Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 9 თებერვალი 2011


ქართული პრესის დღევანდელ მიმოხილვას დავიწყებთ თემით, რომელიც ბოლო უკვე 3 თვის განმავლობაში მთავარი განხილვის თემაა გაზეთების დიდი ნაწილისა: ოპოზიციაში ვის რამდენი ფული მისცა თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა. ამჯერად ამ საგანზე ლაპარაკს განაგრძობს ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში გია თორთლაძე, რომელიც ამბობს, რომ მილიონობით დოლარის შესახებ არაფერი იცის. ”არათუ გულუხვი დაფინანსების, არამედ ნორმალური დაფინანსებისა მართლა არაფერი ეტყობოდა. იმ დროს, როცა ამბობენ, ბადრი ოპოზიციას აფინანსებდაო, რეგიონებში რომ მივდიოდით აქციების გასამართად თუ ხალხის მობილიზაციისთვის, ბენზინის ფულიც კი გვიჭირდა. ხშირად ყველა მანქანა ვერ წაგვიყვანია უბენზინობის გამო. რა მილიონებზეა ლაპარაკი? ვინც ფული აიღო, იმან გასცეს პასუხი. მე ბადრის საერთოდ არ ვიცნობდი”, - უთხრა გია თორთლაძემ „ვერსიას“.

რაც შეეხება სხვა თემებს, ”24 საათი” ეხება ცვლილებებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებულ დაფინანსებაში: სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხულ სტუდენტებს მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შანსი ექნებათ. შესაბამისად, ამ ფაკულტეტებზე ნაწილობრივი დაფინანსების წესი გაუქმდება. "საქართველოს სურს იმ სპეციალობების სტიმულირება, რომლებსაც აბიტურიენტების მხოლოდ 15-20% ირჩევს. მიუხედავად უმუშევრობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, განსაზღვრულ პროფესიებზე ძალიან დიდი დეფიციტია” - განათლების მინისტრის ეს სიტყვები მოჰყავს გამოცემას. ”24 საათი” ასევე განათლების სფეროს სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას აზრებსაც აქვეყნებს. ის ამბობს, ამ სიახლეს არ ექნება ის ეფექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ელოდება, და ერთი რომელიმე სპეციალობისთვის მომზადებულმა აბიტურიენტმა შესაძლოა თვისებრივად განსხვავებული სხვა სპეციალობა ვერ აითვისოსო. ”რეზონანსი” კი პროფესორი ჯემალ მებონიას გაესაუბრა, რომელმაც თქვა, ”გაფუჭებული საქმის გამოსწორება უნდათ, მაგრამ გამოსწორებას უსამართლო წესით აპირებენ. უსამართლოა იმიტომ, რომ სხვადასხვა პირობებში აყენებს თვითონ სპეციალისტებსაც და ბავშვებსაცო”.

”რეზონანსივე წერს” ახალი წლის დღეებში გათავისუფლებული 100 გვარდიელის შესახებ. ამის მიზეზად ორი ვერსია სახელდება, - წერს გაზეთი. - ერთია კადრების ოპტიმიზაცია, მეორე კი ინფორმაციის გაჟონვაო. ”მეორე ვერსიას ის ცნობა ამყარებს, - წერს გაზეთი, - რომ იანვრის პირველ რიცხვებში ეროვნული გვარდიის ოფიცრები საველე სწავლებაზე გაიყვანეს, არბენინეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ყველას დააწერინეს განმარტებითი ბარათი, რომ სამსახურებრივ დროს მობილური ტელეფონით სარგებლობდნენო”. - უფრო მეტს „რეზონანსში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG