Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სამიტის და ღვედების გადაჭერის კვირა


ეუთოს სამიტი ასტანაში
ეუთოს სამიტი ასტანაში
კვირა დაიწყო იმით, რომ ორგანიზაცია „ვიკილიკსმა“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა დაახლოებით 250 000 აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრებსა და მსოფლიოს ლიდერებისა თუ პროცესების შესახებ მათ გულწრფელ შეხედულებებს ასახავს. საქართველოში, ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მიმოწერამ, რომელიც სწორედ საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებს ეხებოდა. კვირის მიმოხილვის ფარგლებში, ამ დოკუმენტების გაცნობას ახლა ვერ ვახერხებთ, თუმცა შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლებას ვრცელი რეპორტაჟი აქვს მომზადებული სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და მისი ნახვა ჩვენს ვებსაიტზე შეიძლება.

კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ეუთოს სამიტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა პირველი მსგავსი ღონისძიება იყო 11 წლის განმავლობაში. ღონისძიების მთავარ თემას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები წარმოადგენდა. ამ კონტექსტში განიხილეს რეგიონალური კონფლიქტების პრევენციის, შუამავლობისა და გადაწყვეტის გზები. საქართველო ამ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა.

არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისა თუ ეუთოს მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ. აქტიურ მხარდამჭერთა შორის იყვნენ: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი სამიტის მონაწილეებს მოუწოდა ასტანაშივე გადაეჭრათ საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის აღდგენის საკითხი.

ასტანის სამიტზე უნდა მიეღოთ საბოლოო დოკუმენტი, სადაც ორგანიზაციის სამომავლო გეგმები ევროატლანტიკური და ევრაზიული უსაფრთხოების განმტკიცების ჭრილში განიხილებოდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დასთმობოდა რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის თემას. რუსეთი წინასწარვე აცხადებდა, რომ ხელს არ მოაწერდა ასტანის სამიტის საბოლოო დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუკი მასში ლაპარაკი იქნებოდა ”კონფლიქტზე საქართველოში”.

საბოლოოდ, ეუთოს ასტანის სამიტზე დეკლარაცია 9 საათის დაგვიანებით განახლებულ სხდომაზე მიიღეს. ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწეული კონსენსუსის შესახებ საზეიმო განცხადება თბილისის დროით დაახლოებით ღამის 10 საათზე გააკეთა სამიტის მასპინძელი ქვეყნის - ყაზახეთის - პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა. განახლებულ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა მეტად მნიშვნელოვანი, ისტორიული დეკლარაციის მიღების თაობაზე დიდი მადლიერება გამოხატა.ეუთოს წევრი ქვეყნების ნაწილი კი უკმაყოფილო იყო რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო. უკმაყოფილება გაიზიარა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა.

ეს, რაც შეეხებოდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ქუჩებში, განსაკუთრებით მანქანებში კი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც 1 დეკემბერს შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის. ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება. ცვლილებას ქართველი მძღოლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.

ღვედების გაკეთებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი სტატისტიკა გახლავთ. კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაკვეთით ნატა ჯავახიშვილმა ჩაატარა, ირკვევა, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა მაჩვენებელი საშუალო ევროპულზე მაღალია:

როგორც ჩანს, ტრანსპორტის - ამჯერად უკვე საზოგადოებრივის - შესახებ მსჯელობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, ფინანსური კუთხით. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ორშაბათიდან 50 თეთრი იქნება. მგზავრობის საფასურის გაზრდას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება საწვავზე ფასების მომატებით ახსნა. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, ლევან კოპლატაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს - მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG