Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 ივნისი, 2011


ქართული პრესის მიმოხილვა დღეს უნდა დავიწყოთ იმ აქციით, რომლის მსგავსსაც ქართულ გაზეთებში იშვიათად ნახავთ, უფრო სწორად, მგონი სულაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო. დღეს ქართული გაზეთებისა და ჟურნალების უმეტესობის პირველ გვერდზე ნახავდით წარწერას: ”სოლიდარობა მედიაპალიტრას!” თავად ”მედიაპალიტრის” გამოცემა ”კვირის პალიტრა” კი ასევე პირველ გვერდზე ”გმადლობთ სოლიდარობისთვისო”, - წერდა. ბარემ, თუ გაინტერესებთ, გეტყვით, ვინ იღებდა მონაწილეობას ამ აქციაში: "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ვერსია", "ასავალ-დასავალი", სპორტული გაზეთები - ”ოლიმპი”, ”მსოფლიო სპორტი” და ”ლელო”. ასევე ჟურნალები ”ლიბერალი” და ”რეიტინგი”. ამას გარდა, რეგიონალური გაზეთებიც უნდა ვახსენოთ, რომლებსაც, როგორც წესი, პრესის მიმოხილვაში არ ვრთავთ ხოლმე, თუმცა კი რამდენიმეს თბილისური გაზეთების დიდ ნაწილზე მეტი ტირაჟიც აქვს... ჰოდა, რეგიონალური გაზეთების სრული უმრავლესობაც მონაწილეობას იღებდა ამ აქციაში.

”კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც ამბობს: ”მედიის გაკონტროლების ერთადერთი საშუალება, რაც ხელისუფლებას აქვს, არის საგადასახადო შემოწმებები და წვრილმან დარღვევებზეც კი მაქსიმალურად რეაგირება. მედიასაშუალებას შეუძლია უჩივლოს სასამართლოშიც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მოქმედ იურიდიულ აქტებს, მედია საკმაოდ კარგად არის დაცული. ამიტომაც რჩება ერთადერთ საშუალებად საგადასახადო დარღვევების ძებნა და ამის საფუძველზე რაღაც ზომების მიღებაო.” ვახტანგ ხმალაძემ დასძინა: „სრულიად შემთხვევით გავხდი მომსწრე, როგორ დაიწყო ეს პროცესი. "მედიაპალიტრაში" სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბა ყველა, გარდა ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედიასაშუალებებისა. ისინიც კი რომ მოვიდნენ, ვისაც, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში ერთიმეორესთან ან საერთოდ არა აქვთ ურთიერთობა, ან, შესაძლოა, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეთ, აშკარად მიუთითებს გაზრდილ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზეო“.

ჟურნალი ”ლიბერალი” კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „26 მაისის დარბევის ყველაზე მწვავე მომენტები სწორედ "პალიტრა-ტვ"-ის ჟურნალისტებმა გადაიღეს. მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოკადრები შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და დამოუკიდებელი ტელეარხების ეთერითო”. ჟურნალი წერს: "ხელისუფლების მიერ მთავარი გაკვეთილი ნასწავლია - თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი უფრო რაფინირებული და დახვეწილი გახდა - სპეცრაზმელების ნაცვლად ის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციაში ამჯერად კანონიერი მიზნებით საგადასახადო სამსახურის თავაზიან თანამშრომლებს გზავნის. ჰოლდინგის კუთვნილი გაზეთები, რადიო და ვებგვერდი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ჰოლდინგის მენეჯერები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას მათი ფინანსური საქმიანობის შეზღუდვით აპირებს. სტატიის სათაურია ”თამაში ორმაგი სტანდარტით” და მას ”ლიბერალში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG