Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 მაისი, 2011


პრესის მიმოხილვას არატრადიციულად - დღეს გამომავალი ჟურნალებით დავიწყებთ. ”ლიბერალისა” და ”ტაბულის” გარეკანები კარგად ასახავს 26 მაისის მოვლენების ორგვარ შეფასებას. ”ლიბერალის” პირველი გვერდი მთლიანად უჭირავს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია აქციის დარბევისას დაკავებული, ხელებშეკრული მამაკაცი, რომელსაც სახე სისხლით აქვს მოსვრილი და ობიექტივში იყურება. „26.05.2011 - დამოუკიდებლობის ოცი წელი“ - ასეთია სათაური. ჟურნალი მთლიანად მაისის მოვლენების ანალიზს ეძღვნება. აქ ნახავთ ორ აზრს იმის შესახებ, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მსხვერპლზე, რომელიც აქციის დარბევას მოჰყვა. რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს დამნაშავედ ხელისუფლება მიაჩნია - მომიტინგეები აღლუმის ჩატარების ადგილზე პოლიციას საერთოდ არ უნდა შეეშვაო, ამბობს ის. ფილოსოფოსი გიგა ზედანია კი მსხვერპლს ერთმნიშვნელოვნად აქციის ორგანიზატორებს აბრალებს, რომელთა გეგმებშიც, მისი აზრით, ადამიანური მსხვერპლი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
”ტაბულის” გარეკანზე ნინო ბურჯანაძის ფოტოა, მხატრვულად დამუშავებული, ქვემოთ წარწერით - ”გასამართლდეს!”. ”ფოტოესეს” რუბრიკით, გაზეთი მრავლისმეტყველად აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ შლის დემონსტრაციას სპეცრაზმი ბარსელონაში, კატალონიის მოედანზე.

იმავე სულისკვეთებისაა დღევანდელი ”პრაიმ-ტაიმის” გარეკანიც - მასზე გამოსახულია ნინო ბურჯანაძის ფოტო, რომელსაც ზედ წითელი ჯვარი აქვს დასმული. გაზეთი დღეს ”სახალხო კრების” და „ქართული პარტიის“ მაკრიტიკებელ არაერთ პუბლიკაციას აქვეყნებს. ერთის სათაურია, მაგალითად, ”ლიდერები პირველი გარბიან”, ვალერი ნოვოდვორსკაიასთან ინტერვიუს ასეთი ამონარიდი აქვს წამძღვარებული: „ბურჯანაძე ქვეყნის მოღალატეა“. ისე, გაზეთში ასევე ნახავთ ინტერვიუს „ჰიუმენ რაითს ვოჩის“ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიასთან, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას ძალის გადაჭარბების გამო, თუმცა სათაურად გაზეთმა მისი ეს ფრაზა აირჩია: „ხელისუფლებას ჰქონდა აქციის ძალით დაშლის უფლება”.

ბოლოს ”ასავალ-დასავალზეც” გეტყვით. მოწინავე სტატიის სათაური აქ დღეს არის ”26 მაისის ძაღლუმი”, თუმცა უფრო საინტერესოა, ალბათ, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სტატია, რომლის სათაურიცაა ”ქართველებს გვირტყამენ”. ამონარიდი ამ სტატიიდან პირველ გვერდზეც აქვთ გამოტანილი: ”საქართველოს ვაი-სომეხი პრეზიდენტი ქართველებს დაერია”. თავად სტატიაში ავტორი ასეთ რამეს წერს: ”ეს იყო ბაგრამიანის ბატალიონის შემოსევა საქართველოს დედაქალაქზე და ვაი-სომეხი პრეზიდენტის ჯალათების მიერ ქართველების ხოცვა-ჟლეტა”. ავტორი სტატიას მოწოდებით ასრულებს: „ქართველებს გვირტყამენ, გამოიღვიძეთ, ქართველებო”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG