Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკლამის ხანგრძლივობის ზრდა ტელესივრცეში


სატელევიზიო რეკლამის ხანგრძლივობის ზრდა ეწინააღმდეგება მომხმარებელთა ინტერესებს და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ დირექტივებს, - დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადებით ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის ორი კომიტეტის წარმომადგენლების საკანონმდებლო ინიციატივას ”მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. კონკრეტულად რას ითვალისწინებს პარლამენტის წიაღში შემუშავებული ახალი პროექტი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?

მოკლედ რომ ვთქვათ, იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების წარმომადგენლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები გულისხმობს როგორც იმ გადაცემების რიცხვის ზრდას, სადაც შესაძლოა განთავსდეს რეკლამა, ასევე რეკლამის ხანგრძლივობის ზრდასაც. მაგალითად, თუკი კანონის მოქმედი ნორმების მიხედვით იკრძალება 30 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური გადაცემების, წინასაარჩევნო დებატებისა თუ დოკუმენტური ფილმების რეკლამითა და ტელეშოპინგით შეწყვეტა, ახალი ინიციატივა 30 წუთს 15-წუთამდე ამცირებს. ამასთან, 2,5-ჯერ, ანუ 300 წამამდე იზრდება რეკლამის ხანგრძლივობა.

თუკი აქამდე დაუშვებელი იყო 45 წუთზე მცირე ხანგრძლოვობის მხატვრული ფილმის, ტელეფილმის ან ფილმის სერიის (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) რეკლამით შეწყვეტა, ახალი ინიციატივის მიხედვით, ხანგრძლივობის ეს ბარიერი 30 წუთზე გაივლის.

კიდევ სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, პარლამენტის წიაღში შემუშავებული კანონპროექტი ასევე შეეხება საბავშვო გადაცემებსაც და ამ შემთხვევაში სარეკლამო კვეთის ხანგრძლივობა (ნაცვლად დღეს მოქმედი 45 წამისა) პროექტში ამ ეტაპზე საერთოდ არ არის მითითებული.

მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა კანონპროექტის ავტორებთან დაკავშირება და იმის გარკვევა, თუ რატომ ჩაითვალა საჭიროდ რეკლამის ხანგრძლივობისა და მოცულობის გაზრდა, ბევრი მაყურებლის აზრით, ისედაც რეკლამით გადატვირთულ ტელეარხებზე. თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ”მაუწყებლობის შესახებ კანონის” ლიბერალიზაციის მიზნის გარდა, ავტორებს ამოძრავებთ მიზანი, რომ ეს კანონი შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის დირექტივებთან. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დირექტივების მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც რეკლამა და ტელეშოპინგი უნდა განთავსდეს პროგრამებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ არ დაირღვეს ”პროგრამის მთლიანობა, ბუნებრივი შესვენებები და სხვა უფლებები”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, პირიქით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივების ხსენებულ მუხლს:

”... როდესაც მომხმარებელი, ამ შემთხვევაში მაყურებელი, უყურებს ტელევიზორს და რეკლამის მიზეზით პროგრამის ხანგრძლივად შეწყვეტის გამო მას დაავიწყდება, რომ უყურებს საინფორმაციო გამოშვებას, ეს უკვე პროგრამის მთლიანობის დარღვევაც არის და ჩემი, მაყურებლის, უფლების დარღვევაც, რომ მთლიანობაში აღვიქვა პროგრამა... ”

თამარ კორძაიას განმარტებით, ასევე ევროკავშირის დირექტივებთან შეუსაბამოა კანონპროექტის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც: ”რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს”. დღეს მოქმედი ლიმიტი საერთო ხანგრძლივობის 15%-ს შეადგენს.

ამ ინიციატივას დაუშვებლად მიიჩნევს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომლის თქმითაც, შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს ისედაც რთული და უკონტროლო სიტუაცია. მისი დაკვირვებით, ნაციონალურ ტელეარხებზე გასულ ზოგიერთ პროგრამაში სარეკლამო დროის ხანგრძლივობა აღემატება პროგრამის ძირითადი ნაწილის ხანგრძლივობას.

”ეს არანორმალურია, ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს ეთერში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიაზე... და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტელემარკეტზე, მივიღოთ კანონი ტელემარკეტის შესახებ და პრაქტიკულად ჩავანაცვლოთ კანონი მაუწყებლობის შესახებ... მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს მაუწყებლები, რომლებიც იღებენ ლიცენზიას, ანუ საზოგადოებრივი სიკეთით სარგებლობენ და მხოლოდ რეკლამას უშვებენ ეთერში...”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ცვლილებების ინიცირება გამოწვეულია ორი ძირითადი ნაციონალური ტელეარხის ინტერესების დაცვით. საქმე ის არის, რომ საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა სტუდია „მონიტორისთვის“ უკვე ორჯერ მოამზადა სარჩელი ტელეარხების მიერ რეკლამის განთავსების წესების დარღვევის თაობაზე. პირველი სარჩელის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს სანქციის სახით გაფრთხილება დაუწესა, ხოლო მეორე სარჩელი ჯერ ისევ განხილვას ელოდება.

რაც შეეხება საიას ეჭვის საფუძველს, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კორძაია ამბობს, რომ კანონმდებლები ახლა სწორედ იმ მუხლების შეცვლას ცდილობენ, რომლებზეც აქცენტი კეთდება მათ მიერ მომზადებულ სარჩელებში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG