Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 17 თებერვალი 2011


მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”სხვადასხვა გამოკითხვებით, მოქალაქეთა 76-87% სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგია”. ეს გამოკითხვები, გაზეთის თანახმად, სხვადასხვა ინტერნეტსაიტების ჩატარებულია და მონაცემები განსხვავდება გასული ოქტომბრის ბოლოს IRI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგისგან, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გაპრემიერებას მხარს გამოკითხულთა 56 პროცენტი უჭერდა. ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთს უთხრა, ინტერნეტგამოკითხვა არასრულფასოვანია რამდენიმე თვალსაზრისით, თუმცა, თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, ეს შედეგები მოსახლეობის დაახლოებით მესამედის პოზიციას მაინც უნდა ასახავდესო, მაგრამ ე ის არც ფაქტორებს ასახელებს და არც იმას, თუ საიდან მივიღეთ მესამედი. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა კი „რეზონანსთან“ საუბრისას თქვა: "საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს პრემიერი, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის - ამის მოხსნას არც ხელისუფლება ცდილობს, თითქოს სააკაშვილი ეთამაშება ამ საკითხს და გამოკვეთილი უარყოფითი პოზიცია არ აქვს. პრემიერობის განზრახვა ერთია, თუმცა რამდენად მოხერხდება სისრულეში მისი უმტკივნეულოდ მოყვანა, ეს უკვე დიდ კითხვის ნიშანს ბადებს.”

აქვე ნახავთ პუბლიკაციას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას თავისი პოზიცია ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ჯერ არ გამოუთქვამს. ”ხელისუფლება ბიომეტრიული პასპორტების საკითხის ჩაგდებას აპირებსო”, - წერს ”რეზონანსი”. ”24 საათი” კი კიდევ უფრო კატეგორიულია: ”ბიომეტრიული თემა დაიხურა” - ასეთი სათაურის სტატია ქვეყნდება გაზეთში.

ქართული გაზეთების ნაწილი დღეს, ისევე როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აქტიურად მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად შეიძლება ტუნისსა და ეგვიპტეში დაწყებული პროცესები საქართველოშიც გაგრძელდეს. აი, მაგალითად, ”ყველა სიახლე” ეროვნული ფორუმის ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის სათაურიცაა „ერთი ეგვიპტე უნდა ამ ქვეყანას, ეგვიპტე!“. იქვე, გვერდით კი, ქვეყნდება ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან, რომელიც ამბობს, მსგავსი სცენარის განვითარება საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ღარიბ-ღატაკთა მრავალრიცხოვანი ფენის არსებობა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური მოტივით დაიწყოს გამოსვლებიო. "ღატაკი, უპოვარი ფენისგან აქტიურობას ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან ფსიქოლოგიური ანალიზიც გვიჩვენებს, რომ როცა ადამიანი ნაბიჯს დგამს, უნდა იცოდეს, სად აღმოჩნდება, რა ელის წინ,” - უთხრა რამაზ საყვარელიძემ „24 საათს“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG