Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 25 თებერვალი 2011


დღევანდელი პრესისათვის მთავარი თემა, ალბათ, სამარშრუტო მძღოლების გაფიცვა გახლდათ - რამდენიმე გაზეთმა სწორედ ამას მიუძღვნა მთავარი გვერდი. ჩვენ „რეზონანსს“ განვიხილავთ, რომელიც მძღოლების უკმაყოფილებაზე წერს და ხელისუფლების კომენტარი მოჰყავს. ”სატრანსპორტო ხაზების მფლობელებმა წლების განმავლობაში ხელი შეუწყვეს სატრანსპორტო გადაადგილებას, მაგრამ ეს არის ბიზნესი, სადაც ძალიან ბევრი დაფარული გადასახადებია", - უთხრა გაზეთს სამარშრუტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ჩატარებული სატენდერო კომისიის წევრმა კოკი იონათამიშვილმა. მერიაში ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გააკეთეს, რადგან სატრანსპორტო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძეს არ ეცალაო", - წერს ”რეზონანსი” და იქვე საკუთარ კომენტარსაც ურთავს: "თუმცა იონათამიშვილის კომენტარი ძალიან ზოგადია, მას პირდაპირ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მოხდება თუ არა გადასახადების გაძვირება მძღოლებისთვის, რაც მგზავრობის ავტომატურად გაძვირებას გამოიწვევს და საზოგადოებას ძალიან რთულ ვითარებაში ჩააგდებს.”

”ვერსია” კი დევნილთა პრობლემებს უბრუნდება. ”იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ 6 თვის განმავლობაში 27 ოჯახი კარვებში ცხოვრობდა. ჩანს, ამ ხნის მანძილზე დრო ვერ გამოინახა დევნილთა დასახმარებლად. ექვსი თვის განმავლობაში არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს გახსენებიათ ქუჩაში გამოყრილი დევნილები, არც მინისტრ სუბელიანს შეუწუხებია თავი მათთვის თავშესაფრის ძებნითო”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”პატრიარქის მიერ გამოჩენილი კეთილი ნება რომ არა, ალბათ, დევნილთა ოჯახების პროტესტი სამინისტროს წინ უსასრულოდ გაგრძელდებოდა. საპატრიარქომ დევნილები შეიბრალა და მათ დროებითი თავშესაფარი საპატრიარქოს რეზიდენციაში შესთავაზა". სტატიის სათაურია ”რატომ დაიბარა პატრიარქმა ინგლისში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე კობა სუბელიანი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი?”. ამ შეკითვას კი გაზეთი ასე უპასუხებს: „შეხვედრისას გადაწყდა, რომ სამინისტროს, პირველ რიგში, დევნილთა გამოსახლების პროცესი უნდა შეეჩერებინა და პატრიარქის ჩარევით არ მოხდა დარჩენილი 3 ობიექტიდან დევნილების გამოსახლება.”

”ახალი თაობა” კი „ეროვნულ ფორუმს“ შემატებულ ახალ სახეზე წერს. ”საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ყოფილი ხელმძღვანელი ანი მიროტაძე ეროვნული ფორუმის წევრი გახდა”, - გვაუწყებს გაზეთი და მიროტაძის სიტყვები მოჰყავს: "ჩემი სავიზიტო ბარათი ქართულ პოლიტიკაში იქნება ჟურნალისტების მაქსიმალური დაცვა და მათთვის ხელშეწყობა. მე ვარ მზად, რომ ქართული ჟურნალისტიკა პოლიტიკური ჩარევებისგან მაქსიმალურად გათავისუფლდეს და ამას ხელი შევუწყოო.” სტატიის სათაურია ”ეროვნულ ფორუმში ცვლილებებია” და მას ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG