Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია თბილისში


21 მაისის საპროტესტო აქცია თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00

21 მაისის საპროტესტო აქცია თბილისში

21 მაისს თავისუფლების მოედანზე დაწყებული მიტინგი, „სახალხო კრების“ ლიდერების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაგრძელდა. მომიტინგეებმა შეავსეს ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია ბენზინგასამართი სადგურიდან პოლიციის განყოფილების შენობამდე. „სახალხო კრების“ ლიდერები არ დასჯერდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მიერ მიტინგის მსვლელობის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას და პირველ არხზე დროის გამოყოფა მოითხოვეს:

“დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ხდება, იმიტომ რომ არ აწვდიან ინფორმაციას. მთელ საქართველოს ვერ სწვდება ვერც „მაესტრო“ და ვერც „კავკასია“. ამიტომ მოგვეცით საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნოდეს საზოგადოებას.“

პირველმა არხმა აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნა დააკმაყოფილა - მიტინგიდან ჩართვა საინფორმაციო გადაცემის მსვლელობისას განხორციელდა, თუმცა ამ ნაბიჯმა „სახალხო კრების“ ლიდერები ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერ დატოვა.

ნინო ბურჯანაძე: „ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 5 წუთიანი ჩართვები, იმიტომ რომ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ამ ჩართვებს თურმე მოსდევს „ძალიან საინტერესო“ კომენტარები, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომელსაც ამდენი ხანი აკეთებდა ყველა ტელევიზია „სახალხო კრების“ დისკრედიტაციის მიზნით.“

„სახალხო კრების“ ლიდერებმა ასევე მოითხოვეს უკანასკნელი ორი-სამი დღის განმავლობაში დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლება. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და „სახალხო კრების“ შეფიცულთა რაზმის მეთაურმა გია ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პოლიცია მიზანმიმართულად - ქონების ჩამორთმევითა და ფიზიკური ძალადობით -ცდილობდა „სახალხო კრების“ მხარდამჭერებისათვის გადაადგილებაში ხელის შეშლას:

„ამ რამდენიმე დღეში ხელისუფლებამ ჩაიდინა იმდენი დანაშაული, რომ წარმოუდგენელია ამდენი ხანი როგორ იტანს თავმოყვარე ერი ასეთ ხელისუფლებას. ჩვენს აქტივისტს დედასთან და ფეხმძიმე ცოლთან ერთად სცემეს ისე, რომ ყველანი საავადმყოფოში მოხვდნენ, ერთ-ერთ მათგანს ფეხიც კი აქვს მოტეხილი.“

ამ ბრალდების პასუხად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ძალადობასა და უკანონო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მერაბიშვილის თქმით, პოლიცია არც მომიტინგეების წინააღმდეგ აპირებს ძალის გამოყენებას:

„პოლიცია მოიქცევა ადეკვატურად. ამ შემთხვევაში ადეკვატურია - არანაირი რეაქცია! ყველა ხედავს, რომ მათი გეგმები და განცხადებები ყალბია და არასერიოზულია. არასერიოზულ ქმედებებზე ჩვენ გვექნება სერიოზული რეაქცია, ანუ არანაირი რეაქცია!“ - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. თბილისში დაწყებულ აქციებს მშვიდად უყურებს საპარლამენტო უმრავლესობაც. დავით დარჩიაშვილი ამბობს:

„მთლიანობაში, მგონია, რომ ეს ყველაფერი არის საკმაოდ წინააღმდეგობრივი, ქაოტური, მაგრამ არ შეიძლება თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა, ადეკვატურად მიგაჩნია თუ არა, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ წახვიდე. კი, ბატონო, არის კანონი და იმ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ!“

თავის მხრივ, „სახალხო კრების“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ კანონის დარღვევას არ აპირებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ მთავარ მიზანს - „საქართველოს სააკაშვილის გარეშე“ - უეჭველად მიაღწევენ. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ფიგურალურად ერთგვარი პირობაც კი დადო: „თითებს დავიკვნეტთ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება", - განაცხადა მან. თუმცა ნინო ბურჯანაძემ ისიც შენიშნა, რომ წარმატების მისაღწევად მოთმინება, ქუჩაში დგომა და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გამოსვლაა საჭირო.

„ვინც ტელევიზორს უყურებთ, მერე დადგებით და ჭკუის დარიგებას დაუწყებთ ხალხს, ეს რატომ არ გააკეთეთ და ის რატომ არ გააკეთეთო. გამობრძანდით და დადექით ამ ადამიანების გვერდით. სირცხვილია, ქართველებო! თქვენ მიდით, ჩვენ ტაშს დაგიკრავთო, - ეს არ არის ქართველებისთვის დამახასიათებელი“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG