Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 20 ოქტომბერი 2010


პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს დიდ ადგილს უთმობს პროდუქტის ფასებზე მსჯელობას. მოწინავე სტატიის სათაურია: „1 კილოგრამი ხორცი 15 ლარი“ ეღირება. გაზეთი წერს ხორცის ფასის სავარუდო გაძვირების მიზეზებზეც - „რეზონანსის“ ცნობით, ადრე ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს სერტიფიცირებული ვეტერანები გასცემდნენ, ამიერიდან კი ამ დოკუმენტს მხოლოდ რამდენიმე სასაკლაო გასცემს. თბილისთან ყველაზე ახლოს ნატახტარში გახსნილი ხორცგადამამუშავებელი კომბინატია, სადაც ხორცი 9 ლარ-ნახევარი ღირს და ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების მერე საბითუმო ღირებულება 15 ლარს მიაღწევსო. გაზეთი, ლეიბორისტ გიორგი გუგავაზე დაყრდნობით, წერს, ამით იმპორტირებულ ხორცს შეექმნება სასათბურე პირობებიო.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ზოგადად საკვებზე ფასების მატების შესახებ. გაზეთი წერს, ოფიციალური ინფორმაციით, კვების პროდუქტები 15-30 პროცენტით გაძვირდა, თუმცა, სხვა მონაცემებით, ფასები რეალურად 40-დან 150 პროცენტამდეა გაზრდილიო. გაზეთის ცნობით, განსაკუთრებით გაძვირდა კარტოფილი, ნიორი, ვაშლი და წიწიბურა.

„ვერსიაში“ ნახავთ რამდენიმე ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკოსთან. სათაურად კვლავ სისხლისღვრით სპეკულაციაა გამოტანილი. ამჯერად სოზარ სუბარმა უთხრა გაზეთს: ოპოზიცია აქამდე ხელისუფლების უსინდისობისა და იმის გამო აგებდა, რომ სისხლის ღვრაზე არ მიდიოდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე კი: ”თქვენ მზად ხართ, სისხლის ღვრაზე წახვიდეთ?”, ასე პასუხობს: „სისხლის ღვრა საჭირო არ არის, თუკი ხელისუფლება შენს ძალას ხედავს. დღეს გაცილებით რადიკალურ ქმედებებს უნდა მივმართოთ. ეს რადიკალიზმი კი აუცილებლად სადმე შევარდნას არ გულისხმობს. მთავარია, გადაწყვეტილება ერთსულოვანი და უკომპრომისო იყოს. ჩვენ ყველა პრინციპულ საკითხში ერთსულოვნება გვაქვს."

ამ ინტერვიუების დიდი ნაწილი დღეს „ვერსიაშიც“ და „ახალ თაობაშიც“ ეძღვნება მსჯელობას იმაზე, თუ როგორ აღარ მიიღებენ პარტიები სხვის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას. სუბარი ამბობს, რომ სხვის მოედანზე აღარ ითამაშებენ, ანუ არ მიიღებენ მონაწილეობას ფორუმის მიერ 4 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში და არ გავლენ 25 ნოემბერს ეროვნული კრების ყრილობაზე.

იმავე „ვერსიაში“ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს სათაურადაა გამოტანილი მისი ფრაზა, სხვის დაგეგმილ პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ მივიღებთო და აქვე თინა ხიდაშელიც ამბობს, თუ რატომ არ უნდა შეიქმნას ერთობის ყალბი ილუზია.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG