Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 17 მარტი 2011


„რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს წერს, თბილისის მერს სახელმწიფო ქონების გასაჩუქრების უფლებას აძლევენო. გაზეთი წერს, კანონში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ოცამდე ცვლილება შედის, როგორც ჩვენ აგვიხსნეს, ძირითადად ტექნიკური ხასიათის და მედიისათვის უინტერესო, მაგრამ კანონპროექტში თურმე თბილისის მერიისა და თბილისის მთავრობის უფლებები იზრდება, რაც არც ისეთი უინტერესოა, როგორც კომიტეტში მოეჩვენათო.

”ყველა სიახლე” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ახალ მემარჯვენე მამუკა კაციტაძესთან. პუბლიკაციის სათაურია: "ნურავინ მოიხიბლება ეგვიპტითა და ლიბიით, რადგან ეს გზა კარგს არაფერს მოგვიტანს". სათაურის მიუხედავად, ინტერვიუ მხოლოდ რევოლუციური გზის შეფასებას არ შეეხება, მამუკა კაციტაძე სხვა საკითხებსაც ეხება, კერძოდ, დონალდ ტრამპის გამონათქვამებს საქართველოს პრეზიდენტის შესახებ. "დონალდ ტრამპის პოზიცია არ არის არც აშშ-ის ხელისუფლების, არც რომელიმე სახელმწიფოსი და არც საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. დონალდ ტრამპი აპირებს ამერიკის პრეზიდენტობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი სერიოზული ფიგურაა”, - უთხრა მამუკა კაციტაძემ „ყველა სიახლეს“.

”ალია” კი განაგრძობს ”სახალხო პარტიისა” და ”ქართული პარტიის” ურთიერთბრალდებების გაშუქებას. გაზეთი, უკვე ტრადიციულად, აქვეყნებს ინტერვიუს ჟურნალისტ ელისო კილაძესთან, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იმეორებს და ამბობს, მას იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა მისცა ფულიო. სტატიის ერთ-ერთ სათაურად მისი ეს ფრაზაა გამოტანილი: ”გამოვიდეს ლევან გაჩეჩილაძე და დაიგინოს, რომ ლადო გურგენიძის მეშვეობით ორი მილიონი არ მიუღია”.

”ახალი თაობა” უბრუნდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩაშლილ ვიზიტს ისრაელში. ”ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ცნობა, როგორც იქნა, დაადასტურა, თან ისეთი სახით, თითქოს აქ არაფერი მომხდარა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის ვიზიტის ჩაშლა ჩვეულებრივი ამბავი იყოსო”, - წერს გაზეთი და ამატებს: ოპოზიციის აზრით, თუ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენები არ გამოუშვეს, ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, თუმცა ხელისუფლება ამ პოზიციას არ იზიარებსო. სტატიის სათაურია: „სააკაშვილის გამო ისრაელში ქართველებს პრობლემები ექმნებათ“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG