Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერების ძალა და მნიშვნელობა საქართველოში


შშს-ს მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი
შშს-ს მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი
27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახალხო კრების „შეფიცულთა“ ფრთა მოვლენათა ძალადობრივი გზით განვითარების სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობს. ამ ვიდეოჩანაწერს შსს იმ აუდიოჩანაწერთან კავშირში განიხილავს, რომელიც საზოგადოებამ 26 მაისს მოისმინა და რომელზეც ნინო ბურჯანაძე თავის ვაჟს მოვლენების ძალადობრივი გზით განვითარების გეგმებზე ესაუბრება. რა წონა აქვს ამგვარ ფარულ ჩანაწერებს კონკრეტულ საქმეში, რატომ აქვეყნებს მათ ხელისუფლება და მართლაც იკვეთება თუ არა „რუსული კვალი“

27 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანან სახალხო კრების „შეფიცულთა“ ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გია უჩავა, სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე და - ვიზუალური გამოსახულების გარეშე - ისმის სახალხო კრების კიდევ ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის ხმა. გავრცელებული საუბრებიდან ირკვევა, რომ აქციების ორგანიზატორებს „შეფიცულთა“ შემართების იმედი აქვთ და ისინი ცდილობენ დააზუსტონ „მებრძოლი“ და „მეომარი“ ხალხის რაოდენობა.

„შეფიცულთა“ მიზნების დაკონკრეტებას უკვე თავის აღიარებით ჩვენებაში ცდილობს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გია უჩავა. მისი თქმით, „შეფიცულთა“ ჯგუფი მაისში 3582 ადამიანს აერთიანებდა და ის „ფაქტიურად, ჩამოყალიბდა ნახევრად გასამხედროებულ ორგანიზაციად“. ირკვევა, რომ მათ შეიარაღებაში თავდაპირველად შედიოდა ფარები და დროშის ტარები, რომლებსაც ხელკეტების როლი უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით, უჩავას თქმით, „შეფიცულთა“ შურდულებით აღჭურვის წინადადებით გამოსულა ბადრი ბიწაძე. საუბარია უჩავას მიერ „რაგატკებად“ მოხსენიებულ შურდულებზე, რომლებიც რკინის ბურთულებს გაისვრიდა და, შესაძლოა, ადამიანების სიკვდილიც გამოეწვია. განხორციელდა თუ არა ბიწაძის ეს წინადადება, უჩავა არ აკონკრეტებს, თუმცა, მისი განმარტებით, აქციების წინა დღეებში წამოიჭრა საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენების საკითხი; ხოლო აქციის მიმდინარეობისას გეგმაში უკვე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საკითხიც შევიდა:

„მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შემოვა აქციის ტერიტორიაზე და ცეცხლს გაუხსნის სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ ფაქტიურად უკვე, 21-ის ღამიდან ყველაფერს ხელმძღვანელობს, ხელმძღვანელობას თავის თავზე იღებს ბადრი ბიწაძე აქციის ტერიტორიაზე“ - ამბობს უჩავა.

უჩავა, რომელიც 27 მაისს გამოქვეყნებულ აღიარებით ჩვენებაში ბევრჯერ ახსენებს ბიწაძეს, თავად 22 მაისს დააკავეს. სწორედ მის დაკავებას მოჰყვა მომიტინგეთა მხრიდან პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმა. თუმცა, უჩავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მხოლოდ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქვს შეფარდებული.

გეგმებს, რომლებსაც 27 მაისს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ასახავს, ცენტრალურმა არხებმა „შეიარაღებული გადატრიალების გეგმები“ უწოდეს, თუმცა, მასალის პრეზენტაციისას, ასეთ კვალიფიკაციას თავი აარიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, ეს არის „პოლიტიკური მიზნებით ძალის გამოყენების“ გეგმები. უტიაშვილმა ისიც თქვა, რომ 27 მაისს გამოქვეყნებული მასალა 26 მაისის აუდიოჩანაწერთან კავშირში განიხილება. გავიხსენოთ, რომ 26 მაისს, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზებს განიხილავენ, მათ შორის, სამოქალაქო ომს. ბიწაძე პროცესებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჩართვის შესაძლებლობაზეც საუბრობს.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ გამოქვეყნებულ აუდიო- და ვიდეომასალებზე დაყრდნობით ამ ეტაპზე დაკავებული არ არის არც ერთი პირი; რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი მასალები წარმოადგენს მტკიცებულებებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მტკიცებულებები ამა თუ იმ პირის დასაკავებლად:

„რა თქმა უნდა, არ არის“, - ამბობს უტიაშვილი. - „ის, რაც თქვენ იცით, არის საქმის მცირე ნაწილი. გამოძიება გაგრძელდება, კიდევ უამრავი ჩვენება გვექნება, დარწმუნებული ვარ. და მერე ვნახოთ, გამოჩნდება... მერე უფრო ზუსტად გამოიკვეთება კონტურები იმისა, თუ რა იყო დაგეგმილი.“

უტიაშვილის სიტყვებიდან ვარკვევთ, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი ზუსტი კონტურები იმისა, რას გეგმავდნენ სახალხო კრების ლიდერები და გაერთიანების „შეფიცულთა“ ფრთა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ფაქტზე დაწყებული გამოძიების პროცესში გაირკვევა და გამოძიება აჩვენებს, ვისი დაკითხვა გახდება საჭირო.

ხალხის პარტიის ლიდერი, იურისტი კობა დავითაშვილი იხსენებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნებას; ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ადვოკატის ლია მუხაშავრიას თქმით, როდესაც ფარული ჩანაწერები მათში მონაწილე პირების ბრალის დამტკიცებამდე ქვეყნდება, მაშინ საქმე გვაქვს სულ სხვა მიზანთან: „ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება მოვლენის ან იმ პირის დისკრედიტაციას, ვისაც ის შეეხება“, გვეუბნება მუხაშავრია.

მის მსგავსად, ის პირები, ვისაც დღეს არაერთი შეკითხვა უჩნდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ მხარს არ უჭერენ არანაირ ძალადობას. მაგალითად, ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება სინამდვილეში და რატომ გახდა საჭირო აპრილში და მაისის დასაწყისში გაკეთებული ჩანაწერების მაინცდამაინც ახლა გამოქვეყნება. ამ შეკითხვაზე შოთა უტიაშვილი გვიპასუხებს, რომ თავიდან „ნახევრად გასამხედროებული ფორმირებების“ გეგმები ფანტაზიებად აღიქმებოდა, მერე კი გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სერიოზული ჩანაფიქრი იყო.

და მაინც, თუ კონკრეტულად ჯერ არაფერია ცნობილი და ჯერჯერობით ვერც ფირზე ასახული კონკრეტული პირების დანაშაული მტკიცდება, მაშინ რამდენად მართებულია და რას ემსახურება ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება? რადიო თავისუფლების ამ შეკითხვის პასუხად შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ მასალების გამოქვეყნება პრაქტიკულად 26 მაისს ღამით, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ასახსნელად გახდა საჭირო:

„მოხდა ტრაგედია, დაიღუპა ორი ადამიანი. ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რაში იყო საქმე, რა იდგმებოდა, რატომ იყო საჭირო ძალის გამოყენება? ასე რომ, ამ მასალებს სწორედ ამ მიზნით ვავრცელებთ“, განმარტავს უტიაშვილი.

რაც შეეხება ბოლო საპროტესტო აქციების ლიდერთა ქმედებებში „რუსული კვალის“ არსებობას, რაზეც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ეს თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ხაზგასმით აღნიშნა 26 მაისს, აღლუმზე გამოსვლისას: ასეთი კვალის აშკარა ნიშნები, ბევრის აზრით, სულაც არ ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში. თუმცა, როგორც შოთა უტიაშვილის კომენტარიდან ირკვევა, აქამდე გამოქვეყნებული მასალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არც უცდია „რუსული კვალის“ არსებობის დამტკიცება.

„ამ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ჩვენ ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ რუსულ კვალზე. ასეთ ვერსიას ჩვენ წამოვაყენებთ მაშინ, როდესაც საკმარისი მტკიცებულებები გვექნება. სასამართლო პროცესის დროს გამოჩნდება, იყო თუ არა რუსული კვალი, რამდენად სერიოზული იყო და ასე შემდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG