Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 15 იანვარი 2011


„24 საათი“ აქცენტს აკეთებს „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნის იმ ნაწილზე რომელშიც ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებაზეა საუბარი. გაზეთი წერს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესებულია:

” ‘ფრიდომ ჰაუსი’ ანგარიშში გაუმჯობესების კიდევ ერთ მიზეზად საქართველოში მედიის უფრო გამრავალფეროვნებას ასახელებს. მაგალითისთვის მოჰყავთ ოპოზიციური ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ სატელიტური მაუწყებლობის დაწყება”, - წერს „24 საათი“ და იქვე აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემების გამო „მაესტროს“ 2010 წელს სატელიტზე მაუწყებლობის შეწყვეტა მოუხდა და დღეს არხი მხოლოდ საკაბელო ტელევიზიით ვრცელდება, ისიც, ძირითადად, თბილისში.

„მაესტროში“ მიმდინარე პროცესებზე დღევანდელი „რეზონანსი“ უფრო დაწვრილებით წერს. გაზეთი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს კობა ბექაურს ესაუბრება, რომელიც ამბობს:

” ‘მაესტროს’ მუდამ ექნება პრობლემები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების კუთხით, ვიდრე არხი ფინანსურად დამოკიდებული არის სხვაზე.”

ყოფილი გენერალური დირექტორი საუბრობს იმ გავლენებზე, რაც პოლიტიკური სუბიექტის მიერ ფინანსებით მედიასაშუალების უზრუნველყოფას ახლავს:

”არ არსებობს მსოფლიოში ანალოგი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც აფინანსებს მედიასაშუალებას და ამას აკეთებს უანგაროდ.”

შეგახსენებთ: კახა ბექაურმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ტელეკომპანიამ კონტრაქტი ისევ გააგრძელა ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან, რომელიც ტელეკომპანიას ფინანსებით უზრუნველყოფს, რაც არის, ბექაურის აზრით, მთავარი პრობლემა. ბექაური ვარაუდობს, რომ ერთადერთი გამოსავალი „მაესტროსთვის“ არის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. სხვაგვარად, მისი აზრით, ტელევიზია ვერ შეძლებს სარედაქციო დამოუკიდებლობის კურსით სვლას, თუმცა ბექაური იქვე აღნიშნავს, რომ ახლა უკვე ტელევიზია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რაც გაართულებს ამ არხზე სარედაქციო პოლიტიკის ვინმეს ინტერესებში გამოყენების შესაძლებლობას.

დღევანდელი „რეზონანსი“ ასევე წერს, რომ ლევან გაჩეჩილაძე რევოლუციისთვის საჭირო ’ჯარის’ შექმნას იწყებს. გაზეთი ეყრდნობა რადიო „პალიტრაში“ გაჩეჩილაძის სტუმრობას, როცა მას უთქვამს, რომ ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნას გეგმავს:

”საქართველოს ყველა რეგიონში უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ჯგუფები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი”, აღნიშნა მან, - წერს „რეზონანსი“, - და იქვე დასძინა, რომ ეგრეთ წოდებული საბრძოლო ჯგუფები დაიცავენ ადამიანთა უფლებებს, კერძოდ, დევნილების, ვეტერანების, პენსიონერების, ბანკის კრედიტორების, უმუშევრების, სოციალურად დაუცველთა უფლებებს.”

სტატიაში ამ რაზმების კონკრეტული ციფრიც არის დასახელებული - 50 ათასი ადამიანი. გაზეთი აზრს ექსპერტებს ეკითხება და ასკვნის, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე რევოლუციური ფონი არ არის. მაგალითად, აი, რას ამბობს სოსო ცინცაძე:

”რესურსი არ არსებობს. არ ვიცი რას გულისხმობს ბატონი ლევანი, როდესაც კარგად მომზადებულ ადამიანებზეა საუბარი. რისთვის უნდა იყოს ეს 50 ათასი ადამიანი მზად? თუ მშვიდობიანი დემონსტრაცია აქვს მხედველობაში, დემონსტრაციას მომზადება კი არა, ორგანიზება უნდა.”

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე რიცხვებს სხვა კუთხით უყურებს. ის ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს, ”როდესაც სააკაშვილი შევარდნაძეს მიმართავდა, ამბობდა, 35 ათასი ადამიანი შევიკრიბეთ და კიდევ რამდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ გადადგეო. მაშინ ეს რიცხვი საკმარისი იყო.” რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ მცირე ძალითაც შესაძლებელია ეფექტის მიღწევა, თუმცა მცირე ძალა სწორად უნდა იყოს გამოყენებული: ” ‘ვარდების რევოლუციის’ დროს მობილიზებული იყო არა მხოლოდ 35 ათასი ადამიანი, არამედ მინისტრთა კაბინეტი იყო გადმობირებული, ასევე უცხოელი პარტნიორები. დღეს არც ერთია, არც მეორე.”

გაზეთი სტატიაში აღნიშნავს, რომ ფინანსური სკანდალის შემდეგ ეს ლევან გაჩეჩილაძის გამოჩენის პირველი შემთხვევაა, თუმცა, როგორც „რეზონანსი“ წერს, ლევან გაჩეჩილაძეს ”დაწვრილებით „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ბრალდებებზე არ უსაბრია.”

ისევ „რეზონანსი“ წერს: „სად დადიან და რას აკეთებენ პარლამენტარები?“. სტატია იწყება იმ დივიდენდების ჩამონათვალით, რომელიც პარლამენტარებს აქვთ. სტატიის მიხედვით, მათი თვიური ანაზღაურება თვეში 2500 ლარით განისაზღვრება, ეძლევათ იმავე ოდენობის პრემიები წელიწადში რამდენჯერმე, აქვთ სამედიცინო დაზღვევა, ანაზღაურებული საკომუნიკაციო ხარჯები და, კონკრეტულ შემთხვევებში, ბიუჯეტის ხარჯზე ავტომომსახურება. ჩამონათვალის შემდეგ გაზეთი წერს:

” გუშინ პარლამენტში მხოლოდ სამი დეპუტატი - პარლამენტის თამჯდომარე, პირველი ვიცე-სპიკერი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე -იმყოფებოდა. რამდენჯერმე ჩამოვიარეთ პარლამენტის შენობა და მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში არც ერთი არ მოსულა.”

გაზეთის დასკვნის თანახმად, ეს მხოლოდ საახალწლო მდგომარეობას არ ასახავს. ”დეპუტატების 95 პროცენტზე მეტი პარლამენტში მარტო იმისთვის მიდის, რომ პლენარულ სხდომაზე დასწრების რეგისტრაცია გაიაროს”, - წერს „რეზონანსი“.

გაზეთი ექსპერტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრება, რომელიც აღნიშნავს, რომ, პარლამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პარლამენტარებს, წესით, ბევრი საქმე უნდა ჰქონდეთ:

” მათი ვალდებულება არის, გააკეთონ ის, რისთვისაც ისინი აირჩიეს. ეს საქმე კი, თუნდაც საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, არის ძალიან ბევრი და თუკი პირნათლად შეასრულებ საკუთარ მოვალეობას, დრო ნამდვილად არ გეყოფა”,- ამბობს ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, რომ რეალურად იმის შემოწმება, თუ რამდენ დროს უთმობენ პარლამენტარები მუშაობას, შეუძლებელია.

სტატიაში დავით დარჩიაშვილიც საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ საახალწლო არდადეგებზე პარლამენტარები არ არიან ვალდებულნი სხდომები ჩაატარონ, თუმცა დასძენს, რომ თუ ამის აუცილებლობა იქნება, სხდომები აუცილებლად ჩატარდება.

ძირითადი აქცენტები კვირის პრესაში სოციალურ თემატიკაზე კეთდება - გაზრდილ გადასახადებზე, უმუშევრობის პრობლემებზე და სახელისუფლებო საახალწლო დანახარჯებზე... აგრეთვე, პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე, ოპოზიციის მოწოდებებზე გაერთიანებისკენ...

უნდა წავიდეს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ბელორუსიის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს, ინაუგურაციაზე? ამაზე „ახალი თაობა“ 14 იანვარს წერს. მისი დასკვნით, იმის გამო, რომ დასავლელმა ლიდერებმა არჩევნები ბელორუსიაში უარყოფითად შეაფასეს, პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს, მაგრამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა რომ არ გაფუჭდეს, ინაუგურაციაზე ვინმე სხვა, მაღალი თანამდებობის პირი, უნდა გაიგზავნოს. „ახალი თაობა“ იმავე ნომერში აღნიშნავს, რომ შარშან საპროცესო გარიგებით ქვეყნის ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი შესულა, ხოლო კონცერტი ბათუმში, გაზეთის დაუზუსტებელი ცნობით, 25 მილიონი ლარი დამჯდარა. გაზეთები ასევე წერენ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის გართულებულ ურთიერთობაზე და იმაზე, თუ რა შესაძლო გავლენებს იქონიებს ეს ფაქტორი კონფლიქტურ ზონებში არსებულ მდგომარეობაზე.

„ახალი თაობა“ გვამცნობს, რომ, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ხელისუფლების ეკონომიკური კურსის მთავარი მიმართულებები არარეალისტურია, რადგან, მისი აზრით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ტურისტული ზონების მოწყობა ვერ გამოდგება. ზვიად ძიძიგური ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტზე, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს ცხოვრება სულ უფრო უჭირთ, რადგან ხელისუფლება იაფი პროდუქციის იმპორტს უჭერს მხარს, რაც გლეხებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

მძიმე სოციალურ ვითარებაზე გაკეთებული აქცენტების ფონზე „24 საათი“ წერს სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენის დადებითად შეფასებასა და 135 მილიონდოლარიან დამატებით საკრედიტო ტრანშზე (უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის სათაურში მითითებულია 135 მილიონი, ხოლო თავად სტატიის ტექსტში - 153 მილიონი დოლარი). სავალუტო ფონდის შეფასებებს „24 საათის“ სტატიაში ახლავს გამოხმაურება პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა, რომელიც მადლობას უხდის სავალუტო ფონდს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი კი აღნიშნავს რომ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების აუცილებლობის წინაშე აღარ დგას. ამიტომაც არის, როგორც ჩანს, ეს დახმარება შედარებით მცირე. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ეს არის’არა-აქტიური’ დახმარება, რომელიც, ძირითადად, ტექნიკური პროგრამების გაუმჯობესებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG