Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 მაისი, 2011


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს გვამცნობს, საქართველოში ბენზინი და დიზელი ალბათ 5 თეთრით გაიაფდებაო. გაზეთის ინფორმაციით, ნავთობიმპორტიორების ნაწილმა გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიიღო, ნაწილი კი ისევ ბჭობს.

”რეზონანსი” წერს, ნავთობი ბოლო ორ კვირაში 14 პროცენტით გაიაფდა, საქართველოზე კი ეს არ ასახულა და, ჩვენი გამოთვლებით, განსხვავება თვითღირებულებასა და საცალო ფასს შორის ბენზინზე 36 თეთრია, დიზელზე კი 37 თეთრი, რაც 10 თეთრით გაიაფების საშუალებას თავისუფლად იძლევაო.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას ახმეტაში ქართველი და ქისტი მოზარდების ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რაც ქრონიკულ შუღლში გადაიზარდა და თუ სასწრაფოდ ზომები არ იქნა მიღებული, შეიძლება ეთნიკური დაპირისპირებაც გამოიწვიოსო. გაზეთის ცნობით, მორიგი ჩხუბი უფროსკლასელებს შორის ორი დღის წინ, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა და მას შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს ჯგუფ-ჯგუფად დასდევენ.

დანარჩენ ამბებს რაც შეეხება, სტატიებისა და ინტერვიუების უმეტესობა კვლავინდებურად მომავალ აქციებს შეეხება. ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს დღეს რამდენიმე გაზეთი აქვეყნებს. ის „ქართული პარტიის“ შემოთავაზებაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, სტრატეგიაში სხვას ახლა ვერ ჩავახედებთო.

”ახალ თაობას” ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა: "21-ში შემოერთება იმას ნიშნავს, რომ ხალხის გვერდით დადგე, თორემ ჩვენს გადაწყვეტილებებში ვერავინ ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან შეკრული გუნდი, ერთმანეთს ვენდობით. ჩვენ ერთმანეთს იმდენად ვენდობით, რომ ვიცით - არავინ არც მოლაპარაკებაზე წავა და არც გარიგებაზე. ვისაც უნდა ჩვენთან შემოერთება, მხოლოდ გადაწყვეტილებების გარეშე, ჩვენ გადაწყვეტილებებში სხვას ვერ ჩავახედებთ". ინტერვიუს ნონა გაფრინდაშვილთან „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ. სტატიის სათაურია - ”ხელისუფლებას შიშველი ხელებით დავუპირისპირდებით.”

”ქართულ პარტიაზე” ელაპარაკა ”ვერსიას” პარლამენტარი გიორგი გაბაშვილიც. "სულაც არ მივიჩნევ, რომ „ქართული პარტია“ მოვლენების ავანგარდშია. „ქართულ პარტიას“ რეიტინგით 5-6 პარტია მაინც აღემატება, თუმცა არც ისინი არიან პოპულარობის ზენიტში. კიწმარიშვილის, ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის პარტია რუსულ რელსებზეა შემდგარი, ძალადობით იმუქრება და ხალხს განვითარებას კი არა, სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრას ჰპირდება”, - უთხრა გოკა გაბაშვილმა ”ვერსიას” და სახალხო კრების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე გააგრძელა ლაპარაკი: "21 მაისს, როგორც ყველა გამოცხადებულ თარიღს, მივიჩნევ დღედ, როცა ადამიანები გამოვლენ და იტყვიან სათქმელს, რაც გულში აქვთ, ხოლო თუ ისინი კანონის ფარგლებს გასცდებიან და სხვა ადამიანებს საფრთხეს შეუქმნიან, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს და წესრიგი დაამყაროს.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG