Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 12 იანვარი 2011


ქართული გაზეთების პირველ გვერდებზე დღეს ყველგან შეხვდებოდით სტატიას სასწავლო ცენტრ ”კრწანისში” მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. "ამ ეტაპზე რთულია თქმა, რა გარემოებებში მოხდა და რამ გამოიწვია აფეთქება. წინასწარი ვარაუდით კი შეიძლება ითქვას, რომ აფეთქება გამოიწვია ან შეიარაღების ტექნიკურმა გაუმართაობამ, ან პერსონალის დაუდევრობამ", - უთხრა სამხედრო ექსპერტმა გიორგი მელითაურმა "ვერსიას". მან ასევე უფრო ფართოდ გადახედა სიტუაციას: "ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტექნიკური შეიარაღების უმეტესობა გაუმართავია. სავალალო მდგომარეობაშია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ასევე სატანკო ქარხანა, რომელშიც საარტილერიო დანადგარებია. სარემონტო საამქროები ელემენტარული რესურსების უკმარისობას განიცდის... თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფოსგან დაფინანსება საკმარისზე მეტი აქვს, თუმცა არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი კადრები”.

ქართული პრესა დღეს ასევე ბევრს წერს ვლადიმერ სანაკოევის შესახებ, რომელმაც თავი "ფე-ეს-ბეს" აგენტად გამოაცხადა. ”ახალი თაობა” მის პერსონას ასე აღწერს: „ვლადიმერ სანაკოევი დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი იყო. სანაკოევი ერთი პერიოდი საკმაოდ აქტიურობდა, თუმცა შემდეგ სცენიდან გაქრა. რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი ისე გააქტიურდა, რომ ბოლოს ავანსცენაზე გამოჩნდა და „ფე-ეს-ბეს“ დავალებების შესრულებაც დაადასტურა.“ ”ახალი თაობა” წერს: "საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასერიოზულად აღიქვამენ ვლადიმერ სანაკოევის საუბარს საქართველოში გარკვეული პროცესების შეცვლაზე. უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თავად ნევროლოგია და კარგად ხვდება, რომ საქმე აქვს ფსიქიკურ ავადმყოფთან... უმრავლესობის წევრები იმასაც ამბობენ, ვლადიმერ სანაკოევის ნაამბობზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ჭირსო. პუბლიკაციის სათაურია: ”ვლადიმერ სანაკოევი - ფეესბეს აგენტი“.

”რეზონანსი” ვლადიმერ სანაკოევს ”ფანდარასტ 007”-ად მოიხსენიებს. ასეთია სტატიის სათაური, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, მართლაც აგენტი იყო თუ არა სანაკოევი და რისთვის დასჭირდა ამ განცხადების გაკეთება. კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთს უთხრა: "რუსების მთავარი ამოცანა იყო, გაეჩერებინა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგი, მოლაპარაკებების პროცესი, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ოსებმა და აფხაზებმა დაიჯერეს ახალი საქართველოსი, რევოლუციის შემდგომი საქართველოსი; მიენდნენ საქართველოს და დაიწყეს საქართველოსთან საერთო ენის გამონახვა, რაც რუსებს ხელს არ აძლევდა. სანაკოევის პროექტმა ქართულ-ოსური ურთიერთობები დაანგრია და ყოველგვარი კავშირები შეწყვიტა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სანაკოევის პროექტი მთლიანად რუსეთის ინტერესებისთვის განხორციელდა.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG