Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 მაისი, 2011


დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილის განხილვის მთავარ თემას ყველაზე კარგად, ალბათ, ”ყველა სიახლის” მოწინავე სტატიის სათაური ასახავს: ”გაუვარდა, ესროლეს თუ თვითმკვლელობა სცადა?” - კითხულობს გაზეთი, ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძეზე. ყველაზე ვრცელი სტატია ამასთან დაკავშირებით დღევანდელ ”ალიაში” ქვეყნდება. გაზეთი სანოძის დაჭრის გაუხმაურებელი დეტალების გაცნობას გვპირდება, თუმცა კარგა მოზრდილი სტატიის დიდ ნაწილს შეადგენს დაუსახელებელი წყაროებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ცნობები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაპირისპირების შესახებ. გაზეთი ასევე პირველ გვერდზე კითხულობს, ვინ არის ეკა ზღულაძის მეორე ქმარიო - ”ალიას” ცნობით, ვასილ სანოძე ინციდენტამდე სწორედ ეკა ზღულაძის ქორწილში ყოფილა, რესტორან „პურის“ სახლში. ზღულაძის ქმარი, გაზეთის ინფორმაციით, ფრანგი კინოდოკუმენტალისტი რაფაელ გლუკსმანი გახდა, ცნობილი მწერლის და ფილოსოფოსის, ანდრეი გლუკსმანის ვაჟი.

სხვა განსახილველ საკითხებს რაც შეეხება,”რეზონანსი” წერს, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ და ასეთი სახელმწიფოების რიცხვი 88-მდე გაიზრდებაო. გაზეთთან საუბარში ექსპერტები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ - არჩილ გეგეშიძემ ”რეზონანსს” უთხრა, ეს მისასალმებელი ინიციატივაა, საქართველო ისწრაფის გლობალიზაციის პროცესში ჩაერთოსო. დემურ გიორხელიძის აზრით კი, ეს ინიციატივა საფრთხეების შემცველია, განსაკუთრებულ საფრთხეს ის ალბანელებისა და ერაყელებისათვის საქართველოში საზღვრების გახსნაში ხედავს. სტატიას, შეგახსენებთ, ”რეზონანსში” ნახავთ.

დანარჩენს რაც შეეხება, ქართული პრესისთვის კვლავინდებურად აქტუალური გახდა შესაძლო რევოლუციის თემა. ”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან, რომელიც ამბობს: ”რადიკალურ ოპოზიციაში კინკლაობა იმის ნათელი ნიშანია, რომ ფსიქოლოგიურად არ არიან მზად თავისი სტრატეგიის განსახორციელებლად. "სახალხო კრების" გეგმების განხორციელებას საერთო განწყობა უშლის ხელს და, პირველ რიგში, ამ განწყობილებებს უნდა გავუსწოროთ თვალი.” ზაზა ფირალიშვილი ამატებს, თუ ირაკლი ოქრუაშვილი იმავეს გაკეთებას შეეცდება, რასაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ცდილობს, იმ იმედით, რომ მას კი ნამდვილად გაჰყვება ხალხი, ჩემი აზრით, ცდება. „ისინი ვერ გრძნობენ, ეს კინკლაობა როგორ აისახება მათ ავტორიტეტსა და საერთო მდგომარეობაზე ქვეყანაში. უნაყოფო მცდელობები ხომ კიდევ უფრო და უფრო ამყარებს პოლიტიკურ სტაგნაციასო”, - უთხრა ზაზა ფირალიშვილმა ”ყველა სიახლეს”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG