Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებები საქართველოში


სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ ანგარიშის წარდგენა
სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ ანგარიშის წარდგენა
როდესაც ადამიანის უფლებადამცველებს ვეკითხებით, ვისი უფლება დაირღვა ყველაზე მეტად საქართველოში 2010 წელს, პირველად ყველას დევნილების გამოსახლების რამდენიმე ტალღა ახსენდება. თუმცა დევნილებით მხოლოდ იწყება უფლებადარღვეული ადამიანების ჩამონათვალი. წლის შეფასებისას ვინ საპატიმროებში არსებულ ვითარებას იხსენებს, ვინ სასამართლო სისტემაში არსებულ განუკითხაობას... მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატმა 2010 წელს ხუთი თემატური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იყო საუბარი.

გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობოების თუ სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშები ადამიანის უფლებებზე იმის ნახევარ ემოციასაც არ იწვევს, რასაც კონკრეტულ ადგილებში უფლედარღვეული, სასოწარკვეთილი ადამიანების ხილვა. ასეთ ადამიანებს რადიო თავისუფლება წლის განმავლობაში ხან სასამართლოსთან ხვდებოდა, ხან საცხოვრებლიდან მათი გამოსახლების დროს, ხან რომელიმე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, სადაც მათ მისვლა სულაც არ სურდათ.

“რა გითხრათ.. არსად არ მივდივარ. რაც მაქვს, იმასაც ვყრი. სად წავიღო? აი, ეს ლეიბები, ლოგინები... სულ ვტოვებ, ვერსად ვერ მიმაქვს..სადმე მოვკვდები, ალბათ, და ეგ იქნება.”
ეს 2010 წლის აგვისტოა. თბილისში მცხოვრებ დევნილებს დედაქალაქიდან სამეგრელოს სოფლებში ასახლებენ.

”წლის და ორი თვის ბავშვი მყავს, სად წავიყვანო ამ ზამთარში ცოლ-შვილი... ამათ ნაძვის ხეები დაიდგეს აქ და ჩვენ ქუჩაში ვრჩებით. რატომ არ გჯერათ, ხალხნო, ჩვენი...”
ეს უკვე დეკემბრის ბოლოა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დევნილთა ახალ ნაკადს გამოსახლება 15 იანვრამდე გადაუტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს უფლედამცველების შეფასებები შედარებით უფრო კრიტიკული იყო, ვიდრე წელს, - მაგალითად, პოლიტპატიმრების საკითხში, - ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვითარება მნიშვნელოვნად არც წელს შეცვლილა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი განვლილ წელს ასეთ შეფასებას აძლევს:

”წლები გადის, ჩვენ კი უფრო დაბლა ვეცემით. არაერთი პარამეტრი უჩვენებს, რომ საქართველოში, ადამიანის უფლებების მხრივ, ვითარება ძალიან რთულია. სასამართლო სისტემა, მედიაში არსებული მდგომარეობა, დევნილთა მდგომარეობა... ყველა ამ და სხვა საკითხებშიც ვითარება, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაუარესებულია.”

მას მაგალითად მოჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც სასამართლომ 26 172 საქმე განიხილა, გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 3 საქმეზე გამოიტანა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 9 საქმეზე.

2010 წლის აგვისტო, დევნილების გამოსახლების ხმაურიანი პროცესის გარდა, ქსნის კოლონიაში პატიმრების ცემის ფაქტითაც იყო გამორჩეული. ლაშა გეთიაშვილსა და ზურაბ ხაჩიძეს სასტიკად სცემეს. მათი ადვოკატი ნანა ფილაური ჩვენთან საუბარში ამ ამბავს ასე მოგვითხრობდა:

”შესულან სპეცრაზმის თანამშრომლები, დაახლოებით ასამდე ადამიანი, და სასტიკად უცემიათ.. თან ეუბნებოდნენ თურმე, სამშობლოს მოღალატეებო, ვერ გიშველით სტრასბურგის სასამართლოო.”

საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ასეთ ფაქტს სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლობა ან უარყოფდა, ან ამბობდა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წლის ბოლოს სპეციალური ანგარიშით გამოეხმაურა:

”ძალიან მძიმე სურათი რჩება რიგ დაწესებულებებში, მაგალითად, ზუგდიდის, ბათუმის დაწესებულებებსა და თბილისის #1 საპყრობილეში, რომელთა ლიკვიდაცია, ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდა და ვერ მოხერხდა მათ მაგივრად ახალი დაწესებულების გახსნა. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული ძვრებია. ერთადერთი, სტომატოლოგიური კაბინეტები გაკეთდა და ეს არის პროგრესი. რეჟიმზე შემიძლია ვთქვა, რომ, ჩვენი აზრით, ბევრგან არის გაუმართლებელი შეზღუდვები.”

როცა უფლებებზე ვლაპარაკობთ, 3 დეკემბერიც უნდა ვახსენოთ. მსოფლიო ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს აღნიშნავს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ ადამიანების მიმართ ასეთია:

”ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, ეს ადამიანები არ გრძნობდნენ თავს გარიყულად და სწორედ ამას ემსახურება ახალი სამთავრობო გეგმა, ჩვენი რეფორმები და სტრატეგია”, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე.

ამავე ღონისძიებაზე მიწვეული გოჩა ფილაური კი, რომელიც 25 წელია ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, გვეუბნება, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ასეთ ”გამოსაჩენ ”ადგილებში, სადაც ყოველ წელს ერთი და იგივე გვესმის, საერთოდ არ მივიდოდიო:

”რა არის ინტეგრაცია? მოგვიყვანენ ასე რომელიმე საერთაშორისო დღეს, ვუსმენთ ერთი და იგივეს, ტრიბუნიდან ვიღაც ბიძიები ლამაზ სიტყვებს გვეტყვიან და ამით მთავრდება ყველაფერი...”

სხვათა შორის, 2010-ში სახალხო დამცველის ოფისმა ინსტიტუციებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობებიც შეისწავლა. მონიტორინგში დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია სადრაძეც მონაწილეობდა, ისიც ინვალიდია:

”ჩვენ შეგვხვდა ერთი ბენეფიციარი, 9 წლის ბავშვი, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა ყურში და დაჰყავდათ ჩვეულებრივ სკოლაში. ბავშვი იყო აბსოლუტურად ჩამორჩენილი, გონებრივად 2-3 წლის ბავშვის შესაძლებლობები ჰქონდა.”

ის, რაც მონიტორინგის ჯგუფმა ნახა, გიორგი ტუღუშის შეფასებით, უბრალოდ, კრიტიკას ვერ უძლებს.

სახარბიელო სურათი 2010 წელს არც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იყო
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე, რომელიც წლებია ამ სფეროს მონიტორინგშია ჩაბმული, სასიკეთო ცვლილებებზე ვერც წელს ამბობს რასმე:

”პრობლემად რჩება ის, რომ პაციენტების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, სამუდამოდ რჩება ამ დაწესებულებებში. მკურნალობის კურსი არის ერთფეროვანი და მხოლოდ ფარმაკოთერაპიას ეფუძნება. პაციენტების დიდმა უმრავლესობამ არ იცის, რას ემსახურება მათი მკურნალობა და რა შედეგი ექნებათ რამდენიმე თვესა თუ ერთ წელში”...

მიმოხილვის ბოლოს უნდა ვახსენოთ რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს და რომელიც მოიცავდა პერიოდს 2009 წლის 1 ივლისიდან 2010 წლის 30 ივნისამდე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას ხელს უწყობს, ქვეყნის მთავრობა კი ამ თავისუფლების პრაქტიკულ განხორციელებას, ძირითადად, მხარს უჭერს. თუმცა, „ისევე როგორც წინა პერიოდებში, მთავრობის ქმედებები, ძირითადად, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებზე იყო კონცენტრირებული და ამის გამო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონების დანერგვა შენელდა.“

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე საქართველოდან კვლავ იყო ინფორმაცია საზოგადოების მიერ რელიგიური ნიშნით წარმოებულ შევიწროებასა თუ დისკრიმინაციაზე. „იყო ცნობები შევიწროების ფაქტებზე თბილისში და თბილისის გარეთ, რეგიონებში, ადგილობრივი მოქალაქეების, მთავრობის წარმომადგენლების და მართლმადიდებელი პროვოკატორების მონაწილეობით.“ ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავ გადაუჭრელი რჩება სისტემური პრობლემები, როგორიცაა ეკლესიის ქონების დაბრუნების საკითხი, რელიგიურ მიმდინარეობათა კანონიერი რეგისტრაციის თემა, უთანასწორო კანონმდებლობა და არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფების ნეგატიურად წარმოჩენა მედიაში.

2010 წლის მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები - მათ შორის, ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების, როგორიცაა ”ჰუმან რაითს ვოჩი”, ”საერთაშორისო ამნისტია”, ”ობსერვატორი” და სხვები, - უკვე 2011 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG