Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასკარადად შერაცხულ აქციებს კონსტრუქციული ოპოზიცია შეფასებას აძლევს


„სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია
„სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია
„სახალხო კრების“ აქციას ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი წერილობით, ნაწილი კი ზეპირად ეხმაურება. „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციებს, მეოთხე დღის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და მას მასკარადი უწოდა.

”ეი, თქვენ, მართლა თახვებო, ოპოზიციაში თუ პოზიციონერებო, რომლებიც არ მოდიხართ დღეს აქ, როცა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენი ერი იღუპება, თქვენ სადა ხართ?” - ასე მოუწოდა „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ელიზბარ ჯაველიძემ ოპოზიციას.
ის, რომ ქუჩაში ვიღაცები მასკარადებს გვიწყობენ, ეს გასაკვირი არ არის და საქართველოს ისტორიას ეს არ უკვირს...

უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში კოსტავას გამზირზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან მიმდინარე „სახალხო კრების“ აქციის აქტიურმა წევრებმა არაერთხელ მოუწოდეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ზუსტად ასეთი თუ არა, დაახლოებით მსგავსი ფრაზებით. მათი ძახილი, ხატოვნად თუ ვიტყვით, „ქართულ პარტიას“ ესმა და კოსტავას გამზირზე მოწყობილი სცენიდან ისიც კი თქვეს, ახლა ძველი წყენის გახსენების დრო არ არისო, თუმცა ბოლოს ისე გამოვიდა, რომ წყენა კვლავ წყენად დარჩა, ”ქართული პარტიის” მიერ დაანონსებული ”მრისხანების დღის” ნაცვლად თბილისში საკმაოდ მზიანი დღე გათენდა, „სახალხო კრებამ“ კი ამჯერად პარლამენტის წინ გადაინაცვლა.

”წადი მშვიდობით” – „სახალხო კრების“ ამ მთავარი გზავნილის ადრესატი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 24 მაისს, გვიან საღამოს, რიყეზე ახალგახსნილი პარკიდან გამოეხმაურა აქციის ორგანიზატორებს და რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კოსტავა ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს მასკარადი უწოდა:

”ის, რომ ქუჩაში ვიღაცები მასკარადებს გვიწყობენ, ეს გასაკვირი არ არის და საქართველოს ისტორიას ეს არ უკვირს. ძალიან ხშირად უმცროსი უფლისწული უფროს უფლისწულს იმიტომ ებრძოდა, რომ ტახტის ხელში ჩაგდება უნდოდა, ან რომელიღაცა მხარის ფეოდალი, რომელსაც მთელი საქართველოს ჩაგდება სურდა, გარბოდა ან სპარსეთში, ან ურდოში, ან პეტერბურგში... და ეუბნებოდნენ მათ, ჩემთან დაიჭირეთ საქმე და ჩაგაბარებთ მთელ საქართველოს გაკოჭილს, ოღონდ, რა თქმა უნდა, მეფის ან მთავარი ვეზირის თანამდებობა მე მეკუთვნისო. ეს ქართველებისათვის აბსოლუტური „დეჟა ვიუა“. მაგრამ მათ ერთი რამ გამორჩათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ჩვენ ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს და ჩვენ ეს ვერ შეგვაჩერებს”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
თქვეს, რომ ჩვენ გვყავს შეფიცულების მრავალათასიანი რაზმიო. ჰოდა, თუ ჰყავთ ეს მრავალათასიანი რაზმი, მათ შეუძლიათ, რომ აღლუმი უპრობლემოდ ჩაშალონ...


იმის მიუხედავად, რომ 26 მაისს თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი აღლუმია დაგეგმილი, რომელიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ყოველ მიზეზგარეშე გაიმართება, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „სახალხო კრებას“ ჯერ კიდევ აქვს იმის თეორიული შანსი, რომ თავისი გეგმები და ძალა დაანახვოს საზოგადოებას:

”თქვეს, რომ ჩვენ გვყავს შეფიცულების მრავალათასიანი რაზმიო. ჰოდა, თუ ჰყავთ ეს მრავალათასიანი რაზმი, მათ შეუძლიათ, რომ აღლუმი უპრობლემოდ ჩაშალონ. მათ თქვეს, რომ თუკი ხელისუფლება ძალას დაგვიპირისპირებს, ჩვენ გვყავს ძალები, რომ ეს აღვკვეთოთო. ჰოდა, ადგნენ და აღკვეთონ”, - ამბობს კახა კუკავა.

”დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ „სახალხო კრების“ წარუმატებლობით არც ნასიამოვნები ვარ და არც ნიშნის მოგების განწყობა მაქვს”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური „რვიანის” წევრმა მამუკა კაციტაძემ. ხელისუფლების შეცვლის მეთოდად მხოლოდ ქუჩის აქციები და რადიკალური მოქმედებები ”ახალი მემარჯვენეებისათვის” მიუღებელია. მამუკა კაციტაძე სახალხო კრების წარმომადგენლებს აქციებისათვის შერჩეულ დროს უწუნებს:
მამუკა კაციტაძე

”მოწმენდილ ცაზე, ანუ არასაარჩევნო პროცესთან მიმართებაში, არა რაღაც კონკრეტულ მოვლენასთან მიმართებაში, რომელმაც საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ შექმნა განსაკუთრებული დამატებითი იმპულსები, ხელოვნურად იმის მცდელობა, რომ აღელვებული ხალხი გამოვიდეს ქუჩაში, იმთავითვე განწირულია”, - მიაჩნია მამუკა კაციტაძეს.

მიუხედავად აქციებისათვის ცუდად შერჩეული დროისა, მამუკა კაციტაძის აზრით, „სახალხო კრების“ მიერ მოწყობილ აქციებს გარკვეული დადებითი შედეგებიც მოჰყვება:

”მკვეთრად გაიყო ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ეს კარგია იმიტომ, რომ ამგვარი გამიჯვნა ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც უფრო აადვილებს შემდგომში არჩევანის გაკეთებას და, მეორე, ქუჩის აქციებმა, მიტინგებმა, გაუთვლელად და მოუმზადებლად ზედმეტი მოლოდინების შექმნამ, მგონია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაარკვია, რომ ამგვარ მეასე შეცდომას ასმეერთედ არ უნდა მიჰყოს ხელი ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუკი ის ჩამოყალიბებული ავანტიურისტი არ არის”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.
ნათელია, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენი ხალხი დაპირისპირებით და ერთმანეთის გაუტანლობით ვერ მივაღწევთ. პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ნდობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ...

უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების შესახებ სპეციალური განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, 24 მაისს გაავრცელა. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და გონიერება და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოლომდე მისცეს პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა:

”ნათელია, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენი ხალხი დაპირისპირებით და ერთმანეთის გაუტანლობით ვერ მივაღწევთ. პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ნდობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და გადავდგათ გაბედული ნაბიჯები პოლიტიკური შეთანხმებების მისაღწევად. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე”, - ამბობს ირაკლი ალასანია.
XS
SM
MD
LG