Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში ქართული პრესა ბევრს წერდა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ორშაბათის ტრადიციულ ინტერვიუში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „კვირის პალიტრას“ უთხრა: ” შუა ზამთარში დევნილების იძულებით გამოსახლება არის კითხვა, რომლის პასუხიც შეიძლება ისეთი შემზარავი იყოს, რომ თქმაც მიჭირს, რადგან ყოველთვის გინდა, ადამიანში კარგი დაინახო. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხს შეგნებულად არ ვუღრმავდები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხალხს ადამიანებად არ თვლიან. რაც ვნახეთ, წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების ამ ქმედებაში არის ლოგიკა და სიმართლის მარცვალიც კი, ფორმა, რომლითაც ეს გაკეთდა, ამაზრზენია", - ამბობს გია ხუხაშვილი, თუმცა შემდეგ მაინც უღრმავდება შესაძლო მიზეზებს: ” მოტივაცია მრავალნაირი შეიძლება იყოს და მიზეზების მთელი წყებაც გაჩნდეს. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საპროტესტო მუხტის დაქსაქსვის განზრახვა; ლტოლვილების საკითხის უკან გადაწევა და მიჩქმალვა; ფინანსური მაქინაციები, ლტოლვილთა დახმარებით მანიპულირება, საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ცხოვრების პირობების დამალვა; უბრალოდ, დათრგუნვა დევნილებისა და, მთლიანად, საზოგადოებისა, რომ ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც სურს... შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს. ისიც შესაძლებელია, ხელისუფლებას ყველაფერი ეს არც აქვს გააზრებული, ქვეცნობიერიდან მომდინარე აგრესიულობით არის ნაკარნახევი და მეტი არაფერი...”

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილების უფლებების დასაცავად მუშაობის კოორდინაციას აპირებენო“, - ამცნობდა მკითხველს კვირის ბოლოსთვის „ახალი თაობა“.

შაბათს „რეზონანსის“ მთავარი პუბლიკაცია კვლავ დევნილებს უკავშირდება. გაზეთი წერს, რომ ძალიან მალე დევნილები მხოლოდ დევნილის სტატუსის ამარა დარჩებიან - ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ მიეცემათ ის დახმარებები, რაც აქამდე ეძლეოდათ. რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, ამაზე ღიად საუბარი არავის სურსო, - წერს გაზეთი. პირად საუბრებში კი იმ არგუმენტს ასახელებენ, რომ დახმარებები არა სტატუსის, არამედ საჭიროების მიხედვით უნდა გაიცემოდეს. „რეზონანსი“ იქვე აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არიან "ქრისტიან-დემოკრატები"და პრეზიდენტს მის შეცვლას სთხოვენ".

..."საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია", "კალიფორნიაში, შანხაისა და ჯუგაანში განათლებამიღებულებს დასაქმების თანაბარი შანსი აქვთ", "საავადმყოფოები იმიტომ კეთდება, რომ ხალხით გაივსოს", "ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მენტალიტეტი კი რეპტილიის დონეზეა" - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" მიერ მოწყობილ ტელეპროექტში მოსახლეობის შეკითხვებს დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდაო, - წერდა "რეზონანსი" ოთხშაბათის სტატიაში, სათაურით ”ყველაზე მაღალი ხარისხის "მარგალიტები".

”ჩემი აზრით, საზოგადოებამ ძალიან ადეკვატურად შეაფასა სააკაშვილის გამოსვლა, მის გამოსვლაში მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი ჩანდა, - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარასკევს ამავე გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში. ”ჩემთვის მიშვნელოვანი იყო ის, რომ სააკაშვილმა გამოამჟღავნა - არანაირი ეკონომიკური და ფინანსურ-პოლიტიკური ხედვა არ აქვს პრობლემების გადასაჭრელად. ესაა ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი... მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა - სააკაშვილს და მის გუნდს არანაირი ნოვატორული, პოლიტიკური და პროფესიული რესურსი არ დარჩა, რომ ქვეყნის მართვა გააგრძელოს", - ამბობს ირაკლი ალასანია ინტერვიუში, სათაურად კი გამოტანილია მისი სიტყვები: "სააკაშვილი ვერ იქნება ვერც პრემიერი და ვერც პრეზიდენტი 2013 წლის შემდეგ".

”ოპოზიციამ სააკაშვილთან ბრძოლა წააგო” - ასეთი სათაური აქვს შაბათის „ახალ თაობაში“ ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

მისი თქმით, თავისთავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილთან შვიდწლიანი ბრძოლა წააგო (და მე ვიტყოდი, წააგო პირწმინდადო, - ამბობს დავით უსუფაშვილი), არ ნიშნავს, რომ სააკაშვილმა მოიგო. ”ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის წაგებით სააკაშვილმა და მისმა გუნდმა თავისი თავი, ანუ თავის ჭკუაზე მოწყობილი ქვეყანა გაიყვანეს ფონს. ოპოზიციის დამარცხება იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოხდა, ღია ძალადობით დაწყებული, ქუჩაში ცემა-ტყეპითა და სამართალდამცავი ორგანოების ჩართვით, ფინანსური წნეხები, ვიღაცის მოსყიდვა, ვიღაცის შეშინება, ვიღაცებში კონფლიქტების გაჩენა - უამრავი მეთოდი იყო გამოყენებული სახელისუფლებო გუნდის მხრიდან იმისთვის, რომ ოპოზიცია დაემარცხებინათ”, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

ამჟამინდელ სიტუაციას საქართველოში, დავით უსუფაშვილი ადარებს ბნელ ოთახს, სადაც უკუნი სიბნელეა: ”ამ უკუნ სიბნელეს ქმნის ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა, განუკითხაობა. სამართალს ძნელად თუ იპოვი.... მაგრამ ამ სიბნელეში სინამდვილეში ძალიან ბევრი რამ ხდება, მოძრაობაა, ხმაურია. ზუსტად ვერ ხედავ, რა ხდება... არანაირად მშვიდი ვითარება არ არის. ეს სიმშვიდის ისეთივე ილუზიაა, როგორც ბნელ ოთახში რომ შეიხედავთ და ვერ ხედავთ, იქ უწესრიგობაა, აურზაურია თუ რა ხდება. საკმარისია შუქი აინთოს, დავინახავთ, რომ საქმე ცუდად არის. იმიტომ რომ დიდი არეულობაა. დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი დაკვირვებით, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება მასშტაბური კატაკლიზმებისკენ. ეს კატაკლიზმები სოციალური ფონით იქნება გამოწვეული, შიდასახელისუფლებო დაპირისპირებითა და შეჯახებებით, რამე საგარეო ფაქტორის გამწვავებით, რუსეთის თემა იქნება თუ სხვა, ასე ცალსახად არ შემიძლია თქმა. ყველაფერი ეს შეიძლება აღმოჩნდეს კატაკლიზმების ფონი. ქვეყანა აქეთ მიდის", - აცხადებს დავით უსუფაშვილი ინტერვიუში, რომელსაც შაბათის ”ახალი თაობა” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG