Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 ივლისი, 2011


მიმოხილვას „ვერსიით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს პირველ გვერდზე აქვეყნებს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა მოხდა ოპოზიციურ „რვიანში“. პუბლიკაციის ავტორი გაზეთის მთავარი რედაქტორია, თავად დაშლის მიზეზის ავტორისეული ვერსია კი სათაურიდანაც ჩანს. სათაური ასეთია: „გამყრელიძის შურისძიება“. ავტორი წერს: ”’რვიანის’ დაშლის მიზეზი, რაც უნდა სკანდალურად მოგეჩვენოთ, არც მილიონი ლარია, როგორც ბევრს უნდა წარმოაჩინოს, არც პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა და არც ბიომეტრიული პასპორტები”. მიზეზი, ავტორის აზრით, მომავალი გაერთიანებაა, რომლის შესაქმნელადაც თურმე ოპოზიციური „ექვსიანი“ ემზადება, გამყრელიძე-თარგამაძის გამოკლებით, და რომლის ბუნებრივი ლიდერი, ავტორის სიტყვებით, ლევან გაჩეჩილაძეა. უფრო მეტს ”ვერსიიდან” შეიტყობთ დღეს.

”რეზონანსი” კი წერს, თბილისის სკოლებში რუსული სექტორები უქმდებაო. ლაპარაკია თბილისში არსებულ რუსულენოვან სკოლებზე, რომლებიც გასულ წელს რუსულ-ქართულად გადააკეთეს და თითოეულ სკოლაში ორი - რუსული და ქართული - სექტორი გაჩნდა. სწორედ ამ სექტორების გაუქმებაზეა ლაპარაკიო, წერს გაზეთი და წყაროდ თავად რუსული ენის მასწავლებლები მოჰყავს, თუმცა კი ”რეზონანსი” იმასაც წერს, განათლების სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფსო.

საარჩევნო გარემოს გაუმჯებესების გარშემო შექმნილ ვითარებას დღეს არაერთ სტატიას უძღვნის ”საქართველოს რესპუბლიკა”. გაზეთი პუბლიკაციებს ერთ რუბრიკაში აერთიანებს სათაურით - ”დომხალიც ამას ჰქვია”. სტატიების სულისკვეთება კი სათაურებიდანაც კარგად ჩანს. აი, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს: ”გაშესტიორკებული რვიანი”, ””ექვსიანს ბევრად მეტი უნდა, ვიდრე მილიონი პოსლეზე”, ჯერ ფაფხურია, დანარჩენი მერე ვნახოთ” და ”დაივიწყეთ რეფერენდუმი” - ეს ”საქართველოს რესპუბლიკის” სტატიების სათაურებია.

რეფერენდუმის საკითხს რადგან შევეხეთ, ”ახალი თაობა” წერს დღეს პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგის შესახებ. ”მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში, რომელიც ე.წ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდა, ერთ-ერთ პუნქტად დევს დეპუტატების რიცხოვნობის ზრდა რეფერენდუმის შედეგების გვერდის ავლითო”, - თქვა ცაგარეიშვილმა და შემდეგ წაიკითხა 2005 წელს ჩატარებული საპარლამენტო სხდომის სტენოგრამები, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის გამოსვლა, რომელიც პროექტის წარმდგენი იყო და სადაც ის ამბობს, რომ რაოდენობასთან დაკავშირებით არავის არ აქვს წინააღმდეგობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილია რეფერენდუმის მიერ და "რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, ვალდებული ვართ, რომ შევასრულოთო". ამ პუბლიკაციას ”ახალ თაობაში” გაეცნობით.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG