Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 11 თებერვალი 2011


გაგრძელდება თუ არა დევნილების გამოსახლება? - ამ შეკითხვას დღევანდელი ”რეზონანსი” სვამს. ”სუბელიანის სამინისტრო ირწმუნება, რომ დევნილთა გამოსახლება აღარ მოხდება” - ასეთია სტატიის სათაური. გაზეთი წერს, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ გვითხრა, არანაირი განსახლება არ იგეგმება, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე და ტყუილიაო, თუმცა ”რეზონანსი” ამატებს, ჩვენ მიერ კულუარულად მოპოვებული ინფორმაციით, სამინისტრო დევნილთა განსახლების მორიგ სერიას კვლავ გეგმავს, თუმცა ამას წინასწარ არ ასაჯაროებს, როგორც ყოველთვისო.

”ვერსია” დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას და ამ პროცესს ”მარტივ მამრავლებად დაშლას” უწოდებს. ”ვერსია” წერს, რომ ეს პროცესის დასაწყისია და ხაჩიძის უწყებას სხვებიც მიჰყვება. ”მთავრობის კულუარებში უკვე ჩურჩულებენ, რომ, გარემოს დაცვის სამინისტროს მსგავსად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც დეპარტამენტებად დაიშლება”, - წერს გაზეთი და ამატებს, ”თავკომბალა” სამინისტროების დემონტაჟი უკვე დაწყებულიაო.

აქვე, ”ვერსიაში”, წაიკითხავთ ინტერვიუს რესპუბლიკელების ლიდერ დავით უსუფაშვილთან, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ლაპარაკობს და სხვა პარტიების გეგმებსაც ახსენებს. სახალხო კრების ”დაუმორჩილებელ გაზაფხულზე” ის ასეთ რამეს ამბობს: ”დაუმორჩილებლობის დაწყება გაზაფხულზე თუ შეუძლიათ, შემოდგომაზე რატომ არ შეეძლოთ? ჩემთვის არაა ცნობილი არც ერთი ფაქტორი, რომელიც შემოდგომაზე არ იყო, გაზაფხულზე კი იქნება და ამ პროცესს უფრო წარმატებულს გახდის.”

”ახალი თაობა” კი წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის პრესკონფერენციაზე. „სააკაშვილის პრეზიდენტობისას 111 ადვოკატი დააკავეს“ - ასეთია სტატიის სათაური. ავტორს მოჰყავს ხატიაშვილის სიტყვები: „საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა. არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოჩნდება კეთილი პოლიტიკოსი, წაგვიძღვება წინ და ქაჯეთის ციხეს აიღებს. არც ერთი პრეზიდენტი არ დაიწყებს ჟურნალისტებისა და ადვოკატების დაცვას, ვინც უნდა იყოს იგი. მისი თქმით, არც ერთი პრეზიდენტი არ იქნება თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების მომხრე, მაგრამ თუ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება იქნება, სააკაშვილზე ძლიერი უფლებადამრღვევიც შეიძლება უფლებადამცველად აქციონ.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG