Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 19 ნოემბერი 2010


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს ნატოს ლისაბონის სამიტის წინ აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ რა მოხდება, სააკაშვილი რომ სადმე კულუარებში მედვედევს გადაეყაროს. გაზეთს მოჰყავს ნატოში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის დმიტრი როგოზინის განცხადება, ლიდერების შემთხვევით შეხვედრას შეიძლება სკანდალი მოჰყვესო. როგოზინის ამ სიტყვებზე კომენტარს ”რეზონანსთან” საუბარში ზურაბ აბაშიძე აკეთებს, რომელიც ამბობს, ეს არასერიოზული განცხადებაა: როცა ქვეყნის მეთაურებს არ უნდათ ერთმანეთთან შეხვედრა, როგორც წესი, ცდილობენ, რომ არ შეამჩნიონ ერთმანეთი და თავი აარიდონ. ამ შემთხვევაში ნატოს პროტოკოლი ისე შედგება, რომ არ მოხდეს მსგავსი რამო.”

რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების დაპირისპირებას, „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს ”ხალხის პარტიის” ლიდერ კობა დავითაშვილთან, რომელიც ერთგვარად აკრიტიკებს სახალხო კრებას. ”კრებაში რომ აცხადებენ, პოლიტიკოსები არ ვართო, უკაცრავად, მაგრამ რადგან საკუთარ თავზე ასეთი განცხადებების კეთების პასუხისმგებლობა აიღეთ, ე.ი. პოლიტიკოსებიც ხართ და პროცესზე პასუხიც მოგეთხოვებათ”, - ამბობს დავითაშვილი. შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის ზოგიერთის პათოსი, 10 კაცის სისხლი უნდა დაიღვაროს, ათასი რომ გადარჩესო, კობა დავითაშვილი ასე პასუხობს: "საერთოდ, რევოლუციის მოწინააღმდეგე არ ვარ. ერთ-ერთში მონაწილეობაც მიმიღია. უბრალოდ, მინდა ჩემს უფროს კოლეგებს რაღაც ვუთხრა, არჩევნების გარეშე, შუა პოლიტიკურ სეზონში კი ხალხი მხოლოდ სტიქიურად თუ გამოსულა და არა ორგანიზებულად. კრების მომხრეები ხშირად სხვა იდეების მიმართ ნიჰილიზმს ამკვიდრებენ. ვურჩევ, ამას თავი დაანებონ. კარგი მოლაპარაკებაც ხელოვნებაა.”
”ახალ თაობაში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს ქუთაისის ყოფილ მერ თემურ შაშიაშვილთან, რომელიც ქუთაისის მეორე დედაქალაქად გამოცხადებას აპროტესტებს. "საქართველოს არც ერთ კუთხე-კუნჭულში არ იქნება დიდი სიხარული იმის გამო, რომ ქუთაისი უნდა იყოს მეორე დედაქალაქი. ეს ყველას ეწყინება. ყველა ჩათვლის, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქი მისი ქალაქი უნდა იყოს. ქუთაისი აქამდე ყველას უყვარდა. ახლა მას უპირიპირებენ მთელ საქართველოს”, - ამბობს შაშიაშვილი.
ბოლოს სპორტიც ვახსენოთ. ”24 საათში” წაიკითხავთ ინტერვიუს ყოფილ ფეხბურთელ და მწვრთნელ გია გურულთან. ის საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზე აკეთებს კომენტარს და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ღირსებებს აღნიშნავს: ”მან ბოლო წუთებამდე უშეღავათოდ მებრძოლი, მობილური და მეტოქის კარზე დაგეშილი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც ნამდვილად აქვს მომავალი. ყველა ხედავს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და უმატებს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, აცალონ ქეცბაიასო”, - ამბობს გია გურული ”24 საათთან” საუბარში.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG