Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


პირველი, რაც დიდი ასოებით დღევანდელი გაზეთების პირველ გვერდებზე გვხვდება, ისაა, რასაც მომსახურების თუ პროდუქტის საფასურის გადახდის დროს ვგრძნობთ - დიახ, ინფლაცია. „რეზონანსის“ მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, ინფლაციის 11 პროცენტით, მეორე ადგილზეა, ყირგიზეთის შემდეგ. ინფლაცია ’მიზეზთა თანავარსკვლავედია’, ვკითხულობთ დღევანდელი „რეზონანსის“ პირველ გვერდზე, სტატიაში, სახელწოდებით ’ინფლაციური რეკორდი საქართველოში’. პირველი, რაც მიზეზთა შორის სახელდება, იმპორტზე დამოკიდებულებაა და რადგანაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, ეს ტენდენცია ქვეყანაში გრძელდება. მეორე დასახელებული მიზეზი არის ადგილობრივი წარმოების დაბალი დონე, რაც პირველ მიზეზთან კავშირშია და რაც, ექსპერტების თქმით, კარგი ბერკეტია გარე ბაზრებისგან თავის დასაცავად. დაბოლოს, მონოპოლიზებული და არაჯანსაღად კონკურენტული გარემო, თუმცა სტატია ამ ბოლო ფაქტორზე არაფერს ამბობს. ძირითადად აქცენტირებულია გარე ბაზარზე ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხი. მაგალითად, სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარდენერი სტატიაში ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკით პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიან შედეგს ვერ გამოიღებს და საჭიროა:

”ქვეყანაში სურსათის ადგილობრივი წარმოების იმდენად განვითარება , რომ საქართველო სულ უფრო ნაკლებად მგრძნობიარე იყოს გარე შოკების მიმართ.”

სტატიის მიხედვით, ხელისუფლება პრობლემასთან ბრძოლას 20 ლარიანი დენის ვაუჩერებით და ეკონომიკის მინისტრის დაპირებებით ცდილობს. სტატიაში მოხმობილია ვერა ქობალიას ციტატა:

” ჩემი ვარაუდით, 2011 წლის მეორე ნახევარში - უფრო კონკრეტულად კი, მესამე კვარტალში - ინფლაცია დაიწევს.”

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რომელიც უკვე ვახსენეთ და რომელსაც მონოპოლიურად გაზრდილი ფასები ჰქვია, მის შესახებ იგივე „რეზონანსი“ სხვა სტატიაში შედარებით დაწვრილებით საუბრობს. გაზეთი ამბობს, რომ მონოპოლიების მიერ ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი. კიდევ სხვა სტატიაში გაზეთი, მეტი თვალსაჩინოებისთვის, წამლების მაღალ ფასებზე საუბრობს. ადამიანები, ნათქვამია სტატიაში, გრიპის გავრცელების მიუხედავად, წამლების მაღალი ფასების გამო ცდილობენ ალტერნატიული მეთოდებით უმკურნალონ თავსო. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი 1 ნოემბრის სტატიაში ამბობს, საქართველოში წამლების ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ რესპუბლიკებში, რაც ძირითადად ამ სფეროში მონოპოლიების არსებობითაა გამოწვეულიო.

იგივე „რეზონანსი“ წყლისა და ღვინის ექსპორტული ციფრების მკვეთრ ზრდაზე წერს. სტატიის მიხედვით, რუსული ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ კომპანიებმა წყალი და ღვინო ნიდერლანდებში, ჩეხეთში, მოლდოვაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში გაიტანეს. როგორც სტატიიდან ირკვევა, მინერალური წყლის ექსპორტიორმა კომპანიებმა გადააჭარბეს რუსული ბაზრის ჩაკეტვამდელ მდგომარეობას, რაც, ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით ღვინის ექსპორტში არ მომხდარა.

დღევანდელი „24 საათი“ წერს ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, რომ მუბარაქი სექტემბრამდე წასვლას არ აპირებს. გაზეთი ასევე წერს 2011 წლის მთავარ ამოცანებზე, კერძოდ,ძველი ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია-პოპულარიზაციის გეგმებსა და მიზნებზე. საუბარია არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძეგლების, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესია- მონასტრების გადარჩენა- რეაბილიტაციაზე. ჟურნალისტის მონათხრობის მიხედვით, პრობლემა არა მარტო დაფინანსებაა, არამედ დრო, რადგან ზოგიერთი ძეგლის გადარჩენა შესაძლოა საერთოდ ვეღარ მოესწროს. ამ ეტაპზე, სტატიის მიხედვით, გადასაწყვეტია, რა უნდა დაიდოს სასწორზე და რა აუცილებლად უნდა გადარჩეს. ბიუჯეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2011 წლისთვის 5 მილიონი ლარი ჰქონია და მუშაობა მიმდინარეობს როგორც ტაო- კლარჯეთის პროექტზე, მცხეთის ძეგლთა აღდგენა-რესტავრაციაზე, ასევე სვანეთში კოშკების აღდგენა-გამაგრებაზე. როგორც სტატიიდან ირკვევა, ჯერჯერობით არ არის გარკვეული დავით გარეჯის საკითხი, რომელიც ქვეყნებს შორის მოლაპარაკების თემაა. შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მონასტერი და ქვაბულები საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლს აქვს ორ ნაწილად გაყოფილი.

დღეს გამოსული კიდევ ორი გაზეთიდან ერთ-ერთის, „ახალი თაობის“, სათაურებს გაგაცნობთ. ’ჟან რენო - პროფესიონალი მკვლელი, კეთილი თვალებით’; ’ყაზახეთში სტადიონი ავაშენე’ და იქვე მინაწერი: ’დეპუტატმა ნაულ ჯანაშიამ ჩაის დაყენება იაპონიაში ისწავლა’. ტრადიციული მოძღვრის რჩევა ჰედლაინად: ”აღსარება- ზიარების გარეშე ცოდვის მონანიება შეუძლებელია”; ”ხელისუფლება ჰომოსექსუალისტებს პროპაგანდას უწევს” და, ბოლოს, ”მე არავის დავუჭერივარ” - სტატია იმაზე, თუ ’რა ჭორებს უვრცელებენ ვახუნხულას’.

კვირის პრესა საკმაოდ კრიტიკულად საუბრობს სოციალურ თემებზე, საკვებსა და საწვავზე ფასების ზრდაზე, კითხულობს, არის თუ არა ქვეყანა ’სოციალური აფეთქების ზღვარზე’ და წერს დაგეგმილ და მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე. „ახალი თაობის“ პირველი თებერვლის სტატიაში ინგა გრიგოლია, რომელიც ახლახან დაბრუნებულა ეგვიპტიდან, სადაც ერთ-ერთი ქართული შოუს გადაღებაზე ყოფილა, ხელისუფლებას პირობას აძლევს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა. ეგვიპტური კრიზისი სოციალურმა პრობლემებმა გამოიწვია და ამიტომ ხელისუფლებას სახუმაროდ არა აქვს საქმეო, ვარაუდობს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი „ახალი თაობის“ ერთგვერდიან ინტერვიუში.

10 თებერვლიდან დაიწყებაო ელექტროენერგიის ოცლარიანი ვაუჩერების დარიგება, წერს იგივე „ახალი თაობა“ სამ თებერვალს. შეგახსენებთ, რომ ამ მეთოდით მთავრობა მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირებასა და ამ გზით ინფლაციასთან ბრძოლას ცდილობს. იმავე გაზეთის მეშვეობით ლეიბორისტი ნესტან კირთაძე ხელისუფლებას მოუწოდებს სამთავრობო ფონდებიდან მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანებისათვის თანხები გამოყოს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი „ახალი თაობის“ გვერდზე ამბობს, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის არც ერთი პროდუქტის დეფიციტი არ არის, ”ქვეყანაში პირველადი მოხმარების ყველა პროდუქტის მარაგი არის შექმნილიო.”

დაბოლოს, ახალი ინიციატივის შესახებ გაზეთი „ალია“ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს ანდრო გიგაურს ესაუბრება. „ახალი ინიციატივა“ არასრულწლოვანთა ციხეში მოხვედრისგან დაცვას გულისხმობს. მის მიხედვით, თუ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მას არა ციხე, არამედ დაზარალებულისათვის რაიმე სახის სოციალური სამსახურის გაწევა მოუწევს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მანქანის გარეცხვა, ან პენსიონერისთვის პურის მიტანა. სასჯელის ფორმაზე იუსტიციის სამინისტროს ექსპერტები, მოსამართლე და ადვოკატები შეთანხმდებიანო. სტატიის მიხედვით, ამ ეტაპზე, პროექტის შესაბამისად, სამი ასეთი საქმე უკვე გადაწყვეტილა.
XS
SM
MD
LG