Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 7 მარტი 2011


დღევანდელი ქართული პრესისათვის განსაკუთრებით აქტუალურია შესაძლო რევოლუციების საკითხი საქართველოში. მიმოხილვას ”კვირის პალიტრით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს ლევან გაჩეჩილაძის წერილს, სათაურით ”რა იყო და რა იქნება”. უფრო სწორად, დღეს გაზეთი წერილის პირველ ნაწილს - ”რა იყოს” - აქვეყნებს. ”მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ დღეს ვიცით, რა არის სააკაშვილის რეჟიმის თამაშის წესები და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო გამარჯვების ნაბიჯი გადავდგათ. მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, მით უმეტეს, მსოფლიო პოლიტიკის ახალ რეალობაშიო”, - წერს ლევან გაჩეჩილაძე. თუ რაზეა ლაპარაკი კონკრეტულად, ის გაგრძელებაში გვეტყვის.

”ქართული პარტიის” და ”სახალხო კრების” განცხადებებს „მთელ კვირაში“ რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. ხალხი, რომელიც არჩევნებზეც კი არ მიდის, რევოლუციაში ვერ გამოგადგება. ამ ხალხს სარევოლუციოდ ვერ გამოიყვანო, - ამბობს ზაქარეიშვილი და ამატებს: დღეს ლაპარაკი რევოლუციაზე არის არაკორექტული. ამით ხდება საზოგადოების დაბნევა, არჩევნების მიმართ ნიჰილიზმისა და აპათიის შემოტანა, რაც მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ხელისუფლების ფრთას. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს ერთ რამეზე, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნიაო, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა ”მთელ კვირას”.

„ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ კი „ვერსიას“ უთხრა: თითქოს არსებობს რევოლუციის განწყობა საზოგადოებაში, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ამან შედეგი გამოიღოსო. მან დასძინა, ისე, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში ისედაც რევოლუციას ნიშნავსო.

”კვირის პალიტრას” მივუბრუნდები, სადაც წაიკითხავთ ინტერვიუს ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან. "საზღვარგარეთული მოვლენის კოპირება ყოველთვის მარცხისთვის განწირული ექსპერიმენტია. არაბული ამბოხება მეტ-ნაკლებად სპონტანური მოვლენა იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმე რამეს ამზადებდა, არ გამოვრიცხავ, სწორედ "ალ ყაიდა" აღმოჩნდეს სულისჩამდგმელი ამ ერთიანი ბუნტისა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი და ამატებს: „საქართველოში ანონსირებული რევოლუცია უფრო პიარკამპანიას ჰგავს, ვიდრე რეალურ მზადებას არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლისთვისო."

ბოლოს, კვლავ ”ქართული პარტიით” დავამთავრებ. ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ეროსი კიწმარიშვილთან, რომელიც ამბობს: ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - ომი ან მშვიდობა, არჩევნები ან საპროტესტო აქციების გზით შედეგის მიღწევაო, და ცოტა ხანში დასძენს:“ილუზიები იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნებისათვის რამეს დათმობს, უნდა დამთავრდესო.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG