილად აქციეს - რომელთან მიმართებაშიც უფრო მკაფიოდ ხდებოდა რუსული ეროვნული იდენტობის განსაზღვრება.

რადიო თავისუფლება: დასავლურ და რუსულ იმპერიულ პროექტებს შორის პარალელების გავლებისას, თქვენ დიდწილად ხელმძღვანელობთ ედვარდ საიდის საეტაპო მნიშვნელობის წიგნით „ორიენტალიზმი“. ამ წიგნში ავტორი აღწერს დასავლეთის ქვეყნების - ძირითადად, ბრიტანეთისა და საფრანგეთის - მხრიდან ერთგვარი რეპრეზენტაციული სისტემის შექმნას, რომელშიც იფილტრებოდა „აღმოსავლეთის“, „ორიენტის“ სახეები. სწორედ ამ სისტემას უწოდებს საიდი „ორიენტალიზმს“. მისი თქმით, ეს სისტემა, დასავლეთის კოლონიური გაფართოების ფონზე, შექმნეს „უცხოსა“ და „ეგზოტიკურის“ შეცნობის სურვილით შეპყრობილმა დასავლელმა პოეტებმა, მოგზაურებმა, ეთნოგრაფებმა თუ მთარგმნელებმა. ორიენტალისტურ სტერეოტიპებს საიდი ასე აჯამებს: „ორიენტალური ირაციონალურია, ზნედაცემულია, ინფანტილურია, ‘განსხვავებულია’ - შესაბამისად, ევროპელი წარმოჩინდება რაციონალურად, მაღალი მორალური ფასეულობების მქონედ, ზრდასრულად, 'ნორმალურად'". ამდენად, კოლონიზაციის პროცესს გამართლება ეძებნება. რამდენად გამეორდა ეს მოდელი რუსეთის კონტექსტში? შეიძლება ვთქვათ, რომ რუსული ორიენტალიზმი დასავლურის მსგავსი იყო?

სიუზან ლეიტონი: ცხადია, მსგავსება დიდია. მაგრამ, ჩემი აზრით, რუსული ორიენტალიზმი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ მოდელისგან, რომელიც საიდმა აღწერა. კავკასიის ორიენტალურ სივრცედ წარმოდგენით რუსები, ეჭვგარეშეა, ამყარებდნენ თავიანთ პრეტენზიას „ევროპელობაზე“. მაგრამ, ამავდროულად, ორიენტის განცალკევება და ცალსახად „სხვად“ წარმოჩენა რუსეთს ისე ადვილად არ შეეძლო, როგორც დასავლეთევროპელებს - აზია ხომ რუსეთის სივრცისა და ისტორიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. რუსეთისთვის აზია ერთდროულად საკუთარი თავიც იყო და „სხვაც“.

რადიო თავისუფლება: „ბრიტანეთს იმპერია ჰქონდა, რუსეთი კი თავად იყო იმპერიაო“ - ასე აღწერა ერთმა ისტორიკოსმა ეს სხვაობა.

სიუზან ლეიტონი: დიახ, ზუსტად ასეა. მრავალეროვნული, კონტინენტური იმპერიის სტატუსი, რომელიც რუსეთს აქვს, ბევრ რამეს ცვლის. რუსეთს ჰიბრიდული, ნახევრად აზიური იდენტობა აქვს და სწორედ ეს გამოიხატა პუშკინის, ბესტუჟევ-მარლინსკისა და ლერმონტოვის მხრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხების რომანტიზების ტენდენციაში. რუსეთის კულტურულმა მრავალფეროვნებამ შეუძლებელი გახადა ცალსახა იდენტიფიკაცია დასავლეთის ცივილიზაციასთან. აქვე დავამატებ, რომ რუსული ორიენტალიზმის შედარებას საიდისეული ორიენტალიზმის პარადიგმასთან აკადემიურ წრეებში ბოლო ხანს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ახლახან გამოვიდა მნიშვნელოვანი წიგნი, სახელწოდებით „რუსული ორიენტალიზმი: აზია რუსეთის წარმოდგენაში პეტრე დიდიდან ემიგრაციამდე“. მისი ავტორია ძალიან გრძელი სახელის მქონე ისტორიკოსი - დევიდ შიმელპენინკ ვან დერ უა. მართლა ძალიან კარგი წიგნია!

რადიო თავისუფლება: ეს, ალბათ, პრობლემური პროცესები იყო. თქვენც აღნიშნეთ, რომ ევროპამ, როგორც ცნებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ზოგი მკვლევარი პირდაპირ წერს, რომ სწორედ „ევროპის“ ცნება იყო ის მთავარი „სხვა“, რომელთან მიმართებაშიც ხდებოდა რუსეთის რაობის განსაზღვრა: როცა რუსები ევროპაზე მსჯელობდნენ, იმავდროულად საკუთარ თავზეც ლაპარაკობდნენო. ეს განსაკუთრებით ეხება დაძაბულობას „სლავოფილებს“ - განვითარების ევროპულ გზასთან დაპირისპირებულ რომანტიკოს ნაციონალისტებს - და ევროპისკენ ორიენტირებულ, ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფს შორის. ამ დაძაბულობამ მკაფიო კონტურები შეიძინა 1840-იანი წლების მეორე ნახევარში - და, ალბათ, შეიძლება ითქვას, გარკვეული ფორმით ის დღესაც არსებობს. თუმცა, ეს „სხვად“ წარმოჩენა ორმხრივი პროცესი იყო. აღმოსავლეთი ევროპა - და მასთან ერთად რუსეთი - სისტემატურ ორიენტალიზაციას განიცდიდა დასავლელი მოაზროვნეების მხრიდან; ან „ნახევრად-ორიენტალიზაციას“, როგორც ამას ლარი ვულფი უწოდებს თავის საგულისხმო წიგნში „აღმოსავლეთ ევროპის გამოგონება: ცივილიზაციის რუკა განმანათლებლობის თვალსაზრისით“. ვულფის სიტყვებით, დასავლეთევროპელების თვალში ეს ერთდროულად ევროპა იყო და არც იყო; მას მიიჩნევდნენ ადგილად, რომელსაც ევროპასა და აღმოსავლეთს შორის შუამავლის ფუნქცია უნდა ეტვირთა. რამდენად აისახა ევროპის ცნებასთან ეს პრობლემური დამოკიდებულება იმ ტექსტებში, რომლებიც დაპყრობილი კავკასიის შესახებ შეიქმნა რუსი ავტორების მიერ?

სიუზან ლეიტონი: დიახ, ევროპასთან დამოკიდებულება უაღრესად მნიშვნელოვანია. აქ მართლაც საჭიროა ლარი ვულფი ვახსენოთ, ვინაიდან მან ეს საკითხი ყველაზე უკეთ ახსნა. რუსულ წარმოსახვაში კავკასიის აღქმის მოდელს ნამდვილად აჩნია იმის კვალი, რომ რუსეთი თავად იყო ორიენტალიზაციის ობიექტი ევროპის მხრიდან. პრობლემის არსი მკაფიოდ გამოიხატა სიტყვებში, რომლებიც ფიოდორ დოსტოევსკიმ სიცოცხლის ბოლოს დაწერა, შუა აზიის დაპყრობასთან დაკავშირებით - „ევროპაში სამადლოდ სარჩენები და მონები ვიყავით, აზიას კი ბატონებად გამოვეცხადებით. ევროპაში თათრები ვიყავით, აზიაში კი ევროპელები ვართ. მისია, აზიაში ჩვენი ცივილიზატორული მისია აიტაცებს ჩვენს სულს და იქით წაგვიყვანს, ოღონდ კი მოძრაობა დაიწყებოდეს.“ ანუ, აზიაში იმპერიის მშენებლობა ერთგვარად ევროპული პროექტი იყო, რომელიც რუსებს საშუალებას აძლევდა თავი „ევროპელებად“ აღექვათ. რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთის ამგვარ აღქმას, პარალელურად კი ევროპასთან რუსეთის პრობლემურ დამოკიდებულებას ისტორიკოსები პიტერ ჰოლკვესტი და ალექსანდრ მარტინი „იმპერიის დიალექტიკას“ უწოდებენ. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

რადიო თავისუფლება: „ლიტერატურული კავკასიის“ შემქმნელი ავტორებიდან თქვენ ოთხ ძირითად ფიგურას გამოყოფთ და სხვა ავტორებსა თუ ტექსტებს მათ გარშემო განათავსებთ. თქვენეული ტრაექტორია იწყება ალექსანდრ პუშკინით - და მისი 1822 წლის პოემით „კავკასიის ტყვე“ და მთავრდება ლევ ტოლსტოის „ჰაჯი მურატით“, რომელიც 1912 წელს გამოიცა, მნიშვნელოვანი ცენზურის გავლის შემდეგ. ამ ორ ავტორს შორის არიან ბესტუჟევ-მარლინსკი და ლერმონტოვი. შეიძლება თუ არა ვიკითხოთ, ამ ავტორებიდან რომლებმა მოახდინეს რუსეთის იმპერიალისტური დომინაციის რაციონალიზება, ან მისი გამართლება, ვთქვათ, რუსეთის „ცივილიზაციური მისიით“, და რომლები იყვნენ ყველაზე კრიტიკულები?

სიუზან ლეიტონი: ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ შეუძლებელია. კონტექსტი ყოველთვის ცვლის ავტორთა გაგებას. სამივე დიდი რომანტიკოსი საკმაოდ ორაზროვან დამოკიდებულებას ავლენს. არის შემთხვევები, როცა ჩრდილოკავკასიელი მამაკაცი აღწერილია თავისუფლებისთვის მებრძოლ, ღირსეულ მეომრად - ანუ იმ თვისებების მატარებლად, რომლებსაც რუსები სიხარულით მიაწერდნენ საკუთარ თავს. ამას ემატება მინიშნებები - განსაკუთრებით ლერმონტოვთან - ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობის აქტის სისასტიკეზე თუ სიმხეცეზე. ლერმონტოვის პოემაში „ისმაილ ბეი“ რუსეთის არმია აღწერილია, როგორც მტაცებელი ცხოველი (хищные звери). რუსები აჩანაგებენ სოფელს, ხოცავენ ძუძუთა ბავშვებს.

თუმცა, ლერმონტოვი ცალსახად არაფერს ამბობს, ის ამბივალენტურია - ეს კი განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, უკვე 1990-იან წლებში, როცა კავკასიაში მღელვარება დაიწყო, ჩეჩნებმა გროზნოში მდგარი ლერმონტოვის ძეგლი ჩამოაგდეს. მათ აღშფოთებას იწვევდა ლერმონტოვის ერთ-ერთი პოემის იერსახე - злой чечен - მზაკვარი ჩეჩენი, რომელიც ხანჯლით ხელში მალვით მოიპარება. ანუ, პოსტსაბჭოთა კონტექსტში, ლერმონტოვი იმპერიალისტ ავტორად წარმოჩინდა - რაც შორს არის მისი შემოქმედების სრულფასოვანი შეფასებისგან. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ სამი დიდი რომანტიკოსიდან სწორედ ლერმონტოვმა გამოთქვა ყველაზე მეტი ეჭვი კავკასიის სამხედრო ძალით დაპყრობის მორალური ლეგიტიმურობის მიმართ.

ცხადია, როგორც ცალკე აღებული ნაწარმოები, ტოლსტოის „ჰაჯი მურატი“ უკვე პირდაპირ გმობს კავკასიის ომებს - როგორც გენოციდის გამომწვევ აგრესიას. მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ რომანტიკულ ლიტერატურაში არსებული მოტივები - მათ შორის ბავშვების მკვლელი რუსი ჯარისკაცების იერსახეები - გახდა იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ გვიანდელი პერიოდის ტოლსტოი ასეთ ანტიიმპერიალისტურ პოზიციაზე დამდგარიყო.

რადიო თავისუფლება: ორიენტალიზმში დიდი როლი ენიჭება რელიგიურ განსხვავებას და, განსაკუთრებით, ცხადია, ისლამს, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის, ისტორიულად, საფრთხედ აღიქმებოდა. ისევ საიდის ციტატას თუ მოვიყვანთ, „ისლამი იქცა გარეშე ძალის მძლავრ იერსახედ, რომელთან წინააღმდეგობაშიც ჩამოყალიბდა დასავლური ცივილიზაცია, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული“. რუსეთის მხრიდან კავკასიის ორიენტალიზაციას რომ დავუბრუნდეთ, როგორ დაუკავშირდა ეს პროცესები ჩრდილოეთ კავკასიაში მუსულმანურ თემებთან მიმდინარე ომებს? როგორ აღწერდნენ რუსი ავტორები ამ ხალხებს და ჩრდილოეთ კავკასიის ისლამურ კულტურებს?

სიუზან ლეიტონი: ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩრდილოკავკასიელი მთის კაცის ყველაზე გავრცელებული, რომანტიკული იერსახეა ერთგვარი „ღირსეული ველური“, რომელიც ატარებს ღირსეული მეომრის თვისებებს: სიმამაცეს, თავისუფლების სიყვარულს. ანუ თვისებებს, რომლებსაც რუსები თავიანთ ეროვნულ მამაკაცურ იერსახეებს მიაწერდნენ ხოლმე.

რადიო თავისუფლება: „ღირსეული ველურის“ პარალელები დასავლეთ ევროპის ლიტერატურაშიც ბევრია - ყველაზე გამორჩეულად, ცხადია, ბაირონთან.

სიუზან ლეიტონი: დიახ, ზუსტად ასეა. და საქმე იქაც მთის ხალხს ეხება. მაგალითად, „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობაში“ ბაირონის მიერ ალბანელი ხალხის აღწერა მართლა ძალიან ჰგავს [რუსი ავტორების მიერ ჩრდილოკავკასიელების დახასიათებას].
თავიდან - მაგალითად, პუშკინის „კავკასიის ტყვეში“ - მთის ხალხი, ანუ горцы, გამოკვეთილად მუსულმანებად არ არიან წარმოჩენილი. პირიქით, ისლამის ფაქტორი სუსტად ფიგურირებს. დომინანტურ იერსახეს მთის გარემო ქმნის - ერთგვარად „ალპური“ გარემო. პატარა ჩერქეზული სოფელი, რომელიც გარშემორყმულია ულამაზესი მთებით. დაახლოებით 1820-იანი წლებიდან კავკასიის მთების რუსეთის „ალპებად“ აღქმა უკვე გავრცელებულ პრაქტიკად იქცა - მას кавказские альпы-ს უწოდებდნენ. სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია - მაგალითად, პუშკინი ლაპარაკობს ჩერქეზ ხალხზე - народ-ზე - რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიწას ამუშავებს, საღამოს კი შინ ბრუნდება. ეს დეტალია, მაგრამ, ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი. ის მიანიშნებს, რომ ამ ხალხს მიწათმოქმედების ტრადიცია აქვს, რომ ისინი გლეხებს ჰგვანან და მხოლოდ „ბანდიტები“ არ არიან.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როცა პუშკინი „კავკასიის ტყვეს“ წერდა, ისიც იზიარებდა რუსეთში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას - რომ გენერალმა ერმოლოვმა კავკასიის დაპყრობა მოახერხა. კავკასია რუსეთის სამეფო ტახტის ფეხქვეშ არისო, დაწერა ერთმა რუსმა ჟურნალისტმა 1823 წელს. ომი დამთავრებული ეგონათ. არადა, როგორც ვიცით, ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდე იყო. რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადმა ჩეჩნეთსა და დაღესტანში გვიანდელ 1820-იან წლებში ამოხეთქა, პირველი კავკასიელი იმამის, ღაზი მუჰამედის ხელმძღვანელობთ. და წინააღმდეგობის ეს მოძრაობა, როგორც ცნობილია, გაგრძელდა იმამ შამილამდე, რომელიც რუსეთს მხოლოდ 1859 წელს დანებდა. აი, უკვე ამ ჯიჰადის კონტექსტში - და რუსეთის სამხედრო იერიშის ესკალაციის ფონზე - ჩნდება ბევრი ლიტერატურული იერსახე, რომელიც მთის ხალხს სასტიკ, მხეცურ მუსულმანებად წარმოაჩენს. იწყება ისლამის, როგორც მახასიათებლის, ხაზგასმა. შესაბამისად, იცვლება გარემოს აღწერაც - 1830-იანი წლებიდან ჩრდილოკავკასიური გარემო ძლიერ ორიენტალიზაციას განიცდის. მთებს ალპებს აღარ ადარებენ, ისინი აულებით მოფენილი ხდება.

თუმცა, ორიენტალიზაციის ეს შემთხვევები, რომლებიც მართლაც ძალიან წააგავს საიდის მიერ აღწერილ რეპრეზენტაციულ სისტემას, ძირითადად იმ ავტორების ტექსტებში გვხვდება, ვინც ახლა დავიწყებასაა მიცემული. ჩემს წიგნში მათ „მცირე მაორიენტალიზებლებს“ ვუწოდებ. ისლამზე, ჩრდილოკავკასიაზე და აზერბაიჯანზე, ცხადია, ლერმონტოვი და ბესტუჟევ-მარლინსკიც ლაპარაკობენ - ისევე, როგორც ჯარისკაცი-პოეტი ალექსანდრ პოლეჟაევი. მაგრამ ამ ავტორების ნაწარმოებები ბევრად უფრო კომპლექსური და ამბივალენტურია, ვიდრე უფრო უმნიშვნელო ფიგურების, ამ „მცირე მაორიენტალიზებლების“ მიერ შექმნილი ტექსტები, [სადაც ჩრდილოკავკასიელი მუსულმანები ცალსახად უარყოფითად არიან აღწერილი].

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პერიოდის გარკვეულმა განწყობებმა და ინტონაციებმა მოგვიანებით უფრო მძლავრად იჩინა თავი. კერძოდ, ბესტუჟევ-მარლინსკი, ლერმონტოვი და პოლეჟაევი ჩრდილოეთ კავკასიის ომებს მორალურად პრობლემურ პროცესად წარმოაჩენდნენ, რაც, ჩემი აზრით, აირეკლა რუსეთში გვიანდელ მე-19 საუკუნეში ფეხმოკიდებულ შეხედულებებში, რომ კავკასიის დაპყრობა ამბიციური გენერლების მიერ განხორციელებული, უაზრო და ზიანის მომტანი ავანტიურა იყო. ზუსტი ფრაზა ასე ჟღერდა - вредные, бесполезные затеи честолюбивых генералов.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, ახლა კონკრეტულად საქართველოზე გადავიდეთ. თქვენ აღწერთ რუსულ ლიტერატურაში საქართველოს ასახვის ძალიან სპეციფიკურსა და ჩრდილოეთ კავკასიისგან საკმაოდ განსხვავებულ, მოდელს. ყველაზე საინტერესო, ალბათ, თქვენი ის მოსაზრებაა, რომ საქართველო სისტემატურად ხდებოდა ორიენტალიზაციის ობიექტი - მისი ევროპული მახასიათებლების მიჩქმალვის ფონზე. თუ შეიძლება, ცოტა მეტი გვითხარით ამაზე. აქვე გკითხავთ: თქვენი აზრით, მაინც რამდენად არაზუსტი იყო საქართველოს ეს იერსახეები? თურქული და სპარსული კულტურების გავლენა ძალიან დიდი იყო იმ პერიოდის საქართველოზე. შესაბამისად, საქართველო ადვილი სამიზნე იყო ორიენტალიზებისთვის. ბევრი დღესაც გეტყვით, რომ საქართველოს „გაევროპულებაში“ წამყვანი როლი სწორედ რუსეთმა შეასრულა. მაშ რამდენად „ევროპული“ იყო საქართველო რუსეთის იმპერიული ექსპანსიის პერიოდში - და რა ხარისხით უწევდათ რუს ავტორებს მისი მახასიათებლების „მიჩქმალვა“?

სიუზან ლეიტონი: დიახ. როგორც თქვენც ამბობთ, საქართველოს „ორიენტალიზება“ მართლაც იოლი იყო, მასზე სპარსეთისა და თურქეთის გავლენის გამო. მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსები საქართველოს ისტორიას და კულტურას სელექციურად, არჩევითად აღიქვამდნენ. მათ დიდწილად უგულებელყვეს ამ კულტურის უძველესი ქრისტიანული საფუძვლები და, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია, მოახდინეს საქართველოს დე-მასკულინიზაცია, მისი ფემინიზაცია. ყოველივე ამან კი ლეგიტიმურად წარმოაჩინა რუსეთის მხრიდან საქართველოზე კონტროლის დამყარება. ჩრდილოკავკასიელი ხალხებისგან განსხვავებით - რომლებსაც, როგორც ვთქვით, ხშირად აღწერდნენ იმპერიის წინააღმდეგ იარაღით მებრძოლ, ძლიერ მამაკაცებად - საქართველო, რუსულ ლიტერატურულ ტექსტებში, წარმოჩინდა გაფურჩქვნილ, პასიურ, მგრძნობიარე აღმოსავლეთად. ეს აღმოსავლეთი ხშირად სიმბოლიზებული იყო, როგორც ქალი; ქალი, რომელიც რუსეთთან გაერთიანებას ელტვის. იმპერიალისტური მითების ბოლო შტრიხი კი ქართველი მამაკაცების სტერეოტიპები გახლდათ - ზარმაცი, სუსტი, მხდალი კაცების, ხშირად მთვრალების, ხანდახან ფიცხების, მთლიანობაში კი არაფრის მაქნისების.

რადიო თავისუფლება: ამის ყველაზე მკაფიო და ცნობილი გამოხატულება, ალბათ, ლერმონტოვის ფრაზაა: „გარბოდნენ მხდალი ქართველები“.

სიუზან ლეიტონი: დიახ, ზუსტად ასეა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ მისმა ერთმა ნათესავმა იკითხა, ლერმონტოვი თავად მსახურობდა ჯარში, მან იცის, რომ ქართველები მხდალები არ არიან, და ნეტავ რატომ დაწერა ასეო. თუმცა, მითების შექმნის პროცესს ასეთი რამეები ზოგადად ახასიათებს.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, მაინც რატომ მოხდა ასე? რატომ არის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გვხვდება მასკულინური, ვაჟკაცი ფიგურების მთელი გალერეა: ამალატ-ბეკი, ჰაჯი-მურატი, თავად შამილი და სხვები, საქართველოს შესახებ ლიტერატურაში კი არც ერთი მსგავსი გმირი არ არის?

სიუზან ლეიტონი: ამ შეკითხვას, ალბათ, არ აქვს პასუხი. ისტორიკოსმა მარკ რაეფმა ერთხელ მითხრა, კარგი ისტორია მაშინ იწერება, როცა ცდილობ, პასუხი გასცე კითხვას: „როგორ“, და არა „რატომო“. შეკითხვა „რატომ?“ ხშირად ბევრ სპეკულაციას იწვევს. გარკვეული პროცესის განვითარებაზე დაკვირვება ნამდვილად შეგვიძლია; შემდეგ კი ალბათ იმის გამოცნობაც შეიძლება ვცადოთ, რა დგას ამ პროცესის უკან.

რუსეთის შემთხვევაში, საქართველოს შესახებ შექმნილი მითები აშკარად ისახავს მიზნად იმპერიული ბატონობის ლეგიტიმაციას. ამ ერთგვარი [ლიტერატურული] „მაჩიზმოს“ ფორმირებას, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიულმა სიმცირემაც - რუსეთის იმპერიის თვალუწვდომელ ზომასთან შედარებით.

ძალიან საინტერესოა, ერთი მხრივ, საქართველოს კომპლექსური რეალობის, მეორე მხრივ კი რუსეთის ლიტერატურაში არსებული იერსახეების ურთიერთმიმართება. ქრისტიანობა საქართველომ რუსეთზე ექვსი საუკუნით ადრე მიიღო. ამასთან, ფაქტია, რომ რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ - რომელიც, როგორც ვიცით, 1801 წელს იწყება - ბევრი ქართველი მამაკაცი ცარისტულ არმიაში ოფიცრად მსახურობდა, იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, მონაწილეობდა ჩეჩნების საწინააღმდეგო კამპანიებში. ამას ემატებოდა რუსებსა და ქართველებს შორის არსებული პროფესიული და პირადი ურთიერთობები. მაგალითად, გრიბოედოვის სიმამრის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი ცნობილი იყო თავისი სტუმართმოყვარეობით, ლიტერატურული წრეების წარმომადგენელი რუსებისა და ქართველების შეხვედრებით. რუსეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ლიტერატურული და კულტურული კავშირები, როგორც ვიცით, საბჭოთა პერიოდშიც გაგრძელდა. და მაინც, ქრისტიანი ქართველი მამაკაცების დადებითი თვისებები - ისევე, როგორც რუსი და ქართველი მამაკაცების ახლობლობის მაგალითები - რუსულ ლიტერატურაში, როგორც წესი, არ გვხვდება. ამ ტექსტებში თავს იჩენს კულტურული მითოლოგია, რომელიც გამართლებას უძებნის საქართველოზე რუსულ იმპერიულ დომინაციას.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ორიენტალიზაციისა და, ზოგადად, თქვენს მიერ აღწერილი რეპრეზენტაციული სისტემის ყველაზე მკაფიო მაგალითები რომელ ტექსტებში გვხვდება?

სიუზან ლეიტონი: როგორც ვთქვით, ლერმონტოვის „დემონია“ მხდალი ქართველი მამაკაცის იერსახის მკაფიო მაგალითი. ამასთან, რუსი მწერლები არა მხოლოდ ქრისტიანობას უგულებელყოფენ, არამედ მიჩქმალავენ იმ სისასტიკესა და ძალადობას, რომელიც თან ახლდა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას - ისევე, როგორც რუსეთის ბატონობის მიმართ საქართველოს წინააღმდეგობას. გადმოცემის თანახმად, 1803 წელს, დამხობილმა ქართველმა დედოფალმა, მარიამმა, სასიკვდილოდ დაჭრა ცარისტი გენერალი, რომელსაც მისი [რუსეთში] გაგზავნა ჰქონდა დავალებული. ეს საოცარი აქტია - რომელსაც მაშინდელი რუსული დოკუმენტები მხეცურ, ქალისთვის წარმოუდგენლად სასტიკ ქმედებად აღწერდნენ. ჩემი აზრით, ამ მკვლელობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა რუსულ ლიტერატურაში, რადგან იქ ბევრი სახიფათო ქართველი ქალი გვხვდება. გავიხსენოთ ლერმონტოვის პოემის გმირი, ზნედაცემული და მოძალადე დედოფალი, თამარა; პუშკინის „ბახჩისარაის შადრევნის“ პერსონაჟი, მკვლელი ზარემა. კიდევ ერთი სახიფათო ქალი - მედეას მსგავსი მკვლელი ქალი - გვხვდება გრიბოედოვის ტექსტში, სახელწოდებით „ქართული ღამე“. მნიშვნელოვანია, რომ მოძალადე და სახიფათო ქალების ეს იერსახეებიც დიდწილად სწორედ იმპერიის მშენებლობას ემსახურებოდა. ამ ქალების დაქვემდებარების, მათი გაკონტროლებისთვის ძლიერი კაცები იყვნენ საჭირო. ქართველი კაცი კი, როგორც გვახსოვს, სუსტი და არაფრის მაქნისი იყო.

რადიო თავისუფლება: საქმე ალბათ გარკვეულ პარადოქსთანაც გვაქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია წარმოდგენილი იყო, როგორც ქრისტიანობისა და ევროპული ღირებულებების დაცვა ისლამისგან. როგორ მოხდა, რომ ლიტერატურულ ტექსტებში ქრისტიანული მემკვიდრეობა მიჩქმალულია?

სიუზან ლეიტონი: დიახ, ეს მართლაც ძალიან საინტერესო საკითხია. თუმცა ისიც ვიცით, რომ მითების შექმნა სწორედ წინააღმდეგობრივი ფაქტორების გადაწყვეტას ემსახურება. ჩემი აზრით, საქართველოს ფემინიზაცია, მისი „ქალად“ წარმოჩენა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, რუსეთი დამცველად გვევლინება, აქცენტი მართლაც კეთდება ერთმორწმუნეობაზე. მაგრამ, ამასთან ერთად, ისიც ვიცით, რომ ამ ქრისტიანული კავშირის მიუხედავად, საქართველოში ძლიერი იმპულსები და აჯანყებები იყო რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ. ანუ, ამ დაპყრობას ქართველები სიხარულით არ შეხვედრიან. და მოძალადე ქალების იერსახეებიც, ალბათ, სწორედ ამის სიმბოლოა. დიახ, საქართველო დაცვას საჭიროებს - თუმცა, ამავე დროს, ეს სახიფათო საქმეა, ამ საშიში და მოძალადე ქალის გამო. შესაბამისად, ჩნდება დომინანტი რუსი მამაკაცის, სასიძოს საჭიროება...

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG