Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე მეუღლის ადგილსამყოფელს არ გაამხელს


ქართულ პრესაში გაჩნდა დაუდასტურებელი ცნობები 21-26 მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ. გაზეთი ”რეზონანსი”, მაგალითად, წერს, რომ ის შესაძლოა სომხეთში იმყოფებოდეს. ბიწაძე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკარგულად არ ითვლება, რადგან მის ოჯახს შესაბამისი ორგანოებისათვის არ მიუმართავს. ის ჯერჯერობით არც ძებნილად გამოუცხადებიათ, თუმც კი სასამართლომ ბადრი ბიწაძეს ბრალი უკვე წაუყენა.
მე მისი ადგილსამყოფელის არც დადასტურებას ვაპირებ და არც უარყოფას. და არც იმას ვაპირებ, ხელისუფლებას რაიმენაირად შევუმსუბუქო საქმიანობა...

სად არის ბადრი ბიწაძე, 21-26 მაისის აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელსაც ბრალად წინასწარ შექმნილი ჯგუფების მიერ პოლიციაზე თავდასხმების ორგანიზება ედება და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში 100 000 ლარიანი გირაო უნდა გადაიხადოს? მას ჯერჯერობით არც სამართალდამცავები ეძებენ და არც მისი ოჯახი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს 3 ივნისს მისი მეუღლისა და ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ ის არ აპირებს პოლიციას სამუშაო შეუმსუბუქოს და თავისი მეუღლის ადგილსამყოფლის შესახებ აცნობოს.

ნინო ბურჯანაძე: მოვიცადოთ ერთი კვირა და ვნახავთ.

რადიო თავისუფლება: თქვენ არ იცით სად არის თქვენი მეუღლე?

ნინო ბურჯანაძე: რომც ვიცოდე, ამ ეტაპზე მაინც არ ვიტყოდი. ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვიცი თუ არ ვიცი, ვეძებ თუ არ ვეძებ და ვნერვიულობ თუ არა. მე მისი ადგილსამყოფელის არც დადასტურებას ვაპირებ და არც უარყოფას. და არც იმას ვაპირებ, ხელისუფლებას რაიმენაირად შევუმსუბუქო საქმიანობა. იმუშაონ.

ბადრი ბიწაძე
სამინისტროს რომ ბიწაძის ძებნის ოპერაცია არ დაუწყია, ეს ინფორმაცია შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ”დიალოგში”, 2 ივნისს დაადასტურა. მან თქვა:

”ბადრი ბიწაძეს ოჯახის წევრები, როგორც ჩანს, არ ეძებენ. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონ ნინოსგან ან ოჯახის სხვა წევრებისგან განცხადება არ შემოსულა, რომ კაცი დაიკარგა. ასე რომ, სამინისტროს ბიწაძის ძებნის ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. მას და მისი ოჯახის წევრებს აქვთ ერთკვირიანი ვადა - გირაო შემოიტანონ.”

როგორც ჩანს, ურყევია ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებაც - არ გადაიხადოს მოთხოვნილი გირაო, 100 000 ლარი, რადგან ის და მისი მეუღლე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და სასამართლოს გადაწყვეტილებასაც აფასებენ როგორც სამარცხვინოს:

გირაოს ბრალდებულები ითხოვენ, იხვეწებიან ხოლმე და ხშირად არ უფარდებენ და აქ შეუფარდეს. ის არ გამოცხადდა და თანაც აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან? სრულიად ალოგიკური მგონია...
”არ მესმის, საერთოდ რას ნიშნავდა გირაოს შეფარდება, როდესაც ჩვენ გირაო არ მოგვითხოვია. როგორც კი გირაოს თაობაზე გავიგე, იმავე წამს კატეგორიულად ვთქვი, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა თანხას ითხოვენ - ჩვენ ამ თანხას არ გადავიხდით, რადგან არაფერი დაგვიშავებია და კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ამტკიცოს, რომ ბადრი ბიწაძე რამეში დამნაშავეა.”

ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე ხაზგასმით დასვა კითხვა, როგორ მოხდა, რომ ბიწაძის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების ბრალდებამდე დავიდაო, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილებაც ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება.

თუ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს უკვირს, რატომ შეუფარდეს გირაო მის მეუღლეს, როცა ეს ბიწაძის ადვოკატს არც უთხოვია, ადვოკატი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბადრი ბიწაძეს ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, რაზეც ათასობით ბრალდებული ვერ იოცნებებს:

”გირაოს ბრალდებულები ითხოვენ, იხვეწებიან ხოლმე და ხშირად არ უფარდებენ და აქ შეუფარდეს. ის არ გამოცხადდა და თანაც აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან? სრულიად ალოგიკური მგონია. და ვფიქრობ, რომ ბიწაძე ახლა ამ ქვეყნისთვის გასაოცარი პროვილეგიით სარგებლობს, როცა პროკურატურა ამბობს, რომ არ დავიჭერთ და ისე მოგვცეს ჩვენება.. და ასეთ ვითარებაშიც რომ არ ცხადდება და იმალება ადამიანი, არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე”...

იმ შემთხვევაში, თუ ბიწაძე გირაოს თანხას არ გადაიხდის და არც სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადდება, ადვოკატი ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ მასზე პოლიცია ძებნას გამოაცხადებს და განაჩენსაც მისი ადვოკატის თანდასწრებით გამოიტანენ. სსკ-ს 358-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მსგავსი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG