Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 14 ოქტომბერი 2010


ქართული გაზეთები დღეს, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველაზე მეტს ახალი ”ქართული პარტიის” შესახებ წერდნენ. ჩვენც აქედან დავიწყებთ.

”ყველა სიახლე” დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით "მოჰყვება თუ არა ოქრუაშვილის კიდევ ერთ პოლიტიკურ აღდგომას ახალი პოლიტიკური გასროლა". გაზეთი წერს: "თუ პომპეზურ პრეზენტაციას საკმაოდ ფეშენებელურ პარტიულ ოფისსაც დავუმატებთ, აშკარაა, რომ ბოლო ხანს ქართული ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, უსახსრობა, ახალ ორგანიზაციას არ აწუხებსო” და პარტიის მომავალს ასე აფასებს: "ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს იმასაც, დღეგრძელი თუ გამოდგება ახალი პარტიის მოღვაწეობა, რადგან მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მარტო ირაკლი ოქრუაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის ამბიციებს ემსხვერპლოს ის კეთილი მიზნები, რასაც პარტიის ლიდერები სახავენ.”

პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ეროსი კიწმარიშვილთან, ინტერვიუს ”ახალ თაობაში” ნახავთ. ის ამბობს: "ჩვენი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაა. არა ისე, როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლების მიერ ხდება: ერთი მხრივ, საუბარი, რომ ისინი მზად არ არიან ამ საუბრისთვის და, მეორე მხრივ, საუბარი კულუარულად. ჩვენ გვექნება ღია დიალოგი, რადგანაც ვთვლით, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.”

”ალია” კი უბრუნდება პარტიის პრეზენტაციას და დეტალებს დაწვრილებით გვაცნობს. აი, ამონარიდი სტატიიდან: "მოდიაააან! - ისმის შემოსასვლელში. ჟურნალისტების დიდი ტალღა უცებ მიექანება, მაგრამ გაჩეჩილაძე, კიწმარიშვილი, გუნცაძე და სუბარი ხმას არ იღებენ. ყოჩაღ, ბიჭებო, ეგეც გისწავლიათ. აბა, ტრიბუნამდე მისვლამდე თუ ყველაფერი დაფქვით, იქ რაღაზე უნდა ილაპარაკოთ? დარბაზის სიღრმეში პურ-მარილია გაშლილი, ანუ ალა-ფურშეტი. სტუმრები გემრიელად მიირთმევენ, თან წვენებს აყოლებენ. ჟურნალისტებს არავინ ეუბნება, თქვენც მიირთვითო. ვაა... საიდანღაც ტოლმის სუნიც მოდის."

მხოლოდ ქართული პარტიითაც რომ არ შემოვიფარგლოთ, „ალია“ ასევე წერს, რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ რუსთაველში "აგვისტოს ხუთი დღის" დახურული პრეზენტაცია ჩატარდაო. „ალია“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს: ფილმის ჩვენების დღეს თავი მოიყარა ყველა მინისტრმა. პრეზიდენტსაც ელოდნენ, თუმცა ის არ მივიდაო. მეორე ინფორმატორს კი „ალიასთვის“ ასე უთქვამს: სააკაშვილი პრეზენტაციაზე იმიტომ არ მივიდა, რომ მან პირდაპირ განუცხადა პაპუნა დავითაიას: "ფილმი არ მომწონს, არ არის სპეცეფექტები და არ არის ჰოლივუდის სტანდარტიო."
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG